Facebook Twitter
საქმე #160310116001403683






#ბს-235-235(2კ-18) 7 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. დ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 21 ივნისს ზ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ 1998 წლის 29 დეკემბრის #28 განაცხადის საფუძველზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: სარეგისტრაციო ზონა - მარნეული ..., სექტორი - ქ. მარნეული ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., ფართობი - ... 36 კვ.მ, განხორციელებული რეგისტრაციის, ასევე 2003 წლის 15 სექტემბერის #33445 განაცხადის საფუძველზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: სარეგისტრაციო ზონა - მარნეული ..., სექტორი - ქ. მარნეული ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., ფართობი - 41 კვ.მ, განხორციელებული რეგისტრაციის, ასევე 2007 წლის 25 ივლისის #... განაცხადის საფუძველზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: სარეგისტრაციო ზონა - მარნეული ..., სექტორი - ქ. მარნეული ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი ... - ფართობი 24 კვ.მ, განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისთვის დ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ გასხვისების უფლების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით ზ. ქ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის #... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა დ. დ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე - ს/კ ... გასხვისების უფლების რეგისტრაცია, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ დ. დ-ი, ვ. დ-ი, ლ. შ-ე და ვ. ქ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 1998 წლის 29 დეკემბრის #28 განაცხადის საფუძველზე, განხორციელებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი: სარეგისტრაციო ზონა - მარნეული ..., სექტორი - ქ. მარნეული ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., ფართობი - ... 36 კვ.მ; 2003 წლის 15 სექტემბერის #33445 განაცხადის საფუძველზე, განხორციელებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: სარეგისტრაციო ზონა - მარნეული ..., სექტორი - ქ. მარნეული ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., ფართობი - 41 კვ.მ; 2007 წლის 25 ივლისის #... განაცხადის საფუძველზე, განხორციელებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: სარეგისტრაციო ზონა - მარნეული ..., სექტორი - ქ. მარნეული ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი ... ფართობი - 24 კვ.მ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის #... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და ვადაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. დ-მა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დ. დ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. დ-მა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორმა - დ. დ-მა აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები არასწორადაა შეფასებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება და ტექბიუროში არსებული მასალები. ასევე, არასწორად იმსჯელა 1998 წლის 29 დეკემბრის ამონაწერის თაობაზე. კასატორმა არასწორად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ტექბიუროს ჩანაწერი დღემდე ძალაშია და არ გასაჩივრებულა. ასევე, არასწორად შეაფასა ტექბიუროს ჩანაწერი.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვის, რომ დ. დ-ი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. ასევე, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 აგვისტოს მომზადებულ წერილზე.
კასატორებმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითეს „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნეს, რომ ნებისმიერი სააღრიცხვო ბარათი უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ იურიდიულ ძალას იძენდა უფლებამოსილი პირის - რეგისტრატორის მიერ ხელმოწერისა და ბეჭდით დამოწმების შემდეგ.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლზე, რამდენადაც 1999 წლის 19 აპრილს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში განხორციელებული აღრიცხვების დროს უკვე მოქმედებდა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 3.1 მუხლის შესაბამისად (1996 წლის რედაქციით), საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამდენად, დგინდება, რომ უკვე შექმნილი იყო რეესტრის ერთიანი სამსახური და ამ პირობებში ტექ. ბიუროს აღრიცხვა კანონშეუსაბამოა.
კასატორების განმარტებით, აღნიშნული დროისათვის ტექნიკური აღრიცხვის ბიურო წარმოადგენდა ცალკე სუბიექტს, მასში დაცული მასალები არ იყო ცნობილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის. ტექნიკური ბიუროს ფუნქცია-მოვალეობებს აღნიშნული პერიოდისათვის წარმოადგენდა მხოლოდ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში უკვე არსებული უძრავი ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია და არა ახალი საკუთრების უფლების წარმოშობის აღრიცხვა. უფლების რეგისტრაციას ახორციელებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ვინაიდან, დ. დ-ის და ა. ქ-ის 1999 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებები მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი არ ყოფილა, მათ საფუძველზე ტექნიკურ ბიუროში განხორციელებული აღრიცხვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რეგისტრირებულ მონაცემად.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ზ. ქ-ის სარჩელი მიმართული არ უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რამდენადაც 1999 წლის 19 აპრილსა და 2003 წლის 10 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებები გამორიცხავს ერთმანეთს, ხოლო უფლების დამდგენი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება მარეგისტრირებელ ორგანოს. კასატორების მოსაზრებით, დავა შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გამყიდველსა და მყიდველებს შორის წარმოშობილ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს, რომლის მონაწილეც არ შეიძლება იყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
დ. დ-ის მიერ 2007 წლის 25 ივლისსა (#...) და 2016 წლის 25 აპრილს (#...) განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, 2016 წლის 28 აპრილის #... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი გაჩუქებულ იქნა ვ. დ-ზე, რომელმაც, თავის მხრივ, 2016 წლის 4 აგვისტოს ფართი მიჰყიდა დ. ბ-ს (გადაწყვეტილება #...). კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები ძალაში მყოფ დოკუმენტებს წარმოადგენს. შესაბამისად, დგინდება, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ვერანაირ სამართლებრივ სიკეთეს ვერ შეუქმნის მოსარჩელე მხარეს, რადგანაც უძრავი ნივთი უკვე გასულია დ. დ-ის საკუთრების სფეროდან, რომელსაც, თავის მხრივ, 41 კვ.მ. ფართზე (ს/კ ...) საკუთრების უფლება წარმოეშვა 2003 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ დოკუმენტის მიმართ კი დ. დ-ს გააჩნდა კანონიერი ნდობა.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კასატორებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი საჩივრის განხილვა, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება. შესაბამისად, კანონიერია აღნიშნული გადაწყვეტილება და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტისა და 16 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. დ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1999 წლის 19 აპრილს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, ლ. შ-ემ და ვ. ქ-მა მათ საკუთრებაში არსებული ქალაქ მარნეულში, ... ტერიტორიაზე მდებარე ... ½ ნაწილი სასარგებლო ფართი 19,83 კვ.მ. მიჰყიდეს დ. დ-ს, ხოლო ½ ნაწილი სასარგებლო ფართი 19,83 კვ.მ. - ა. ქ-ს. აღნიშნული ხელშეკრულებები დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, ამასთან, დარეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სასამართლოების განმარტება მასზედ, რომ სახელმწიფომ 1997 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში - საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა. დარგის ადმინისტრირების მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი შეიქმნა, მიუხედავად ამისა, ტექბიუროები, რომლებიც თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო, განაგრძობდა არსებობას და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებების რეგისტრაციას. შესაბამისად, სახეზე იყო ფუნქციათა დუბლირება, ანუ ერთი და იმავე ფუნქციას რეალურად სხვადასხვა უწყებები ასრულებდნენ ისე, რომ მათ შორის არ არსებობდა კოორდინაცია. იმავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლი მიუთითებდა საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროების მიერ განხორციელებაზე.
შესაბამისად, როგორც ლ. შ-ისა და ვ. ქ-ის, ისე ა. ქ-ისა და დ. დ-ის საკუთრების უფლების ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულებების რეგისტრაცია მიჩნეულ უნდა იქნეს ძალაში მყოფ მონაცემად, რომელიც არსებითად არ ეწინააღმდეგება მათი რეგისტრაციის დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის დებულებებს.
განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთი გასაჩივრებული აქტია 1998 წლის 29 დეკემბრის #28 განაცხადის საფუძველზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი: სარეგისტრაციო ზონა - მარნეული ..., სექტორი - ქ. მარნეული ..., კვარტალი - .., ნაკვეთი - ..., ფართობი - ... 36 კვ.მ. განხორციელებული რეგისტრაცია. 1998 წლის 29 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეებად მითითებულნი არიან ლ. შ-ე და ვ. ქ-ი, ხოლო უძრავი ნივთის უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ტექნიკური პასპორტი, ნასყიდობის ხელშეკრულება და კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“. 2003 წლის 4 სექტემბრის ამონაწერის თანახმად კი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად მითითებულია ... (ნაკვეთის წინა ნომრად ...). ამონაწერი რაიმე ინფორმაციას შენობა-ნაგებობის შესახებ არ შეიცავს. საკუთრების საგნად მითითებულია მაღაზიისათვის გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 41 კვ.მ. ფართობით. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია #28/98 მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 1998 წლის 29 დეკემბერს.
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის შესაბამის ნორმებსა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე მითითებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს სააღრიცხვო ბარათი. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრში 1998 წლის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთზე არ მოიპოვება სააღრიცხვო ბარათი, ასევე აღნიშნული პერიოდისათვის მიწის ნაკვეთის გრაფიკული ასახვა, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით შეუძლებელია დადგინდეს 1998 წლის 29 დეკემბერს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. შ-ისა და ვ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას რა დოკუმენტებით იხელმძღვანელა საჯარო რეესტრმა. ასევე, რა დოკუმენტების საფუძველზე მოიპოვეს მათ საკუთრების უფლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ასევე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ #28/98 მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ვერ იქნება საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი თანახმად „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 17.1 მუხლისა, რომლის მიხედვითაც, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით და ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. იმავე კანონის 19.2 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
იქიდან გამომდინარე, რომ ა. ქ-ის საკუთრების უფლების ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულებების რეგისტრაცია ძალაშია, მის მიმართ მოქმედებს რეგისტრაციის კანონიერებისა და უტყუარობის პრეზუმცია. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეასფასეს, რომ ლ. შ-ისა და ვ. ქ-ის სახელზე 2003 წლიდან რეგისტრაციის განხორციელება რეგისტრაციის მომენტიდან ლახავს ა. ქ-ის საკუთრების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. დ-ს საკასაციო საჩივარზე 29.12.2017წ. საგადახდო დავალებით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 10.04.2018წ. #11084 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. დ-ს (პ/ნ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. დ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
3. დ. დ-ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.12.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.04.2018წ. #11084 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი