010310015001095047
ბს-863-859(კ-17) 21 ივნისი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა პ. ვ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ვ-ამ 09.09.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 09.06.2015წ. გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.08.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.05.2015 წ. განჩინებით განსაზღვრული პირობებით იპოთეკის დარეგისტრირება ქ. ბათუმის ... ქ. N5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.09.2015წ. განჩინებით პ. ვ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.02.2016წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად საქმეში ჩაერთო მესამე პირი - ი. ჟ-ა, ხოლო სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე - მ. ი-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.05.2016წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.10.2016 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 17.05.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.10.2016წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ვ-ამ.
კასატორი მიიჩნევს, რომ იპოთეკის რეგისტრაციაზე მ. ი-ის თანხმობა არ იყო საჭირო, რადგან იპოთეკა წარმოიშვა და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა უძრავი ნივთის გასხვისებამდე. მარეგისტრირებელი ორგანოს კანონშესაბამისი მოქმედების, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში, იპოთეკის რეგისტრაცია უფრო ადრე განხორციელდებოდა, ვიდრე მ.ი-ის საკუთრების წარმოშობა. სასამართლომ არ შეაფასა ი. ჟ-ასა და მ. ი-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივად უნაკლო, ამასთან არ ხდებოდა მითითება უფლებრივი ნაკლის არარსებობაზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ მ. ი-მა იცოდა ნივთის იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ დავის საგანს შეადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 09.06.2015წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ბ. ი-ის თანხმობა იპოთეკის წარმოშობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა, რომ მისი დავის საგანი იყო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 10.07.2015 წ. გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს პ. ვ-ას და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მის სასარგებლოდ იპოთეკის უფლების დარეგისტრირების დაყოვნება გამოწვეულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომით, ი. ჟ-ას მიერ ერთდროულად წარდგენილი განცხადებების არასათანადოდ გაცნობით, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის გამოუკვლევლობით, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ ქმნის მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის რეგისტრაციის დავალების საფუძველს, რადგან იპოთეკის საგანი გასხვისებულია, უძრავი ნივთის მესაკუთრე ი. ჟ-ა აღარ არის. ამჟამად უძრავი ნივთის მესაკუთრეა მ. ი-ი, რომლის თანხმობა თავის საკუთრებაში რიცხული ქონების იპოთეკით დატვირთვაზე არ არსებობს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მ. ი-ის საკუთრების რეგისტრაცია ძალაშია და სადავოდ არ არის გამხდარი, შესაბამისად კასატორის მოსაზრებები განსახილველი დავის ფარგლებში მ. ი-ის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესახებ, დაუსაბუთებელია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს მიმდინარე დავის საგანს. იპოთეკის უფლება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვის შედეგად (სკ-ის 289-ე მუხ.), მ. ი-ის მიერ უძრავი ნივთის შეძენისას ნასყიდობის საგანი იპოთეკით არ იყო დატვირთული, სწორედ აღნიშნულის გამო, იპოთეკის დარეგისტრირებისათვის საჭირო გახდა მ.ი-ის თანხმობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო პ. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. ვ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2017წ. განჩინება;
3. პ. ვ-ას (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.11.2017წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი