საქმე #330310015001104495
#ბს-299-299(კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. თ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 25 სექტემბერს ი. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტს დავალებოდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაევალებინა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, სადაც საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად მოსარჩელე იქნებოდა ი. თ-ა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს მთავრობას დავალებოდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დაევალებინა ქ. სოხუმში და დაბა გულრიფშში მდებარე უძრავ ნივთებზე ი. თ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ი. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს საბჭოთა პერიოდის მესაკუთრეობის დამდგენი საბუთების დედნები. სახლობის წიგნი, რომელიც რეგისტრირებულია მის სახელზე სოხუმის „...“ მიწის ტერიტორიულ კადასტრში ქ.სოხუმი 1987წ. და საბჭოთა წითელი პასპორტი მინაწერით მისამართზე: ქ.სოხუმი, ... #21. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა მხოლოდ მოპასუხეთა - პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრემიერ-მინისტრის კანცელარიის, ასევე, მესამე პირების განმარტებების მოსმენით. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, განმარტებები დაფუძნებულია ფალსიფიცირებულ მასალებზე, სახელმწიფო ორგანოების ფუნქციურ მოვალეობათა დამახინჯებითა და სახელმწიფო ორგანოების სტატუსისა და ვალდებულებების გაყალბებით, ასევე საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის 311-ე, 1507-ე, 1514-ე მუხლების გაყალბებით.
კასატორის მოსაზრებით, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ის უკანონოა, ვინაიდან მას წაერთვა კონსტიტუციური უფლება, კერძოდ, საქმის განხილვისას სასამართლო შემადგენლობამ თარჯიმანს არ მისცა უფლება ეთარგმნა მისთვის სასამართლოზე მიმდინარე პროცესი.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ დავის საგანი იყო ქმედების განხორციელების დავალება, რაზედაც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რის გამოც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და 85.3 მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. თ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში სარჩელი აღიძვრება იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია მოსარჩელის სასარჩელო პრეტენზიაზე, ხოლო აღნიშნული პასუხისმგებლობა გამომდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლომ, მოსარჩელე ი. თ-ას სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არაერთხელ განუმარტა არასათანადო მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის - სათანადო მოპასუხეებით - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროთი შეცვლასთან დაკავშირებით და ამის თაობაზე მოსარჩელის უარის შემთხვევაში, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგზე. სასამართლოს არაერთგზის განმარტების მიუხედავად, მოსარჩელე ი. თ-ა არ დაეთანხმა არასათანადო მოპასუხეების სათანადო მოპასუხეებით შეცვლას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში ი. თ-ას ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას და შესაბამისად, მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა და რაზედაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მას უარი განუცხადა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ უნდა შემოწმებულიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უარის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა, სადაც სათანადო მოპასუხე იქნებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ი. თ-ას სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
ამასთან, მოსარჩელე ი. თ-ას საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს არა საქართველოს მთავრობა, არამედ თვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რამდენადაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლებამოსილება სწორედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გააჩნია კანონის შესაბამისად, რომელიც ადგენს რეგისტრაციის წესს, მასზე უარის თქმის საფუძვლებს, ასევე რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ი. თ-ას მოთხოვნები მიმართული იყო არასათანადო მოპასუხეების მიმართ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე მითითებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად უთხრეს უარი ი. თ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. თ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი