Facebook Twitter

ბს-10-10(კ-18) 28 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ი-მა 27.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-661-646(2კ-14) გადაწყვეტილებაში გამოყენებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს რეგლამენტის და ამავე სასამართლოს მიერ გამოტანილი პრეცედენტული გადაწყვეტილებების - ,,ამანი შვეიცარიის წინააღმდეგ’’ და ,,ენსლი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ’’ სახელმწიფო ენაზე თარგმნილი ეგზემპლარების გადაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.10.2016წ. გადაწყვეტილებით ზ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინებით ზ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. ამასთანავე, სააპელაციო პალატის განჩინებით, ზ. ი-ს დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატის 26.10.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ი-მა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.10.2017წ. განჩინების სრულად გაუქმებას, ამასთანავე, ვინაიდან იგი გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან და მიეცა საშუალება ინტერნეტის მეშვეობით თავად მოეძებნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს რეგლამენტი, ასევე მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარები, სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე, საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე ითხოვს სარჩელის გამოხმობას და მის განუხილველად დატოვებას. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.10.2017წ. განჩინებით მისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება მისი მონაწილეობით განხილულ სხვა საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2017წ. Nბს-379-376(კ-17) და 19.10.2017წ. Nბს-958-954(კ-17) განჩინებებით დადგენილ პრაქტიკას. აღნიშნული განჩინებების მიხედვით, იმავე მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 47-ე მუხლი) საკმარისი გახდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების შესახებ განჩინებების მიღებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.01.2018წ. განჩინებით ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, ზ. ი-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე.

სარჩელის გამოხმობის შესახებ საკასაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ 26.02.2018წ. მიმართვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაავალა პოზიციის წარმოდგენა ზ. ი-ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. 07.03.2018წ. წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ დაეთანხმა შუამდგომლობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 15.03.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ი-ის შუამდგომლობა სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ 15.03.2018წ. განჩინებით საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზ. ი-ის შუამდგომლობა სსკ-ის 831მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის თაობაზე, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ დაეთანხმა შუამდგომლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 831.1 მუხლის თანახმად, სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სარჩელის გამოხმობის გამო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქმის წარმოების შეწყვეტის კანონით დადგენილი საფუძველიც, მიუხედავად იმისა, რომ კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებს საპატიმრო ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ სარჩელით მოთხოვნილი დოკუმენტაციის ქართულ ენაზე მოპოვებაზე, საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა სარჩელის გამოხმობის შესახებ შუამდგომლობაზე და არა შეწყვეტაზე, კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.10.2017წ. გასაჩივრებული განჩინებით სახელმწიფო ბაჟის სახით არ უნდა დაკისრებოდა 150 ლარი, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება მისი მონაწილეობით განხილულ სხვა საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით დადგენილ პრაქტიკას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისათვის მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შესწავლისას, სასამართლო უნდა ითვალისწინებდეს სამართლიანი ბალანსის არსებობას სახელმწიფოს ინტერესებსა (მიიღოს სასამართლო ბაჟი) და პირის ინტერესებს (შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო, საკასაციო წესით) შორის. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად, სახელმწიფოს უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის (სააპელაციო, საკასაციო საჩივრების) სასამართლო წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებები, მხარის გადახდისუნარიანობა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა ვერ ადასტურებდა მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სარჩელის წარდგენის დროისათვის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები, რის გამოც, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის გათავისუფლების შესაძლებლობაზე.

ამასთანავე, კასატორის მონაწილეობით სხვა საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებებზე მითითება ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. კასატორის მიერ მითითებულ საქმეზე საბოლოო განჩინებით საკასაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო ქვედა ინსტანციების, ან საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებების და მოსამართლის შინაგანი რწმენის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზ. ი-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ (სუს ბს-958-954 (კ-17) 16.01.2018წ. განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სსკ-ის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს. ამავე კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 15.01.2018წ. განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, მას უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%- 90 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინება;

3. ზ. ი-ს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა (გადახდის დანიშნულება _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისთვის სახელმწიფო ბაჟის თანხის 30%, ხაზინის ერთიანი ანგარიშის #200122900, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ TRESGE22).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი