საქმე #330310115001014944
#ბს-296-296(2კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. მ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 22 ივნისს ვ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბანი, ... („დაუზუსტებელი“ 1800 კვ.მ-ის სასოფლო-სამეურნეო მიწა ს/კ ...) ზ. ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული #... (27.11.2001) გადაწყვეტილების (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე), ასევე უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბანი, ... („დაუზუსტებელი“ 1800 კვ.მ-ის სასოფლო-სამეურნეო მიწა ს/კ ...) კ. მ-ის საკუთრების წარმოშობის თაობაზე #... (19.11.2004) მიღებული გადაწყვეტილების (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) და უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ... (ნაკვეთი ...; „დაზუსტებული“ სასოფლო-სამეურნეო მიწა ფართით 1800 კვ.მ. (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ (დაზუსტების შესახებ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული #... (12.11.2007) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უძრავ ნივთზე, კერძოდ, კ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით #..., (ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ... (ნაკვეთი ...); სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული მიწა ფართით 1800.00 კვ.მ.) საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით ვ. ვ-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავ ნივთზე, კერძოდ, კ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით ..., (ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ... (ნაკვეთი ...); სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული მიწა ფართით 1800.00 კვ.მ.) ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება კ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ზ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ჯ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ზ. ზ-ის უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნა მ. ჯ-ე (პ/ნ ...), თა. ზ-ი (პ/ნ ...) და თ. ზ-ი (პ/ნ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ზ. ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული #... (27.11.2002) გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღსრიცხვო ბარათზე) უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბანი, ... („დაუზუსტებელი“ 600 კვ.მ-ის - ვ. ვ-თან გადაფარვის - ნაწილში, სასოფლო-სამეურნეო მიწა ს/კ ...); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კ. მ-ის საკუთრების წარმოშობის თაობაზე #... (19.11.2004) მიღებული გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბანი, ... („დაუზუსტებელი“ 600 კვ.მ-ის ვ. ვ-თან გადაფარვის - ნაწილში, სასოფლო-სამეურნეო მიწა ს/კ ...), ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული #... (12.11.2007) გადაწყვეტილება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ (დაზუსტების შესახებ) უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ... (ნაკვეთი#...; „დაზუსტებული“ სასოფლო-სამეურნეო მიწა ფართით 600 კვ.მ-ის ვ. ვ-თან გადაფარვის - ნაწილში ს/კ ...) და მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. მ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. მ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
კასატორმა - კ. მ-მა აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ის სამართლებრივი საკითხები, საიდანაც წარმოშობილია დავა. კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციასა და სამართალურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერების პრინციპებზე. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს და განმარტეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოებმა გადაწყვეტილება მიიღეს საკითხზე, რომელიც არ წარმოადგენდა დავის საგანს. კასატორმა აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლო დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, რომელსაც კასატორი, როგორც არარელევანტურს და არასანდოს ისე განიხილავს.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ თავი აარიდა კ. მ-ის, როგორც უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტის შემოწმებას. კასატორის განმარტებით, სადავოა არა კ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, არამედ - თავად რეგისტრაციის, ჩანაწერის ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტისა და 8 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. მ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. მ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2004 წლის 19 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2004 წლის 19 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა კ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე - გარდაბანი, ..., სასოფლო-სამეურნეო მიწა დაუზუსტებელი ფართი 1800 კვ.მ. (ს/კ #...). ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით განხორციელდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების და დამატების შეტანის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ბაგები, ... (ზონა თბილისი, სექტორი ვაკე) და მომზადდა ამონაწერი, რომლის თანახმად, ქ.თბილისი, დაბა წყნეთი, ... (ნაკვეთი ...), დაზუსტებული ფართობი 1800 კვ.მ. მიწაზე (უძრავი ქონება) (ს/კ ...) რეგისტრირებულია კ. მ-ის საკუთრების უფლება.
მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია ქ. თბილისი, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორია (ნაკვეთი #...) 600 კვ.მ მიწა (უძრავი ქონება), (სარეგისტრაციო ნომერი ...) საქართველოს კანონის „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის #19.46.467 დადგენილების საფუძველზე, მშენებლობის უფლებით, აღირიცხა ვ. ვ-ის საკუთრების უფლებად და 1999 წლის 16 სექტემბერს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #1682/04/18 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ კ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო რუკებზე დატანილი კოორდინატების გათვალისიწინებით მდებარეობს ... ქუჩის მიმდებარედ, რომელიც საინფორმაციო ცენტრი „09-ის“ განმარტებით ყოფილი ... ქუჩაა. კ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო რუკებზე დატანილი კოორდინატების გათვალისწინებით მდებარეობს ... ქუჩის მიმდებარედ (ყოფილი ... ქუჩა), ხოლო ... ქუჩა მდებარეობს აღნიშნული ... ქუჩიდან დაახლოებით 4 კმ-ის მოშორებით. გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში (2/225, 11.09.02) დაფიქსირებულია მისამართი „... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიის ...“, ხოლო კ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართი არის ქალაქი თბილისი, ..., ნაკვეთი .... აღნიშნული მიწის ნაკვეთების მისამართი არ შეესაბამება გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართს. ექსპერტიზის დასკვნით ასევე დგინდება, რომ ვ. ვ-ისა და სხვათა სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს და კ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს (განცხადების რეგისტრაციის #...; #...) შორის ხდება როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული გადაფარვებიც.
იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დასტურდება, რომ კ. მ-ი ფაქტობრივად არ ფლობს იმ ნაკვეთს, რომელზეც მას გააჩნია საკუთრების უფლება და ის ფაქტობრივად ფლობს მისი კუთვნილი ნაკვეთიდან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარე ვ. ვ-ისა და სხვათა მიწის ნაკვეთებს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული მიწის ნაკვეთები შედის გარდაბნის რაიონის ... ტერიტორიულ საზღვრებში, რომელიც ექვემდებარებოდა გარდაბნის რაიონის გამგეობას, ხოლო ... ქუჩა მიეკუთვნება ქალაქ თბილისის ტერიტორიას, ასევე საქმეში წარმოდგენილი 1997 წლის 7 დეკემბრის განაშენიანების გეგმის მხედველობაში მიღებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის ზეპირი მოსმენა, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება 2004 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეებს წარმოადგენენ კ. მ-ი და ზ. ზ-ი, სასამართლო არ მსჯელობს ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებაზე, შემძენის კეთილსინდისიერებაზე, სასამართლო უთითებს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ. მ-ის მიერ შეძენილი უძრავი ქონება არ მდებარეობს ... ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ თბილისში, ანუ იქ, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არის იგი რეგისტრირებული. კ. მ-ი კი უფლებამოსილია მისი კუთვნილი - 2004 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონება დაარეგისტრიროს იქ, სადაც აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ. მ-ის საკასაციო საჩივარზე თ. ი-ს 14.03.2018წ. საგადასახადო დავალებით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.04.2018წ. #11970 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ი-ს (პ/ნ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. მ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. თ. ი-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 14.03.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.04.2018წ. #11970 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი