Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-640-640 (კს-18) 14 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შევამოწმე ლ. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2018წ. განჩინებაზე.

31.03.2017წ. ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების მიმართ, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 20.03.2017წ. №207801 და 25.03.2017წ. №226380 განკარგულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2018 წ. განჩინებით, ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2018წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი, რომლის შესაბამისად განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სასამართლოში - მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (86.1 მუხ.). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს, რომლის თანახმად განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სასამართლოში - მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსი პირდაპირ არ მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობაზე, განკარგულების სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრების შესახებ დათქმა განიმარტება იმგვარად, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2018 წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არსებითად განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ფაქტობრივად ჩამოერთვა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. აღნიშნულის გამო კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის არსებითად განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ლ. მ-ის მიმართ გამოიცა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 20.03.2017წ. №207801 განკარგულება მომდევნო კუთვნილი ხანმოკლე პაემანის აკრძალვის შესახებ და 25.03.2017წ. №226380 განკარგულება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენების შესახებ. ამავე განკარგულებებით ლ. მ-ეს განემარტა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქტის ერთჯერადად, 10 სამუშაო დღის ვადაში, გასაჩივრების უფლების შესახებ.

ლ. მ-ემ აღნიშნული დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.01.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. მ-ის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.03.2018წ. განჩინებით დაუშვებლობის მოტივით განუხილველი დარჩა სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაცვის უფლება გარანტირებულია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უზენაეს კანონს, უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

დისციპლინური გადაცდომების და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილია სპეციალური საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კანონით პატიმრობის კოდექსით.

პატიმრობის კოდექსით დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს (85.1 მუხ.). ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი (კანონის 86.1 მუხ.). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განკარგულებებით ლ. მ-ეს მართებულად განემარტა გასაჩივრების წესი, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრების წესის არასწორად განმარტება ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს პატიმრობის კოდექსით დადგენილი რეგულაცია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე განკარგულების ერთჯერადად გასაჩივრების უფლების შესახებ, რაც არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაცია შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან.

საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად ანალოგიურ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არაერთი ქვეყნის კანონმდებლობაც, ხოლო რიგი სახელმწიფოების კანონმდებლობა ახდენს დისციპლინური დარღვევის მნიშვნელობისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გასაჩივრების წესის დიფერენციაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2018წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება შესაბამისობაშია ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებასთან (სუს #ბს-948-940 (კს-16) 08.12.2016წ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2018წ. განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ლ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი