ბს-18-18(2კ-18) 21 ივნისი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. რ-მა 26.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. N62 განკარგულების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტორსა და თ. რ-ს შორის 04.08.2009წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. რ-ი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თ. რ-ს შორის 04.08.2009წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. რ-ის ფართით დაკმაყოფილების ნაწილში, „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. N62 განკარგულების ნ. რ-ის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. რ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2017წ. გადაწყვეტილება „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. N62 განკარგულების ნ. რ-ის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. N62 განკარგულება ნ. რ-ის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორმა - საქართველოს პრეზინდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება სადავო ურთიერთობის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსით დადგენილი მოწესრიგების გამოყენების შესახებ, რადგან სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით, რომელიც არ ითვალისწინებს მსგავს ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღებისას დაინტერესებული პირების რაიმე ფორმით ჩართვას. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელა დევნილთა ოჯახის შემადგენლობასა და მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
კასატორის მითითებით, მოსარჩელეების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების დადების მომენტიდან. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ დევნილს ენიშნება განსხვავებული ოდენობის შემწეობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დაენიშნათ მოსარჩელეებს, ამდენად, მათთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რაც ადასტურებს სარჩელის ხანდაზმულობას.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილთა ოჯახს და არა დევნილთა ოჯახის ცალკეულ წევრს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ მოსარჩელეს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსთვის. კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. N403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5 მუხლის თანახმად, ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესის ერთ-ერთი საფეხურია შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიქტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა და მათთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოები წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ ზემოაღნიშნული შეთავაზების მოსარჩელისათვის წარდგენას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა, მოსარჩელის უფლებების შემზღუდავი ხელშეკრულება დაიდო მისი წერილობითი თანხმობის გარეშე.
დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან ორგანოებმა ვერ მიუთითეს მოსარჩელისათვის ხელშეკრულების შინაარსის შესახებ სათანადო წყაროდან ინფორმაციის მიწოდების კონკრეტული პერიოდი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე