#ბს-278-278(2კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 29 იანვარს დ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილებისა და „დ. ს-ას წარმომადგენლის ნ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 11 მარტის #157 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილების საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმის შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით დ. ს-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 20 ოქტომბერს გაცემული #4-5/ს.ფ.-72-14 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (სააღსრულებო საქმე #A14078821), მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
მოსარჩელემ ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილების საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმის (სააღსრულებო ფურცელი #4-5/ს.ფ. 73-14) შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებით დ. ს-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქალაქ თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებულ, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 20 ოქტომბერს გაცემული #4-5/ს.ფ.-73-14 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (სააღსრულებო საქმე #14078850), მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრისა და 3 თებერვლის განჩინებები გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის განჩინებებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის და 3 თებერვლის განჩინებების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრისა და 3 თებერვლის განჩინებებზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრისა და 3 თებერვლის განჩინებები, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის განჩინებები და დ. ს-ას შუამდგომლობები ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 განჩინებით დ. ს-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილების (აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ჯარიმის დაკისრების ნაწილში 2014 წლის 20 ოქტომბერს გაცემული #4-5/ს.ფ.-72-14 სააღსრულებო ფურცელი და მიშენების (რეკონსტრუქციის) დემონტაჟის ნაწილში, 2014 წლის 20 ოქტომბერს გაცემული #4-5/ს.ფ.-73-14 სააღსრულებო ფურცელი) მოქმედება (აღსრულება), მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „დ. ს-ას წარმომადგენლის ნ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 11 მარტის #157 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა დ. ს-ას მიერ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ 2014 წლის 10 ივნისს მიღებული #000550 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით, 2014 წლის 2 დეკემბერს წარდგენილი #12/14336959-1 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში („სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილების ბათილად ცნობა) დ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და დ. ს-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით განუხილველი დარჩა დ. ს-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დ. ს-ას მიმართ 2014 წლის 5 მაისის #000550 მითითებით ირკვევა, რომ დ. ს-ამ ქალაქ თბილისში, ... #7ა-ს მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობაზე განახორციელა მიშენება, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე და დარღვევის გამოსწორების მიზნით ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დ. ს-ას დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 7 კალენდარული დღის ვადა. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შემოწმების აქტით დგინდება, რომ დ. ს-ას მიერ არ იქნა შესრულებული მითითებით დადგენილი პირობები.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის სადავო #000550 დადგენილებით დ. ს-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მასვე დაევალა განეხორციელებინა მიშენების (რეკონსტრუქცია) დემონტაჟი.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილება, 2014 წლის 2 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული დ. ს-ას მიერ. სადავოდ ქცეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 11 მარტის #157 ბრძანებით კი, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ გასული იყო საჩივრის წარდგენის 15-დღიანი ვადა.
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 7 მაისის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 5 მაისის #000550 მითითების პირდაპირი წესით ჩაბარება დ. ს-აზე ვერ მოხერხდა, რადგან მოქალაქე დ. ს-ამ უარი განაცხადა დოკუმენტის ხელზე ჩაბარებაზე, რის გამოც მითითება განთავსდა ობიექტის ფასადზე. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 19 ივნისის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით კი ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის #000550 დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება დ. ს-აზე ვერ მოხერხდა, რადგან მოქალაქე დ. ს-ა არ იმყოფებოდა ობიექტზე, რის გამოც დადგენილება განთავსდა ობიექტის ფასადზე.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.19 მუხლის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებითი განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. ამავე მუხლის მე-20 ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებლობის ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია - ბინის მთავარი შესასვლელი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას მასზედ, რომ დადგენილების განთავსება ობიექტის ფასადზე არის უკიდურესი ღონისძიება და აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას სხვა ფორმის გამოყენებით მოახდინოს მისი დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო დადგენილების გაგზავნა მოხდა მხოლოდ ერთხელ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დოკუმენტი ადრესატისათვის მითითებულ მისამართზე გაეგზავნა განმეორებით, ამოეწურა ყველა რესურსი დაინტერესებული პირისათვის მისი ჩაბარების თაობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ მოეხდინა განთავსება ობიექტის ფასადზე. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი, რომ ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსება 2014 წლის 19 ივნისს, ჩაეთვალა ამ დადგენილების ადრესატისათვის გაცნობის იურიდიულ ფაქტად და გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 15-დღიანი ვადის დარღვევად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი