Facebook Twitter
#ბს-254-254(კ-18) 7 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 8 დეკემბერს რ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 8 ნოემბრის #MES 71601339564 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის რ. ს-ას მიერ „... სახელმწიფო უნივერსიტეტში“ განათლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 8 ნოემბრის #MES 71601339564 გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ს-ას მიერ „... სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლზე და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ცენტრის მხრიდან არ დარღვეულა „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ დებულებები. კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ უზრუნველყოფილი იქნეს განათლების მიღების უფლება თითოეულ პირზე თანაბრად. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კანონის მოქმედება თითოეულ პირზე უნდა გავრცელდეს თანაბრად და არ მოხდეს რომელიმე პირის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება, რითაც დაირღვევა მესამე პირების ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში კი, რუსუდან სულუხიას მიერ დისტანციური ფორმით მიღებული განათლების უცხოეთში მიღებულ განათლებად აღიარება გამოიწვევდა მის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას იმ პირებთან მიმართებით, ვინც განათლება მიიღო უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილსამყოფელ ქვეყანაში.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
კასატორის მითითებით, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ცენტრი მოცემულ საკითხზე სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ვინაიდან გარემოებების შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ რ. ს-ამ განათლება მიიღო დისტანციურად, ხოლო პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის, მას ეს განათლება უნდა მიეღო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და არა დისტანციური ფორმით.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დისტანციური ფორმით მიღებული განათლების დასაშვებობასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებები ეჭქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის განათლების ხარისხის უზრუნველყოფას. აღნიშნული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტეგრაციის ხელშეწყობას და მათ მიმართ ნდობის ამაღლებას უშლის ხელს, ვინაიდან ამგვარი გადაწყვეტილებების ძალაში შესვლა განაპირობებს ლისაბონის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისადმი იწვევს ნდობის დაკარგვას.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებაზე, რომლის თანახმადაც, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანების დანაწესები არ შეიცავენ რაიმე შემზღუდავ ნორმას საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ელექტრონული (დისტანციური) წესით შეუძლებლობის თაობაზე და, შესაბამისად, უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დიპლომის აღიარებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასახელებული საფუძვლით უარი, ეწინააღმდეგება მითითებული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ რეგულაციებს. კასატორმა აღნიშნა, რომ ამგვარ დაშვებას არ იცნობს არც ერთი საკანონმდებლო ნორმა და სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება აცდენილია მოქმედ კანონმდებლობას.
კასატორმა მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში, აგრეთვე, მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტზე, კერძოდ, ელექტრონული სწავლების დეფინიციაზე და აღნიშნა, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა დისტანციური სწავლების ფორმის შინაარსთან მიმართებით იმ პირობებში, როდესაც ზოგადად საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების დისტანციური ფორმით მიღების შესაძლებლობას საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელი ქვეყნის გარეთ.
კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისას მხედველობაში არ მიიღეს „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ“ 1997 წლის ლისაბონის კონვენციის VI.1 კარით დადგენილი წესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.




ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. მოსკოვის უმაღლესი პროფესიული განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულების ,,... სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (...) მიერ რ. ს-ას სახელზე შედგენილი K №93677 დიპლომის დანართის თანახმად, რ. ს-ამ 2012 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის სრული კურსი (ექსტერნად) იურისპრუდენციის სპეციალობით. რ. ს-ას სახელმწიფო საატესტაციო კომისიის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს, გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. მე-7 პუნქტის თანახმად, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილია სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლითაც ცენტრს მიეთითა, რომ რ. ს-ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიერ განათლების მიღება დისტანციურად. ამდენად, ცენტრს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დაევალა სასწავლო პერიოდში რ. ს-ას უცხოეთში ყოფნა-არყოფნის საკითხისაგან დამოუკიდებლად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების სრული და ობიექტური კვლევა-შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მიუხედავად ზემოხსენებული მითითებისა, გასაჩივრებულ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №MES 71601339564 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საფუძვლად ის ფაქტი უდევს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადგინა და შესაბამისად, ვერ დაადასტურა სწავლის პერიოდში (2007-2012 წლები) რ. ს-ას რუსეთის ფედერაციაში ჩასვლის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლოს პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 25 მარტის განჩინებით #ბს-110-103(2კ-13) ადმინისტრაციულ საქმეზე გაკეთებული განმარტებების თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპფეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული ქტის გამოცემის მეშვეობით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება. არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ორივე გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გარკვევით და ნათლად მიეთითა, რომ რ. ს-ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ელექტრონული (დისტანციური) ფორმა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ცენტრს ვალდებულს ხდიდა ხელახლა ემსჯელა რ. ს-ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხზე და თუ არ არსებობდა განათლების აღიარების სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, მიეღო გადაწყვეტილება განათლების აღიარების შესახებ.
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გაკეთებულ შეფასებებს და მიღებულ გადაწყვეტილებას სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 02.03.2018წ. №01717 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.03.2018წ. №01717 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი