Facebook Twitter

ბს-251-251(კ-18) 21 ივნისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017 წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ქ-მა 16.01.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ ლ. ქ-ის ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 19.12.2016წ. ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ლ. ქ-ის სახელზე გაცემული დიპლომის ... ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.2017წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2017წ. გადაწყვეტილებით ლ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ქ-ის ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 19.12.2016 წ. ... გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა ლ. ქ-ის სახელზე გაცემული ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი სრულიად შეესაბამება სზაკ-ით, საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. შპს „...“ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია გაიცა 03.04.2003წ.. შპს „...“ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებიდან არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, შესაბამისად, მის მიერ ხსენებული პერიოდის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ლ. ქ-ს კვალიფიკაცია მიენიჭა 2007 წელს, ამიტომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უფლება ჰქონდა არ დაედასტურებინა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობა.

კასატორი თვლის, რომ ვინაიდან შპს „...“ ლიცენზია მიიღო 03.04.2003წ., მასზე არ უნდა გავრცელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 661 მუხლი, რადგან ხსენებული ნორმა ძალაში შევიდა 17.03.2006 წ. და მისი მოქმედება შეეხო მხოლოდ ამ პერიოდის შემდგომ ახლად დაფუძნებულ დაწესებულებებს, რომლებიც მოიპოვებდნენ ლიცენზიას. აღნიშნული ნორმის შპს „...“ გავრცელებით, სასამართლომ უკუძალა მიანიჭა ნორმას. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სააგენტოს მიმართ ადგილი ჰქონდა უთანასწორო მოპყრობას, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 661 მუხლთან მიმართებით, მოსარჩელის სასარგებლოდ სასამრთლომ გამოიყენა უკუძალა, ხოლო 88-ე მუხლის გამოყენება დაუშვებლად მიიჩნია. სასამართლომ არ გაითვალისწინა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მიზანი და არსი, არასაწორად განმარტა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის რიგი ნორმები, კანონიერი ნდობის პრინციპისთვის უპორატესობის მინიჭებით დაუსაბუთებლად შეზღუდა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონიერების პრინციპი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტაციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ლ. ქ-ის სახელზე დიპლომის გაცემის დროს მოქმედებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 661 მუხლი, რომლის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულებად ითვლებოდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულების მიმართ მოქმედებდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...“ სახელზე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 03.04.2003წ. გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ამდენად, შპს „...“ ექცეოდა აღნიშნული ნორმის მოქმედების სფეროში. არასწორია კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ 661 მუხლისათვის უკუძალის მინიჭების შესახებ, რადგან 26.06.2007წ. - ლ. ქ-ის სახელზე დიპლომის გაცემის დროისთვის უნივერსიტეტისათვის ლიცენზიის მინიჭებიდან ჯერ კიდევ არ იყო გასული 5 წელი, შესაბამისად, დაწესებულება ჩაითვალა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ დაწესებულებად.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 88-ე მუხლის ამაჟამად მოქმედი რედაქციის გამოყენების შესახებ, რადგან მუხლში ცვლილებები განხორციელდა დიპლომის გაცემის შემდეგ - 21.07.2010წ., შესაბამისად, უნივერსიტეტისა და ლ. ქ-ის მიერ დიპლომის გაცემის მომენტში ვერ იქნებოდა გათვალისწინებული კანონში მომავალში შესატანი ცვლილებების თანამდევი შედეგები. ლ. ქ-ი ენდობოდა კანონის შესაბამისად განხორციელებული ქმედებების და მისი შედეგების სტაბილურობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2017წ. განჩინება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს.ნ. 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.01.2018წ. N00024 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი