#ბს-287-287(კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 23 მაისს დ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დ. ჩ-ისთვის 1992 წლის 1 ოქტომბრიდან 2004 წლის 3 ივნისამდე საბაჟო სისტემაში მუშაობის სტაჟის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის საერთო სტაჟში ჩათვლის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე დ. ჩ-ისთვის 1992 წლის 1 ოქტომბრიდან 2004 წლის 3 ივნისამდე საბაჟო სისტემაში მუშაობის სტაჟის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის საერთო სტაჟში ჩათვლა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.4 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ეს ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ წელთა ნამსახურების გამოანგარიშებისას დათხოვნის დღედ ითვლება ბრძანებაში განსაზღვრული შესაბამისი თარიღი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ #116კ/ს ბრძანებაში არ არის მითითებული სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება ის ფაქტი, რომ დ. ჩ-ე წოდებით მსახურობდა მოცემულ თანამდებობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალების თანახმად, დ. ჩ-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებულ იქნა 1981 წლის 9 სექტემბრიდან და მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის ა. ი-ის 1992 წლის 23 სექტემბრის #03-12/254 წერილი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის შსს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელი სამმართველოს უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ ვ.შ-ეს ეთხოვა პოლიციის კაპიტნის დ. გ. ჩ-ის მივლინება სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტში 1992 წლის 1 ოქტომბრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელ სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსი ინსპექტორის - გ. კ-ის 1992 წლის 6 ოქტომბრის დასკვნის თანახმად (შეთანხმებულია ამავე სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსთან კ. გ-თან), საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის საორგანიზაციო საშტატო ბრძანებით, დ. ჩ-ის თანამდებობა დაწესებულება უი 123/29-ში შემცირდა და იმავე სამმართველოს 1992 წლის 11 აგვისტოს #43 ბრძანებით, 1992 წლის 1 მაისიდან იგი აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ამავე დასკვნის შესაბამისად, ვინაიდან სამსახურით მისი დაკმაყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელ სამმართველოს სისტემაში ვერ მოხერხდა, შესაძლებლად იქნა მიჩნეული დ. ჩ-ის მივლინება სახელმწიფო საბაჟოში შემდგომი სამსახურისათვის.
დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელი სამმართველოს 1992 წლის 5 ოქტომბრის #62 პ/შ ბრძანების შესაბამისად, მივლინებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში შინაგანი სამსახურის კაპიტანი დ. გ. ჩ-ე, საქართველოს რესპუბლიკის შსს სსსას დაწესებულება უი 123/29 წარმოების ყოფილი ოსტატი, შსს სსსას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით 1992 წლის 1 მაისიდან.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის 1992 წლის 23 სექტემბრის #03-12/254 წერილითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელი სამმართველოს 1992 წლის 5 ოქტომბრის #62 პ/შ ბრძანებით დასტურდება, რომ პოლიციის კაპიტანი დ. გ. ჩ-ე მივლინებულ იქნა სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტში შემდგომი სამსახურისათვის.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ დ. ჩ-ის სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტში მივლინება მოხდა იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 მაისის #530 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ“ დროებითი დებულების საფუძველზე, რომლის თანახმად, ამ წესით მივლინებული პირები სარგებლობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე პირთათვის დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. შესაბამისად, დ. ჩ-ეს არ შეიძლებოდა შეზღუდვოდა ის უფლება, რომ მას საბაჟო დეპარტამენტში მუშაობის (მივლინების) პერიოდი ჩათვლოდა შინაგან საქმეთა ორგანოებში წელთა ნამსახურობის პერიოდად, იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რომ არ იძებნებოდა ბრძანება მისი შინაგან საქმეთა ორგანოების კადრების განკარგულებაში დატოვების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი