Facebook Twitter

#ბს-307-307(კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 5 აპრილს ნ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 30 დეკემბრის #53/7847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მარტის #53/571 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) ბათილად ცნობა, აგრეთვე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ნ. ხ-ის საჭიროებების შესწავლის და მისთვის შესაბამისი რესურსის მობილიზების დავალება, შინმოვლის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით მისთვის დამხმარის დაქირავების გზით, ნ. ხ-ის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სხვა უფლებების რეალიზების უზრუნველყოფისთვის.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 30 დეკემბრის #53/7847 და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მარტის #53/571 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. ხ-ის 2016 წლის 21 დეკემბრის #1017/53 განცხადებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში ნ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „სოციალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „სოციალური მომსახურების ორგანოები“ უნდა განიმარტოს ფართოდ და აღნიშნავს, რომ მასში უნდა იგულისხმებოდეს მხოლოდ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური - „სოციალური მომსახურების სააგენტო“.

კასატორის მითითებით, „სოციალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებსა და უფლება-მოვალეობებს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ნათლად იკვეთება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ სოციალურ პროგრამების განხორციელებას და ადგილობრივ სოციალურ პროგრამებს ახორციელებენ საკუთარი შემოსულობებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველობას სოციალური კუთხით ექსკლუზიური უფლებამოსილება არ გააჩნია, თუმცა ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, იგი უფლებამოსილია (და არა ვალდებული) საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

კასატორმა საკასაციო საჩივარში პრეტენზია გამოთქვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივ დასაბუთებაში მითითებულ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს სხვადასხვა სახით შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე შინმოვლის პროგრამები, რომლითაც სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ხსენებულ გარემოებასთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 90-ე მუხლიდან გამომდინარე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი სოციალური პროგრამები არ უდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტს იმავე პროგრამების განხორციელების ვალდებულებას. კასატორის მითითებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განსხვავდება ქ. თბილისის, ქ. ქუთაისისა და ქ. ფოთის ბიუჯეტებისაგან და ბუნებრივია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ვერ ექნებათ ერთნაირი სოციალური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პროგრამების განხორციელება არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და მისი განხორციელება დამოკიდებულია მუნიციპალიტეტების შემოსულობებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 30 დეკემბრის #53/7847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ნ. ხ-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან 2016 წლის 21 დეკემბრის #1017/53 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ყოფითი პრობლემების მოგვარების უზრუნველსაყოფად დამხმარე პირის აყვანასთან დაკავშირებულ რაიმე ტიპის პროგრამას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ ახორციელებს. მოსარჩელე, აგრეთვე, სადავოდ ხდის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მარტის #53/571 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომლითაც ნ. ხ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე ზემოხსენებული აქტების ბათილად ცნობასთან ერთად ითხოვს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ნ. ხ-ის საჭიროებების შესწავლის და მისთვის შესაბამისი რესურსის მობილიზების დავალებას, შინმოვლის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით მისთვის დამხმარის დაქირავების გზით, ნ. ხ-ის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სხვა უფლებების რეალიზების უზრუნველყოფისთვის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მიუხედავად 26.1 მუხლის დანაწესისა (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე და სტაციონარულ დაწესებულებებში), არ განმარტავს ტერმინს „სოციალური მომსახურების ორგანოები“. ასეთ ტერმინს არც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი იყენებს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერმინი „სოციალური მომსახურების ორგანოები“ უნდა განიმარტოს ფართოდ და მასში არ უნდა იგულისხმებოდეს მხოლოდ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური (სოციალური მომსახურების სააგენტო).

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პროგრამების განხორციელება არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და, ამდენად, ამგვარი საკითხების გადაწყვეტა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მხოლოდ უფლებამოსილების დონეზეა მოწესრიგებული, თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის მიმართ, კერძოდ, მსგავსი პროგრამების განხორციელების უარსაყოფად, უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს დაუსაბუთებლად, მხოლოდ ასეთი პროგრამების განხორციელებისადმი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულების არარსებობაზე მითითებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კეთილდღეობა და მათი უფლებების რეალიზება მთლიანად დამოკიდებულია ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ისეთი პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთი პირების შეუფერხებელ, სრულუფლებიან ცხოვრებას.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ: სიცოცხლის უფლება; კანონის წინაშე თანასწორობის უფლება; მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება; პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პიროვნების ხელშეუხებლობის უფლება; მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება; დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის უფლება; განათლების უფლება, ჯანმრთელობის უფლება; შრომისა და დასაქმების უფლება; ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და სოციალური დაცვის უფლება; პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება; კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება და სხვა უფლებები.

ზემოხსენებული კონვენციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ კონვენციითა თუ ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა რეალიზაციაში სახელმწიფოს როლი ფუნდამენტურია, სწორედ ის უზრუნველყოფს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ასეთი პირებისათვის ხელსაყრელი გარემო თუ საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სწორედ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით იქმნებიან და რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივად მცხოვრები თითოეული ინდივიდისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში, ტერმინ - „სოციალური მომსახურების ორგანოების“ განუსაზღვრელობის პირობებში, შესაძლოა წარმოადგენდნენ სოციალური მომსახურების განხორციელების მოთხოვნის ადრესატებს. შესაბამისად, მათი მხრიდან სოციალური პროგრამების განხორციელებაზე უარი არ უნდა იყოს მოცული მხოლოდ ასეთი საკითხების გადაწყვეტისადმი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულების არარსებობაზე მითითებითა და, ზოგადად, თვითმმართველ ერთეულში ასეთი პროგრამების არარსებობის მტკიცებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მსგავსი პროგრამები სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (თბილისი, ქუთაისი, ფოთი) ფარგლებში ექვემდებარება განხორციელებას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ასეთი უარი უნდა იყოს მყარი არგუმენტებით დასაბუთებული, რომელიც სარწმუნოს გახდის თვითმმართველი ერთეულის მხრიდან ასეთი პროგრამების განხორციელების შეუძლებლობასა და მათი განუხორციელებლობის მიზეზებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსაბუთებლად, სოციალური დახმარების გაწევაზე უარი მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ ექსკლუზიური უფლებამოსილება ამგვარი პროგრამების მიმართ და ისინი უფლებამოსილნი არიან და არა ვალდებულები გადაწყვიტონ ამგვარი საკითხები, იწვევს სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვას და არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უქმნის უთანასწორო მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნებას როგორც სხვა პირთა მიმართ, ასევე იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართაც, რომლებიც ცხოვრობენ სოციალური პროგრამების განხორციელების უზრუნველმყოფელ თვითმმართველ ერთეულებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი