Facebook Twitter

საქმე #180310016001443329

#ბს-338-338(2კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. და დ. ხ-ეებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 27 აგვისტოს ნ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - მ. ხ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ქონებაზე, მდებარე: მცხეთა, სოფელი ... (ს/კ ...), მესაკუთრედ ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე მითითებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით ნ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ, მცხეთის რაიონის, სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით ....

2016 წლის 23 ივნისს ნ. ხ-ემ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შედეგად ი. ხ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილში (ს/კ ..., მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი ...) 2009 წლის 16 ნოემბრის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით ნ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა, ი. ხ-ის სახელზე 2009 წლის 16 ნოემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ ..., მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი ...) სარეგისტრაციო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, მიმდინარე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) ი. ხ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) ი. ხ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ო-ი, მ. ხ-ე, ნა. ხ-ე, ა. ხ-ე, ა. ხ-ის კანონიერი წარმომადგენელი - დედა, თ. მ-ი, დ. ხ-ე და ი. ხ-ე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება #... უძრავი ნივთის (ს/კ ...) 1/3 წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება #... უძრავი ნივთის (ს/კ ...) 1/3 წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; ნ. ხ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უძრავი ნივთის 2/3 წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და დ. ხ-ეებმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მ. ხ-ისა და დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და დ. ხ-ეებმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილისა და 8 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. და დ. ხ-ეებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და დ. ხ-ეებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებებ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) ი. ხ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) ი. ხ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის #... გადაწყვეტილების კანონიერება.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განიმარტება, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სადავო ქონება მიწის რეფორმის დაწყების დროს იყო ი. ხ-ის კომლის ქონება, კომლის წევრები კი ამ დროისთვის იყვნენ ი. ხ-ე, ს. ხ-ე და მ. ხ-ე, შესაბამისად, კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა კომლის სამივე წევრს.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ნ. ხ-ე არის გარდაცვლილი ს. ხ-ის შვილი.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 1993 წლის მარტის თვეში ი. ნ. ძე ხ-ის სახელზე გაიცა #313/378 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ი. ხ-ეს გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0,73 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5 ნაკვეთად. შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 19.10.2009 წლის #16-20/2-7-05/2895 ცნობის თანახმად, სოფელ ... მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ...-ე რიგით ნომრად აღრიცხულ ი. ხ-ეს ერიცხება 0,73 ჰა მიწის ფართობი.

როგორც აღინიშნა 1986-1996 წლების საკომლო წიგნებში კომლის ერთ-ერთ წევრად მითითებულია ს. ხ-ე, რომელიც 19... წელს დაბრუნდა პატიმრობიდან. ამის შემდგომ კი რაიმე ისეთი საფუძვლის არსებობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მას კომლის წევრობა შეწყვეტილი ჰქონდა, საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, არ არსებობს საკომლო წიგნების ჩანაწერების სისწორის მიმართ ეჭვის საფუძველი. შესაბამისად, ი. ხ-ის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაცემითა და საგადასახადო სიაში მისი რეგისტრაციით უზრუნველყოფილია ასევე მისი კომლის წევრების - მ. ხ-ისა და ს. ხ-ისათვის რეფორმით საკუთრებაში გადაცემული მიწის ფართზე თანასაკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ნ. ხ-ემ 2015 წლის აგვისტოდან სამოქალაქო სარჩელის სასამართლოში წარდგენით დაიწყო დარღვეული უფლების აღდგენისათვის პროცესუალური მოქმედება, შემდგომში კი დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, რის შემდეგაც ცალკე წარმოებად გამოეყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი შინაარსის მოთხოვნა. ამდენად, მან უფლების სასამართლო წესით დაცვის პროცესუალური უფლებამოსილება გამოიყენა ჯერ კიდევ 2015 წლის აგვისტოში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. 17.2 მუხლის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორების მიერ ვერ იქნა გაბათილებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. და დ. ხ-ეების საკასაციო საჩივარზე მ. ხ-ეს 21.03.2018წ. საგადახდო დავალებით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.04.2018წ. #11971 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ხ-ეს (პ/ნ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და დ. ხ-ეებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. მ. ხ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. და დ. ხ-ეების საკასაციო საჩივარზე 21.03.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.04.2018წ. #11971 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი