საქმე #330310017001852762
საქმე Nბს-627-627(კ-18) 3 ივლისი, 2018 წელი
ბს-627-627(კ-18) კ-ე ი. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ემ 2017 წლის 22 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის №36 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ი. კ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურების თაობაზე ქმედების განხორციელების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება არ შეესაბამება ანალოგიურ საქმეებზე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, რის მიხედვითაც, საჯარო მოსამსახურესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს არა უბრალოდ დარღვევას, არამედ ვალდებულების უხეშ დარღვევას. სამსახურიდან მუშაკის დათხოვნის მართლზომიერების დადგენის მიზნით, სასამართლომ უნდა შეაფასოს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევების სიხშირე და დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორები და აგრეთვე სამართლებრივი შედეგები, რაც ასეთი სახის დარღვევას მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით იგნორირებულია ყველა დასახელებული მოთხოვნა და მხედველობაშია მიღებული მხოლოდ ის ფაქტი რომ არქივიდან გამოთხოვილი სამოქალაქო საქმე სასამართლოს გადაეგზავნა სამ დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო რა სახის ფაქტობრივი ზიანი მიადგა დაინტერესებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის კონკრეტული სამოქალაქო საქმის 3 დღეში გადაუგზავნელობით დაუდგენელია. ყოველივე ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დასაქმებულთა ჩემი, როგორც დასაქმებულის შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. რამდენადაც, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.
დადგენილია, რომ სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან 2017 წლის 8 თებერვალს ელექტრონულად გამოთხოვილ იქნა კონკრეტული სამოქალაქო საქმე, რომელიც სასამართლოს გაეგზავნა ამავე დეპარტამენტის შრომის შინაგანაწესით დადგენილი სამდღიანი ვადის დარღვევით - 2017 წლის 20 თებერვალს. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მითითებული კონკრეტული სამოქალაქო საქმე შესანახად გადაეცა საერთო სასამართლოების არქივის მთავარ სპეციალისტს (არქივარიუს) ირმა კაპანაძეს, რომელმაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, იგი ვეღარ მოიძია. ი. კ-ისა და სხვა თანამშრომლების მიერ საქმის რამდენიმე დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, საქმის მოძიების პროცესში ჩართულ იქნა არქივის უფროსიც და საბოლოოდ, საქმე მოძიებულ იქნა არა იმ ადგილას, სადაც იგი უნდა ყოფილიყო განთავსებული, არამედ სრულიად სხვა სტელაჟზე, რომელიც განკუთვნილი იყო 2014 წლის ადმინისტრაციული საქმეებისათვის. ირმა კაპანაძე, რომ დაკისრებულ მოვალეობებს სისტემატიურად ჯეროვნად არ ასრულებდა დადგენილია სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული სამმართველოს უფროსის - ნ. ლ-ის 2017 წლის 24 თებერვლის №719 მოხსენებითი ბარათით. ამასთან, აღნიშნული დგინდება სამართალწარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ გაკეთებული განმარტებებით, რომ გარკვეულ შემთხვევებში მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომების დაშვებას მექანიკურად, საქმის სირთულის გათვალისწინებით, რასაც შედეგად მოსდევდა ხელმძღვანელი პირისაგან სიტყვიერი შენიშვნის მიღება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საერთო სასამართლოების არქივის საქმიანობის წესის თანახმად საერთო სასამართლოების არქივის ძირითადი საქმიანობა არის საერთო სასამართლოების მიერ დასრულებულ საქმეთა შენახვა, ცენტრალიზებული აღრიცხვა-აღწერა, დაცვა-დამუშავება, სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნით მათი გამოყენება, დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება, ეროვნული საარქივო ფონდისათვის მათი გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მუშაობის ძირითად პრინციპს წარმოადგენს სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოთხოვნებზე, რითაც ხდება ხელშეწყობა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, შესაბამისად, ი. კ-ის მხრიდან აღნიშნული წესის დარღვევის თუდნაც მხოლოდ ერთი შემთხვევის არსებობა ქმნის მისი ქმედების სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად დაკვალიფიცირების საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. რამდენადაც, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სახდელის დადების დროს გაითვალისწინა როგორც კონკრეტული გადაცდომის სიმძიმე, ასევე, სხვა გარემოებები და სწორედ განსაზღვრა სახდელის ზომა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე