160310015752454
ბს-821-817(კ-17) 26 აპრილი, 2018
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. დ-მა, ი. დ-მა, კ. დ-მა, კა. დ-მა და ხ. ო-ამ 16.03.2015წ. სარჩელით მიმართეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დმანისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ტ. ბ-ის სახელზე 11.09.2000წ. განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის, საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს დმანისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.10.2014წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს დმანისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დმანისის რაიონში, სოფელ ... მდებარე უძრავი ნივთის მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება .
დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ტ. ბ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 14.09.2015 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად დაეყრდნო მხოლოდ 03.11.2014 წ. საარქივო ცნობას და არასწორად განმარტა, რომ 1986-1996 წლებში ტ. ბ-ის კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და 0.29 ჰა. მიწის ნაკვეთი, რეალურად ხსენებულ პერიოდში ტ. ბ-ის კომლს ერიცხებოდა 0.20 ჰა. მიწის ფართობი და 100 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. ამასთან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნ. დ-სა და მისი ოჯახის კომლს 1986-1996 წლებში დმანისის რაიონში სოფელ ... 0.32 ჰა. და 0.26 ჰა. მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა. გაურკვეველია, კასატორისათვის გამოყოფილი მიწის ფართიდან ტ. ბ-ისთვის 0,06 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ტ. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების არამართლზომიერების დამდგენი მტკიცებულებები. ასევე ვერ დაადასტურა სადავო ფართზე თავისი ოჯახის უფლების არსებობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნიდან ამონაწერის თანახმად, კასატორის ოჯახს თავდაპირველად ერიცხებოდა 0,32 ჰა მიწის ნაკვეთი და შემდგომ შეუმცირდა 0,26 ჰა-მდე, ხოლო ტ. ბ-ის კომლის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ოდენობა გაიზარდა, არ ადასტურებს კასატორის ოჯახის მიწის ტ. ბ-ისათვის გადაცემას.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ნ. დ-ის ოჯახზე და ტ. ბ-ზე აღირციხა იმ ოდენობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათი საკამოლო ჩანაწერების ბოლო მონაცემებთან შესაბამისობაში იყო. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტ. ბ-ის სახელზე 2600 კვ.მ. მიწა ირიცხება 2000 წლიდან, 2014 წელს მხოლოდ ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება განხორციელდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2017წ. განჩინება;
3. ნ. დ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.10.2017წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი