№ბს-742-742(კ-18) 13 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ შპს ,,..."; ფიზიკური პირი დ. ფ-ე; ინდმეწარმე ლ.რ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება
განსახილველი საგანი _ სარჩელის გამოხმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 17 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ შპს ,,...", ფიზკური პირის დ. ფ-ისა და ინდმეწარმე ლ.რ-ას მიმართ ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
2018 წლის 10 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობა მოითხოვა.
2018 წლის 12 ივლისს საკასაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, მოპასუხეების - შპს ,,...", ფიზიკური პირის დ. ფ-ისა და ინდმეწარმე ლ.რ-ას მოსაზრების დადგენის მიზნით წერილობით მიმართა შპს ,,...ს", ფიზიკური პირს დ. ფ-ესა და ინდმეწარმე ლ.რ-ას.
2018 წლის 12 ივლისს შპს ,,...", ფიზიკური პირმა დ. ფ-ემ და ინდმეწარმე ლ.რ-ამ მომართეს საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად დარჩეს, შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამდენად, საკასაციო სასამართლოში სარჩელის გამოხმობა დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა - შპს ,,..." დირექტორმა დ. ფ-ემ, ფიზიკურმა პირმა დ. ფ-ემ და ინდმეწარმე ლ.რ-ამ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი 12.07.2018წ. №ბ-1108-18 განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,...", ფიზიკური პირის დ. ფ-ისა და ინდმეწარმე ლ.რ-ას მიმართ დარჩეს განუხილველი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 831 მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების _ შპს ,,...", ფიზკური პირის დ. ფ-ისა და ინდმეწარმე ლ.რ-ას მიმართ დარჩეს განუხილველი;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება და ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი