საქმე #330310015726718
საქმე Nბს-1062-1056(კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები: ზ. დ-ე, ნ. ფ-ე, ს. ლ-ი, ძ. გ-ე, თ. ბ-ი, ჯ. ბ-ე, ა. ხ-ი (მოსარჩელეები)
მოპასუხე - თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. დ-ემ, ნ. ფ-ემ, ს. ლ-მა, ძ. გ-ემ, თ. ბ-მა, ჯ. ბ-ემ და ა. ხ-მა 2015 წლის 17 თებერვალს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების თბილისის აღსრულების ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 15 იანვრის N127 ბრძანებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 24 ნოემბრის N88035 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს N2ბ/276-04 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის იძულებითი აღსრულების დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის, ნ. ფ-ის, ს. ლ-ის, ძ. გ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ისა და ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 15 იანვრის N127 ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 24 ნოემბრის N88035 გადაწყვეტილება; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეწყო იძულებითი აღსრულება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის N3ბ/276 გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 13 ნოემბრის №29150 განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც ითხოვდა №3ბ/276/04 სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებას და შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების ჩატარებას, აღნიშნული განცხადება შესწავლილ იქნა და მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათ მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში, 2017 წლის 27 მაისს წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ №3ბ/276-04 სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღების თაობაზე ხანდაზმულობის გამო 2014 წლის 30 მაისს უარი ეთქვათ. ასევე, სააღსრულებო საქმეში არსებული მასალებით იკვეთება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის N3ბ/276 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაიცა 2014 წლის 8 აპრილის სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა 2014 წლის 27 მაისს, რა დროისთვისაც სსკ-ის 142 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, მ. ბ-ის მიერ, 2014 წლის 10 ივნისის ა14037523-003/002 წერილით, ხოლო შემდგომ, 2014 წლის 24 ნოემბრის N88035 კრედიტორების წარმომადგენელს თ. ჟ-ს უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე. საჩივრის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კიდევ ერთხელ იქნა გამოკვლეული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 9 იანვრის N3ბ/276 გადაწყვეტილების საფუძველზე 2007 წლის 7 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებობის თაობაზე და არქივში დაცული სარეგისტრაციო ჟურნალების მონაცემებისა და ტერიტორიული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცელი რეგისტრირებული არ ყოფილა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ასევე გამოკვლეულ იქნა საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის ს. ე-ის 2007 წლის 9 იანვრის N04/03-046 წერილი და ის განცხადება, რომლის საფუძველზეც იქნა გაცემული დასახელებული წერილი. ადმინისტრაციული წარმოება ეხება მოქალაქეების - ნ. პ-ის, ჟ. მ-ის, ნ. ს-ის და სხვათა მიმართ არსებულ წარმოებას და აღნიშნული მიმოწერით არ დასტურდება ზ. დ-ის, ნ. ფ-ის, ს. ლ-ის, ძ. გ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ისა და ა. ხ-ის მიმართ სააღსრულებო წარმოების არსებობის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის N3ბ/276 გადაწყვეტილებაზე. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კრედიტორები არიან: ზ. დ-ე, ნ. ფ-ე, ს. ლ-ი, ძ. გ-ე, თ. ბ-ი, ჯ. ბ-ე, ა. ხ-ი. მოვალედ დასახელებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (უფლებამონაცვლე). გადაწყვეტილების თანახმად, დუშეთის რაიონის გამგეობას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროული დახმარებისა და ყოველთვიური სარჩოს თანხის გადახდევინება. სადავო აქტებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ 2014 წლის 27 მაისს წარდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ N3ბ/276-04 სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე ხანდაზმულობის გამო.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას სამოქალაქო კოდექსის 142-ე, 129-ე და 137-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მიმართ თანხის გაცემა დადგენილია შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების შესაბამისად (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 ივნისის N93 ბრძანებულებით). საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის, N53 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის მე-3 მუხლის თანახმად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში სააგენტო) უზრუნველყოს „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის №429-ა ბრძანებულებისა და „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის წყდება სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებზეც არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლება წარმოიშვას. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სააგენტოს მიერ სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტის გამო დამატებით გაიცეს ერთჯერადი კომპენსაცია დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს – ექვსი თვის ოდენობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხა შეიძლება გაიცეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით ამ დანიშნულებით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელეებისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ასანაზღაურებელი თანხების 2007 წლის 31 დეკემბერს ჩარიცხვამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა გამოიწვია. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნა შესრულდა. შესრულება დადასტურებულია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილებით. ამასთან, თანხების გადახდა განხორციელდა შესაბამის ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. ამდენად, სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაეწყო იძულებითი აღსრულებისათვის საჭირო მოქმედებები (უფლებამონაცვლის დადგენა, გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა და სხვ.) და შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიეღო გადაწყევტილება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ხსენებულ საკანონმდებლო ნორმებს, რაც სადავო აქტების კანონშეუსაბამობას იწვევს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 12.10.2017წ. №15404 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე