საქმე Nბს-1077-1071(კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე. ო-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე);
მესამე პირები - ა. ნ-ი, გ. ნ-ი, ქ. ნ-ი, ხ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გაჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 31 იანვარს ე. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და მესამე პირის - ა. ნ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 12 სექტემბრის N 366 ოქმის (საკითხი 38), კომისიის 2013 წლის 29 სექტემბრის N8746 საკუთრების მოწმობის, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2013 წლის 12 დეკემბრის N 379 ოქმის (საკითხი 74) გამოცემის მომენტიდან ნაწილობრივ ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებსა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქ. თბილისში, ... ქუჩა №80-ში მდებარე 136 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე ე. ო-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეზე მესამე პირად ჩაბმულ იქნენ გ. ნ-ი, ქ. ნ-ი, ხ. ნ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით ე. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არასწორად დააგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა ნორმები, რამაც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩაზე 78 ნომერი და 80 ნომერი ცალკე უფლების ობიექტებია და საარქივო ჩანაწერებსა და სიტუაციურ გეგმაზე ისინი გვერდიგვერდ მდებარეობს და მერიაში საქმის განხილვის დროს გაყოფილი იყო ღობით. ა. ნ-მა საკრებულოს წარუდგინა ცრუ და გაყალბებული ინფორმაცია, კერძოდ, ... 78 და 80 ნომრებში მდებარე მიწის ნაკვეთები გააერთიანა, შეცდომაში შეიყვანა საკრებულოს მიწის კომისია. კასატორი განმარტავს, რომ ა. ნ-ი არ არის ... 80 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი, საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ იგი მუდმივად ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ და იქვე მუშაობს. შესაბამისად, მისი თვითნებური ფლობა ... 78 ან 80 ნომრის მიმართ არ იქნა დადგენილი და შესწავლილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია, რომ თვითნებურად დაკავების ფაქტი დადასტურებული იყოს ამ ობიექტის გამოყენებით, მათზე საქმიანობისა და კომუნალური გადასახადის გადახდის ფაქტით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ... N80-ში მდებარე მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 1 სართულიანი სახლის თვითნებურად დამკავებელი პირი იყო ე. ო-ი, ხოლო მისი ნებართვით და თანხმობით სხვა პირები, თუმცა კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ძირითადი უფლებები სწორედ ე. ო-ს ეკუთვნის.
კასატორის განმარტებით საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, წყურის N78 ნაკვეთზე გაცემული, ჯერ ტექბიუროს მიერ დამოწმებული და შემდეგ ნოტარიულად დამოწმებული საინვენტარიზაციო გეგმა, გამორიცხავს მიწის ნაკვეთის, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაციას, დაკანონებას. ანზორ ნადაშვილმა მიწის კომისიას წარუდგინა აღიარების კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და რაც სასამართლოს მიერ შეფასების გარეშე იქნა დატოვებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ო-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. ო-ს სადავო მიწის ნაკვეთთან გაწყვეტილი ჰქონდა ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი კავშირი, რამდენადაც მოსარჩელე თავადვე ადასტურებდა, რომ სახლი, რომელიც განთავსებული იყო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაუთმო მე-3 პირს - ჯ. მ-ს. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა №80-ში მდებარე 182.2 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ჯ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2011 წლის 13 ნოემბერს ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.07.2011წ. №264 ოქმის, ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის 13.09.2011წ. №12/91003-7 და ამავე სამსახურის 25.08.2011წ. №12/57473-7 წერილების საფუძველზე. თავის მხრივ, მოწმის სახით დაკითხული ჯ. მ-მა განმარტა, რომ მან 1996 წელს ე. ო-ისაგან იყიდა სახლი, რის შემდეგაც ამ სახლში მისი თანხმობით ცხოვრობდნენ სხვა პირები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ქონება კანონის ამოქმედებამდე ე. ო-ის მიერ გასხვისებულია მე-3 პირზე, რაც იმთავითვე გამორიცხავს ე. ო-ის შესაძლებლობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოიპოვოს ,,დაინტერესებული პირის” სტატუსი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ კანონის მითითებული დანაწესები თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კანონი საკუთრების უფლების აღიარებას არ ითვალისწინებს იმ პირთათვის, რომელთაც, მართალია, წარსულ პერიოდში, დროის გარკვეულ მონაკვეთში, თვითნებურად დაკავებული ჰქონდათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და ფლობდნენ მას, მაგრამ შემდგომში ნებაყოფლობით შეწყვიტეს მფლობელობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინება;
3. კასატორს - ე. ო-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 24.10.2017წ. №14513622 საგადახდო დავალებით ბ. ბ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე