საქმე #330310114635077
საქმე Nბს-1095-1089(კ-18) 23 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მოპასუხე)
მესამე პირი - გ. გ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...“ 2014 წლის 31 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N38/7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N38/7 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და გ. გ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და გ. გ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აქტის საქმეში წარმოუდგენლობა მიიჩნია გადაწყვეტილების არარსებობად, რაც კასატორის მოსაზრებით არ შეიძლება იქნეს მიჩნეული აღნიშნულის დამადასტურებლად. ამდენად, გ. გ-ას საჩივრის საფუძველზე დაწყებული წარმოება შეწყდა. რამდენადაც, რომც არ იყოს გამოცემული აქტი კანონით დადგენილ ვადაში თუ აქტი არ გამოიცა, აღნიშნული სამართლებრივი შედეგით უთანაბრდება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აქტის გამოცემას. შესაბამისად, 2014 წლის 4 თებერვლის განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოება 2014 წლის 29 მაისამდე უკვე შეწყვეტილი იყო, რადგან უარი ეთქვა აქტის გამოცემაზე და ეს შედეგი გ. გ-ას არ გაუსაჩივრებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც, დადგენილია, რომ გ. გ-ამ 2013 წლის 4 ივნისს სს „...“ აჭარის ფილიალში წარადგინა სათანადო ფორმის განაცხადი „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“, რომელსაც დაურთო ყველა საჭირო საბუთი, რაც მოთხოვნილ იქნა კომპანიის მხრიდან, მათ შორის, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების მომსახურების საფასურის ნახევრის, 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 2013 წლის 8 ივლისს გ. გ-ამ კვლავ წარადგინა იმავე შინაარსის განცხადება. 2013 წლის 27 აგვისტოს გ. გ-ამ მესამედ წარადგინა განაცხადი, რაზეც სს „...“ ეცნობა, რომ წარსადგენი იყო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დოკუმენტი. 2013 წლის 22 ოქტომბერს განმცხადებელმა კვლავ წარადგინა განცხადება იმავე მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად გ. გ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა, რის შემდგომაც გ. გ-ამ 2014 წლის 4 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა სს „...“ დაკისრებოდა მოთხოვნილი მიერთების სამუშაოების განხორციელება, ასევე, ვალდებულების დარღვევისათვის, გამოყენებული ყოფილიყო „სემეკ-ის“ 2012 წლის 5 ივლისის N6 დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული გაუწეველი მომსახურების კომპენსირების წესი. შესაბამისად, განცხადებით გ. გ-ამ მოითხოვა კომპენსირების წესის გამოყენება სრულად. გ. გ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, სს „...“ შეასრულა მოთხოვნილი სამუშაოები, კერძოდ, 2014 წლის 3 აპრილის სამუშაოებით დადასტურდა გ. გ-ას ობიექტის გარე ელმომარაგების სამონტაჟო სამუშაოების დასრულება. ამასთან, კომპენსაციის მიზნით, მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი მიერთების საფასურის 50%, კერძოდ, 6000 ლარი კომპანიამ დაუბრუნა (ჩაურიცხა) უკან მომხმარებელს. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 5 მაისს N6/09-7/92-1649 წერილით მიმართა სს „...“ და აცნობა, რომ გ. გ-ასა და სს „...“ შორის არსებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია საკითხის დარეგულირების გამო. საკითხის ამგვარი რეგულირების შემდგომ, სს „...“ წერილობით მიმართა გ. გ-ას და მოსთხოვა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის, 6000 ლარის ოდენობით გადახდა 2014 წლის 28 მაისამდე.
ასევე დადგენილია, რომ გ. გ-ამ 2014 წლის 29 მაისს საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა მასსა და სს „...“ შორის არსებული პრობლემური საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და „სემეკ-ის“ 2012 წლის 5 ივლისის N6 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სს „...“ ვალდებულების, მიერთების სამუშაოების განულებული საფასურით შესრულებისა და კომპენსაციის სახით აბონენტის ანგარიშზე, შეთანხმებული საფასურის 50%, დარიცხვის შესახებ, ვალდებულების დადგენა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N38/7 გადაწყვეტილებით გ. გ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა; დაევალა სს „...“, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გაუწეველი მომსახურების კომპენსირებისათვის გადაუხადოს მოქალაქე გ. გ-ას (ან მისი მოთხოვნით, ასახოს აბონენტ N ...-ის პირად ბარათზე) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურით, 81-100 კვტ. სიმძლავრეზე განსაზღვრული საფასური - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის 50%.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, იმ პირობებშიც კი თუ მივიჩნევთ, რომ გ. გ-ას 2014 წლის 4 თებერვლის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 მაისის N6/09-7/92-1649 წერილით. გ. გ-ას მიზანს წარმოადგენდა ახალ აბონენტად მიერთება და ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფა, მაგრამ მას შემდეგ რაც მიიღო სს „...“ მიმართვა დამატებით თანხის გადახდის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა „სემეკ-ის“ 2012 წლის 5 ივლისის N6 დადგენილებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით სს „...“ მიმართვა გ. გ-ასადმი გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის - 6000 ლარის ოდენობით 2014 წლის 28 მაისამდე გადახდის მოთხოვნის თაობაზე წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის N38/7 გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სს „...“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 19.09.2017წ. №29419001 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე