Facebook Twitter

საქმე Nბს-1104-1098 (კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე)

მესამე პირი - სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-მა 2016 წლის 18 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველო სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის 2016 წლის 16 მარტის N665355 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დავალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მოახდინოს მოსარჩელის გ. ბ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება 2006 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და შესაბამის საბუთებთან ერთად გაუგზავნოს სოციალური მომსახურების სააგენტოში ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, წელთა ნამსახურება ეკუთვნის პიროვნებას და მისი გადასაწყვეტია მთლიანი მისი ნამსახურობიდან რომელი პერიოდი გამოიყენოს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ან სხვა მიზნებისათვის, ამასთან წელთა ნამსახურების გაანგარიშების წესი და პირობები განსაზღვრულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად „წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მომსახურების სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან“. ხოლო სამხედრო სამსახურის გავლის პირობების განმსაზღვრელი კანონმდებლობით („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა) დასაშვებია კადრის ოფიცრისათვის მინიმალური 10 წლის ნამსახურობის შემდგომ მოითხოვოს და იქნეს დათხოვნილი თადარიგში, ხოლო შემდგომ კვლავ შევიდეს სამხედრო, პოლიციის ან სხვა სამსახურში, რომელიც ჩაითვლება მის საერთო წელთა ნამსახურობაში და უწყვეტობას მნიშვნელობა არ აქვს.

კასატორის არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 26 ივლისის N317 ბრძანებით კასატორის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია და ის საქმიანობას იმავე უწყებაში აგრძელებდა, რადგან მოხდა მხოლოდ სამსახურის სახელწოდების ცვლილება, ხოლო წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი. გ. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა 2009 წლის 30 აპრილის სასაზღვრო პოლიციის უფროსის N813 პ/შ ბრძანებით.

კასატორის განმარტებით, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნას სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმა, „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია არ ენიშნებათ სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გ. ბ-ისათვის კი წოდების ჩამორთმევა არ განხორციელებულა. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულის ნორმის ნაცვლად სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

კასატორი მიიჩნევს, რომ წელთა ნამსახურობის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს 2006 წლის 1 ივლისამდე პერიოდზე, რამდენადაც 2009 წლის 30 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის N813 პ/შ ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველზე, რაც ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქმნის კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2006 წლის 26 ივლისის N317 ბრძანების ამონაწერის თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი პოლკოვნიკი გ. ბ-ი დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში და იმავე თარიღიდან დაინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და აღრიცხვის განყოფილების უფროს სპეციალისტად ,,სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდების მინიჭებით.

დადგენილია, რომ გ. ბ-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან და შს ორგანოებიდან დათხოვნილია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2009 წლის 30 აპრილის N813 პ/შ ბრძანებით (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება) და მისი წელთა ნამსახურობა დაანგარიშდა 2009 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რამაც შეადგინა 30 წელი 10 თვე და 8 დღე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. აღნიშნული დათქმა არ იძლევა ფართო განმარტების საშუალებას და მიუთითებს წელთა ნამსახურების გამოანგარიშების კონკრეტულ წესს და წოდების მინიჭების თარიღთან დაკავშირებით არ შეიცავს არანაირ მითითებას, შესაბამისად უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება ნამსახურების დაანგარიშების დროს მისთვის სასურველი პერიოდის არჩევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გ. ბ-ის სამსახურებრივი მოღვაწეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არ შეწყვეტილა, ადგილი არ ჰქონია მისი სამსახურიდან/სისტემიდან წასვლის ფაქტს 2009 წლის 30 აპრილამდე და არ არსებობს ის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოს უარი ნამსახურობის წელთა დაანგარიშებაზე მიიჩნიოს უკანონოდ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს შესაბამისი ქმედების განხორციელება.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე