Facebook Twitter

საქმე # 210310015746817

საქმე Nბს-1107-1101(კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - გ. ბ-ი, ხ. ბ-ი, ნ. ა-ი (მოსარჩელეები);

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ბ-ი (მესამე პირი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე);

მესამე პირი - ზ. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 5 მარტს გ. ბ-მა, ნ. ა-მა და ზ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონების 1/4-1/4 წილი ზ. ბ-ისა და თ. ბ-ის სახელზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სააგენტოს სამსახურის - კახეთის რეგიონალური ოფისისათვის დავალება დაარეგისტრიროს მოსარჩელეების სახელზე უძრავი ქონება მდებარე, სიღნაღის რაიონის სოფელი ..., საკადასტრო კოდი ... .

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ზ. ბ-ი და თ. ბ-ი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა N1 შენობის 1/4-1/4 წილი(უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...) ზ. ბ-ისა და თ. ბ-ის სახელზე; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის, ნ. ა-ის, ხ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-მა, ხ. ბ-მა და ნ. ა-მა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორები განმარტავენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების 1/4-1/4 წილი, მდებარე სიღნაღის რაიონის სოფელი ..., საკადასტრო კოდი ..., საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ზ. ბ-ისა და თ. ბ-ის სახელზე, რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 28 ოქტომბრის AA2014057798-03 ცნობა, რომლის თანახმად, 1998 წლამდე მდგომარეობით კომლის წევრად მითითებულია ზ. (კომლის უფროსი) ბ-ი, 1998-2008 წლების მდგომარეობით კი, ზ- (კომლის უფროსი) და თ. ბ-ები, ხოლო ამავე საარქივო ცნობის თანახმად საცხოვრებელი სახლის მონაცემები მითითებული არ არის, რიტაც დასტურდება, რომ ზ. ბ-ის კომლი არ ფლობდა საცხოვრებელ სახლს, შესაბამისად, თ- და ზ. ბ-ებზე უნდა მომხდარიყო არა საცხოვრებელი სახლის ნაწილის რეგისტრაცია, არამედ მხოლოდ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომლის მდებარეობა არსად მითითებული არ არის. ამასთან კასატორები მიუთითებენ, რომ 1997 წლის 11 იანვარს გ. ბ-სა და მის შვილს - ზ. ბ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გ. ბ-მა შეიძინა 1992 წლის გაყრილობის განაჩენით მის შვილზე გადაცემული საცხოვრებელი სახლი,1997 წლის მდგომარეობით კი ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად არ იყო გათვალისწინებული რაიმე განსაკუთრებული ფორმა.

კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო პალატის შეფასებებს საარქივო ცნობაზე დართულ საკომლო წიგნის ჩანაწერთა დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზ. ბ-ს სახლი მიეცა მამის წილიდან 1992 წლის განაჩენის საფუძველზე და აღნიშნავენ რომ 1997 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ. ბ-ს არ ჰქონდა საკუთრებაში 1992 წელს მიღებული ქონება, შესაბამისად, გასაჩივრებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღებით დარღვეულია კანონიერი მფლობელის - გ. ბ-ის უფლებები, რასაც ადასტურებს ასევე ზ. ბ-ი მის მიერ მიცემული ახსნა განმარტებით.

კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ გ. ბ-მა, მას როდესაც შეიტყო, რომ თ. ბ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ უკანონოდ, ზ. ბ-თან შეუთანხმებლად, მოითხოვა და განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია თავისი შვილის - თ. ბ-ისა და ზ. ბ-ის სასარგებლოდ, თავისი უფლების დასაცავად და სადავო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა მარეგისტრირებლე ორგანოს, თუმცა დღემდე რეგისტრაციის გაუქმება ვერ განხორციელდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის, ნ. ა-ის და ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2015 წლის 22 აპრილის AA2015027219-03 ცნობით, საკოლმეურნეო კომლის უფროსად მითითებულია გ. ბ-ი, ხოლო წევრებად ნ-(ცოლი) და ხ-(შვილი) ბ-ები. ამავე ცნობით, 1998 წლის მდგომარეობით ზ. ბ-ი გამოეყო კომლს. კომლის საკუთრებაში ირიცხება ასევე საცხოვრებელი სახლი. გ. ბ-ის კომლის გაყრის საფუძველზე წარმოიშვა ორი კომლი: გ. ბ-ის კომლი და ზ. ბ-ის კომლი. 2014 წლის 28 ოქტომბრის AA2014057798-03 ცნობის თანახმად, 1998 წლის მდგომარეობით კომლის წევრად მითითებულია ზ. (კომლის უფროსი) ბ-ი, 1998-2008 წლების მდგომარეობით კი ზ. (კომლის უფროსი) და თ. ბ-ები. ამავე ცნობაზე თანდართული საკომლო წიგნის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ზ. ბ-ს სახლი მიეცა მამის წილიდან 1992 წლის განაჩენის საფუძველზე, კერძოდ, ზ. გ. ძე ბ-ს შეხვდა სახლი დასავლეთის მხარეს, ხოლო გ. ბ-ის კომლს აღმოსავლეთ მხარეს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო რეგისტრაციის საფუძველზე გ. ბ-ის, ხ. ბ-ის და ნ. ა-ის უფლებების შელახვის ფაქტი არ დასტურდება, რამდენადაც, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, თ. და ზ. ბ-ების უფლება რეგისტრირებულია მხოლოდ შენობის წილზე, რაც არ შეიძლება იქცეს მიწისა და სახლის ნაწილზე მოსარჩელეთა უფლებების რეგისტრაციის ხელშემშლელ ფაქტორად.

რაც შეეხება კომლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს, აღნიშნული მოწესრიგებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლით, კერძოდ, თუ უძრავი ნივთის თანასაკუთრებაში მიმღებ პირებს უძრავ ნივთზე წარმოეშვებათ საერთო საკუთრების, აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორების მითითება თ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ზ. ბ-ის თანხმობის არარსებობის პირობებში განხორციელებული რეგისტრაციისას კანონდარღვევაზე, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი თანამესაკუთრის მიერ და მომსახურების საფასურიც გადახდილ უნდა იქნეს ერთი უფლების რეგისტრაციისათვის, რაც განხორციელდა თ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის მიერ და არ არსებობს რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის, ხ. ბ-ისა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორებს - გ. ბ-ს (პ/ნ ...), ხ. ბ-ს (პ/ნ ...) და ნ. ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 02.11.2017წ. №0 საგადასახადო დავალებით ლ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე