Facebook Twitter

#ბს-101-101(კ-18) 19 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 8 სექტემბერს ე. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებლის 2016 წლის 18 აგვისტოს უარის ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შენახვა არის ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელება და ამ ფუნქციის განხორციელების ფარგლებში შენახული დოკუმენტაცია არის საჯარო და მისთვის ღია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პრაქტიკით ზოგადად (იქნება ეს პროკურატურა თუ შსს) წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების უწყებრივ არქივში შენახვა არის ადმინისტრაციული ფუქციის განხორციელება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.2 მუხლი მასში მითითებულ ორგანოთა საქმიანობაზე კოდექსის გავრცელების ზოგად აკრძალვას აწესებს, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილები ერთობლიობაში უთითებენ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი ვრცელდება ამ მუხლში მითითებულ ორგანოთა მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. რაც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4 მუხლს, კასატორის განმარტებით, აქ არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის, სისხლის სამართელბრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების განმახორციელებელ ორგანოებზე კოდექსის მოქმედების ზოგადი აკრძალვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებლის 2016 წლის 18 აგვისტოს უარის კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 9 თებერვალს გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის #0007780414 საქმის მასალების სრულად გადაცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს კოდექსის მოქმედების გავრცელებას ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად; მე-2 ნაწილი აზუსტებს იმ ორგანოების ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება კოდექსის მოქმედება გარდა მე-3 თავისა; ამავე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი გამონაკლისები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კონკრეტულ საქმიანობებთან მიმართებაში, რომლებზეც არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. ერთ-ერთ ასეთ საქმიანობად, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მოთხოვნილი 2016 წლის 9 თებერვალს გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის #0007780414 საქმის მასალები მიეკუთვნება ისეთ დოკუმენტთა კატეგორიას, რომელზეც მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება და შესაბამისად, წარმოებისათვის დადგენილი ცალკეული მოქმედებების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რის გამოც მითითებულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართალწარმოების ეტაპზე საქმის მასალების გაცნობისა და სისხლის სამართალწარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება გარანტირებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. მითითებული კოდექსის 38-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „პ“ პუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები. ხოლო 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს („დაზარალებულის უფლებამონაცვლე“).

ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს კონკრეტულ პირთა წრეს, რომელთაც გააჩნიათ უფლება სისხლის სამართლის საქმის განხილვისა თუ საქმეთა დასრულების შემდეგ განახორციელონ ესა თუ ის მოქმედება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ხსენებულ პირთა გარდა სხვა პირთათვის, საქმის მასალის გადაცემას, სხვაგვარად საქმესთან დაშვებას ან საპროცესო მოქმედებებში მათ მონაწილეობას არ ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მისი შინაარსისა და მოთხოვნის წარმდგენი პირის ვინაობის გათვალისწინებით, კანონით დადგენილი სპეციალური დანაწესიდან გამომდინარე, ვერ დაკმაყოფილდებოდა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაიზიარეს მოწინააღმდეგე ადმინისტრაციულ ორგანოთა პოზიცია მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მოთხოვნილი ინფორმაციის, მისი შინაარსისა და მოთხოვნის წარმდგენი პირის ვინაობის გათვალისწინებით, კანონით დადგენილი სპეციალური დანაწესიდან გამომდინარე, ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან ე. გ-ე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არ წარმოადგენდა მხარეს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, სცდება ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებს და წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს. შესაბამისად, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გაეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. გ-ის საკასაციო საჩივარზე ე. მ-ს 09.01.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. გ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. ე. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. მ-ის მიერ 09.01.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი