#ბს-54-54(კ-18) 3 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 8 აპრილს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - გორის მუნიციპალიტეტის მერიის, თ. და ტ. ბ-ების მიმართ.
მოსარჩელემ „თ. ბ-ისათვის გორში, ... ქ. #8/2-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 22 მაისის #537 ბრძანების, თ. ბ-ისა და ტ. ბ-ის ნაწილში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 1 ივნისის საკუთრების უფლების #404 მოწმობის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 7 მარტის #1-64 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გორში, ... ქ. #8/2-ში მდებარე უძრავი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ მ. ბ-ის მითითებით ახალი ბრძანებისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ, იმ საფუძლით, რომ აღსრულება ხდება კანონდარღვევით გამოცემული დოკუმენტით, უზრუნველყოფის მიზნით სადავო ქონებაზე აღსრულების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მ. ბ-ის განცხადების გამო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, თ. ბ-ის, ტ. ბ-ის მიმართ განმცხადებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, თ. და ტ. ბ-ები მიმართ, თ. ბ-ისათვის გორში, ... ქ. #8/2-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 22 მაისის #537 ბრძანების, თ. ბ-ისა და ტ. ბ-ის ნაწილში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 1 ივნისის საკუთრების უფლების #404 მოწმობის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 7 მარტის #1-64 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა წარმოება.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ უგულებელყო 30.05.1997წ. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის 2.4 მუხლის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. #73 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 5.22 მუხლის მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. #107 დადგენილების მე-5 პუნქტი, ვინაიდან ქ.გორში, ... ქ. #8/2-ში მდებარე ბინასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა დადებული ქირავნობის ხელშეკრულება.
კასატორის მოსაზრებით, პალატამ უარყო გორის ... ქსოვილების კომბინატის მიერ ი. გ-ისა და მისი შვილის მ. ბ-ის სახელზე გაცემული პირადი ბარათები. ამასთან, სასამართლო დაეყრდნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მცდარ ჩანაწერებს. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი. გ-ი ქ.გორში, ... ქ. #8/2-ში რეგისტრირებული არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ ქცეული გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 22 მაისის #537 ბრძანების თანახმად, განხორციელდა თ. ბ-ისათვის (მ. ბ-ისა და ტ. ბ-ის შვილი) გორში, ... ქ. #8/2-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ გადაცემა, რის საფუძველზეც 2009 წლის 1 ივნისს გაიცა #404 საკუთრების უფლების მოწმობა სამ პირზე - მ. ბ-ეზე, თ. და ტ. ბ-ებზე, ხოლო 2012 წლის 14 სექტემბერს საჯარო რეესტრში სამივე პირზე საკუთრების უფლებით აღირიცხა აღნიშნული ფართი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მ. ბ-ე 1969 წლის 28 ივლისიდან 2009 წლის 9 თებერვლამდე რეგისტრირებული იყო გორში, ... ქ. #8/1-ში, ხოლო 2009 წლის 9 თებერვლიდან დღემდე რეგისტრირებულია გორში, ... ქ. #8/2-ში; ტ. ბ-ი 1976 წლის 4 ნოემბრიდან 1999 წლის 21 სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო გორში, ... ქ. #8-ში, ხოლო 1999 წლის 21 სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია გორში, ... ქ. #8/2-ში; თ. ბ-ი 2006 წლის 1 მარტიდან დღემდე რეგისტრირებულია გორში, ... ქ. #8/2-ში, ხოლო ი. გ-ი გორში, ... ქ. #8/2-ში რეგისტრირებული არ ყოფილა; იგი 1987 წლის 24 ნოემბრიდან 2004 წლის ივლისამდე (გარდაცვალებამდე) რეგისტრირებული იყო მისამართზე: გორი, ... მე-5 კვარტ., #13ა/20-ში.
საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას; იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს, რის გამოც ის გარემოება, რომ მ. ბ-ე 1969 წლიდან, ხოლო მისი მეუღლე - ტ. ბ-ი 1976 წლიდან ჩაწერილები იყვნენ სადავო ბინაში (გორი, ... ქ. #8/2), ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მათ კანონისმიერ უფლებებს.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ერთ-ერთი დავის საგანია იმ ფაქტის გარკვევა, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით იყო თუ არა ი. გ-ი გორში, ... ქ. № 8/2-ში მდებარე ფართის კანონიერი მოსარგებლე და წარმოადგენს თუ არა მის მემკვიდრეს მ. ბ-ე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ი. გ-ი (მ. ბ-ის მამა) გორში, ... ქ. #8/2-ში რეგისტრირებული არასოდეს ყოფილა; იგი 1987 წლის 24 ნოემბრიდან 2004 წლის ივლისამდე (გარდაცვალებამდე) რეგისტრირებული იყო მისამართზე: გორი, ... მე-5 კვარტ., #13ა/20-ში; ამავდროულად, გორის ... კომბინატში ი. გ-ის მუშაობის შესახებ (1953-1985) პირადი ბარათების მიხედვით, ი. გ-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია … ქუჩა, სახლი #13, … კომბ. დასახ. სახლი 20,7; ასევე ... ქ. #8/2.
აღსანიშნავია, რომ პირდაპირი სახის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ გორში, ... ქ. #8/2-ში მდებარე ბინა მმართველობითი აქტით (ან ორდერით) სარგებლობაში გადაეცა ი. გ-ს, არც ერთი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თ. ბ-ის, ტ. ბ-ისა და მ. ბ-ის საკუთრების უფლება აღიარებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებითაც, რომლითაც დამტკიცდა მხარეთა მორიგება იმ პირობებით, რომ ტ. ბ-ის კუთვნილი 1/3 წილის საკომპენსაციოდ მას თ. ბ-ი და მ. ბ-ე გადაუხდიან 10 000 ლარს 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ტ. ბ-ის წილი მაინც აღირიცხება თ. ბ-ისა და მ. ბ-ის სახელზე, 10 000 ლარის ამოღება კი მოხდება მათგან იძულების წესით. ამ გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ თვით მ. ბ-ის მიერ იქნა აღიარებული თ. და ტ. ბ-ების საკუთრების უფლება სადავო ბინაზე.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო არ მსჯელობს, რამდენად კანონიერად, რა საფუძვლით და რა გარემოებებზე დაყრდნობით გაიცა თ. ბ-ზე 2002 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული ორდერი და რატომ მიეთითა მასში იგი ერთადერთ მოსარგებლედ. თ. ბ-ზე 2002 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული ორდერის გაცემის კანონიერება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამრიგად, დღეის მდგომარეობით, ორდერი, როგორც თ. ბ-ის სახელზე სადავო ბინის პრივატიზების საფუძველი და უფლების დამდგენი დოკუმენტი, ძალაშია და გაბათილებული არ არის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ვ. ფ-ს 02.11.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ბ-ეს (პ/ნ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება;
3. მ. ბ-ეს (პ/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ფ-ის მიერ 02.11.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი