საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1164აპ-10 2 თებერვალი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ც. რ-ს, გ. ო-სა და ზ. შ-ს, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ივლისის განაჩენით:
გ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 თებერვლიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
კ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 თებერვლიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები _ კ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 8000 სომხური დრამი, 30 აშშ დოლარი და 4716 ლარი, ასევე კ. გ-ს მართვის ქვეშ მყოფი „ფორდის“ ფირმის მიკროავტობუსი სანომრე ნიშნით ... უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გ. ლ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,0547 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 7 აბი და კ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,08 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი, რაც ინახება შსს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
კ. გ-ს განაჩენიდან ამოერიცხა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი.
კ. გ-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.
კ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 თებერვლიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
გ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის საფუძველზე არ დაენიშნა სასჯელი მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები _ კ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 8000 სომხური დრამი, 30 აშშ დოლარი და 4716 ლარი უნდა დაუბრუნდეს კ. გ-ს ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
კ. გ-ს მართვის ქვეშ მყოფი „ფორდის“ ფირმის მიკროავტობუსი სანომრე ნიშნით ... საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გ. ლ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,0547 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 7 აბი და კ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,08 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი, რაც ინახება შსს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ც. რ-ს, გ. ო-სა და ზ. შ-ს, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ კ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ც. რ-ს, გ. ო-სა და ზ. შ-ს, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.