Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

1167აპ-10 ქ. თბილისი

16 მაისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. შ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის განაჩენით ა. მ-ი და გ. შ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა» და მესამე ნაწილის „ბ» ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოთ 2010 წლის 27 იანვრიდან; მათვე დამატებით სასჯელებად განესაზღვრათ ჯარიმა _ თითოეულს 5000 ლარის ოდენობით. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელები და მსჯავრდებულებს სამოქალაქო მოსარჩელე ლ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 44950 აშშ დოლარის, ხოლო გ. ა-ს სასარგებლოდ _ 15000 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: მსჯავრდებულები _ ა. მ-ი და გ. შ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი); განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ გ. შ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.