Facebook Twitter

#ბს-208-208(კ-18) 17 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 16 მარტს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 თებერვლის #131 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის შპს „...“ შავი სიიდან ამოღების დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 თებერვლის #131 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით შეჩერდა შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 თებერვლის #131 განკარგულების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების ააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 თებერვლის #131 განკარგულება შპს „...“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე; დაევალა მოპასუხე მხარე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, პირდაპირ იკვეთება ის გარემოება, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტოში წარდგენილი და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში … ელექტრონულ ტენდერში ატვირთული დოკუმენტაციიდან ირვევა, რომ პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით განხორციელდა არაკეთილსინდისიერი ქმედება. კერძოდ, მის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ატვირთული ხარისხის მართის სერთიფიკატები იდენტური ნომრით … არ იყო ავთენტური, რაც დასტურდება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის სერთიფიკატის გამცემი ორგანოს წერილით.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე საქმე #ბს-789-753(კ-09), სადაც მითითებულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და მე-7 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს დისკრეციული უფლებამოსილების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია თუ არა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

კასატორმა აღნიშნა, რომ ჩანაწერი წარმოადგენდა სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 23 თებერვლის #131 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს „...“ დარეგისტრირდა შავ სიაში.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 26 დეკემბრის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სატენდერო კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით, სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ შპს „...“ მიერ წარდგენილი სერთიფიკატები არ იყო ავთენტური, რის გამოც პრეტენდენტი ჩაითვალა არაკეთილსინდისიერად და მიეცა დისკვალიფიკაცია ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ასევე დადგენილია, რომ შპს „...“ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა ცენტრიდანული ტუმბოების მწარმოებელი ქარხნის ხარისხის მართვის სამი სერთიფიკატი, მათ შორის, ორი სერთიფიკატი (N… და N…) გაცემული იყო „C…“ მიერ, ხოლო მესამე სერთიფიკატი (N…) გაცემული იყო ,,B…“ მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაქცია ყურადღება საქმეში წარმოდგენილ შპს „შ…“-ს (მწარმოებლის) დადასტურების წერილზე, რომლის თანახმად ამ ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სერტიფიკატები (…და …) გაცემულია ჩინეთის ხარისხის სერტიფიცირების მიერ და სერტიფიკატები ეხება ცენტრიდანული ტუმბოების წარმოებას. საქმეში ასევე წარმოდგენილია ჩინეთის ხარისხის სერტიფიცირების ცენტრის 2015 წლის 13 მაისის დამოწმების წერილი, რომლის თანახმად, … (…) და … (…) სერტიფიკატები არის ნამდვილი. აღნიშნული დოკუმენტებზე კი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია სადავო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის სახელმწიფო ენაზე შედგენილი ან ნათარგმნი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „...“ მიერ წარდგენილი სერთიფიკატები არ იყო ავთენტური.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 21.02.2018წ. #00605 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს/კ 204428510) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს/კ 204428510) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.02.2018წ. #00605 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი