Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

1175აპ-10 ქ. თბილისი

25 მარტი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ე. გ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ე. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 დეკემბრიდან.

ამავე განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 28 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2008 წლის 30 ივლისიდან 2008 წლის 29 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის ვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: ე. გ-ეს ზემოაღნიშნული მუხლებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ე. გ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.