020310016001479786
ბს-899-895 (2კ-17) 21 ივნისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბ. კ-ას და გ. მ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. კ-ამ და გ. მ-ამ 23.08.2016წ. სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურის (ზუგდიდის რაიონული პროკურატურა) მიმართ და მოითხოვეს უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულისათვის 20 000 ლარის ოდენობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 18.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურას (ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას) ბ. კ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა, ხოლო გ. მ-ას სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების და მოპასუხის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. გადაწყვეტილებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ. კ-ასათვის 1000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ბ. კ-ას და გ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ბ. კ-ამ და გ. მ-ამ.
კასატორმა საქართველოს მთავარი პროკურატურამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. მ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.9, სზაკ-ის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.09.2013წ. #3/1237-13, 25.05.2015წ. #3/4964-14 გადაწყვეტილებებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის გ. მ-ას სასარგებლოდ დაკისრებული 5000 ლარი არ არის შესაბამისობაში დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან, ვინაიდან მოხდა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თანხის დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორებმა ბ. კ-ამ და გ. მ-ამ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დაუკმაყოფილებელ ნაწილში, მიუთითეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“ და აღნიშნეს, რომ უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენებით განიცადეს მძიმე ფსიქიკური სტრესი, მიიღეს მორალური და მატერიალური ზიანი, შეელახათ პატივი და ღირსება, ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მათ მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენი ადასტურებს მათ უდანაშაულობას, რაც ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს. ორივე მათგანი სრულად გამართლდა ყაჩაღობის ბრალდების ნაწილში, ხოლო ბ. კ-ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ ბ. კ-ას მიმართ არ იარსებებდა უსაფუძვლო ბრალდება ყაჩაღობის ნაწილში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ იქნებოდა გამოყენებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბ. კ-ას და გ. მ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ბ. კ-ასთვის წარდგენილი იქნა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. საბოლოო განაჩენის დადგომამდე ბ. კ-ამ პატიმრობაში გაატარა 8 თვე და 11 დღე. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.10.2014წ. განაჩენით ბ. კ-ა ნაწილობრივ გამართლდა და იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავებიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ბ. კ-ას ნაწილში საკასაციო პრეტენზიები, ვინაიდან მის მიმართ არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მის მიმართ სასჯელის სახით დადგენილი იქნა თავისუფლების აღკვეთა, რაშიც ჩათვლილი იქნა განაჩენის დადგომამდე მის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული სრული პერიოდი. საფუძველს არის მოკლებული კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების არ არსებობის შემთხვევაში მის მიმართ არც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული. საქმეში დაცული ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 19.02.2014წ. განჩინებით (ს.ფ.21-25) ბ. კ-ას და გ. მ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე დასაბუთებისას სასამართლომ მიუთითა, რომ გაითვალისწინა ბ. კ-ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები, მათ შორის ნარკოტიკული დანაშაული. ამასთანავე, საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, რომლის ათვლა ბ. კ-ასთან მიმართებაში დაიწყო ფაქტობრივი დაკავების თარიღიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბ. კ-ას მიმართ არ დგინდება ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მითითებული - უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის ან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების არსებობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს ბ. კ-ას საკასაციო პრეტენზიებს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ განაჩენის გამოტანამდე გ. მ-ა იმყოფებოდა პატიმრობაში, სადაც გაატარა 8 თვე და 11 დღე. გ. მ-ას მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რაც ადასტურებს ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის დაკისრებული თანხა - 5000 ლარი შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნასთან მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე, ხოლო გ. მ-ას საკასაციო პრეტენზიები საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია. ასევე არ დასტურდება საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საკასაციო საჩივარში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მითითებულ გადაწყვეტილებებს არ გააჩნიათ სავალდებულო ძალა საკასაციო სასამართლოსთვის. ამასთან, გადაწყვეტილება მიიღება თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, რომელთა გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება საააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის მათ დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბ. კ-ას და გ. მ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბ. კ-ას და გ. მ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი