Facebook Twitter

ბს-1063-1057 (კ-17) 21 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

25.08.2016წ. გ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შსს მინისტრის 21.06.2016წ. №1524981 და №1525001 ბრძანებების ბათილად ცნობა, აგრეთვე გ. გ-ას თანამდებობაზე აღდგენის, სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მის აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდების მინიჭების, 2015-2018წ.წ. ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, აგრეთვე მოპასუხისათვის გ. გ-ას სასარგებლოდ 2400 ლარის ოდენობით პროცესის ხარჯის - სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინებით გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ამ.

კასატორი - გ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

კასატორი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 40.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად პოლიციელისთვის ბრალის წაყენება იმავდროულად არ წარმოადგენს დაკავებული თანამდებობიდან მისი გადაყენების საფუძველს, რადგან ეს შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული ნორმა სავალდებულო წესით არ ითვალისწინებს პოლიციელის გადაყენებას მისთვის ბრალის წარდგენისთანავე. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა გ. გ-ას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნა. გასაჩივრებული აქტები და გენ. ინსპექციის დასკვნა აგრეთვე არ შეიცავს დასაბუთებას გ. გ-ას გადაყენების საჭიროების შესახებ. ამასთანავე, სისხლის სამართლის საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია პროკურატურას გ. გ-ას თანამდებობიდან გადაყენება. გ. გ-ას თანამდებობიდან გადაყენებამდე არ მისცემია შესაძლებლობა გამოეთქვა საკუთარი აზრი ზეპირ ადმინისტრაციულ წარმოებაზე. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 23.05.2014წ. #3/1/574 გადაწყვეტილებას, სადაც არაკონსტუტუციურად იქნა მიჩნეული პირის თანამდებობიდან გადაყენება ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.08.16წ., 15.12.16წ. და 23.01.17წ. განჩინებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათზე წარდგენილი იყო სააპელაციო პრეტენზიები.

კასატორის მოთხოვნას აგრეთვე შეადგენს მოწინააღმდეგე მხარისათვის ადვოკატის დახმარების 2400 ლარის ანაზღაურების დაკისრება. კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ადვოკატისათვის თანხის წინასწარ გადაუხდელობა და იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არარსებობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას გასაჩივრებული აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე და მიუთითებს გასაჩივრებული შსს მინისტრის 21.06.2016წ. №1524981 ბრძანებაზე, რომლითაც გ. გ-ა გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ბრძანების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 33.1 მუხლი განსაზღვრავს, რომ სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლი. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე უმართებულოა კასატორის მოსაზრება, რომ გ. გ-ას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ დასაბუთებული მოთხოვნის არარსებობის პირობებში უკანონოდ უნდა იქნას მიჩნეული მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შსს მინისტრის 21.06.2016წ. №1524981 ბრძანება. დასახელებული ნორმები ითვალისწინებს არა ყველა მითითებული საფუძვლის კუმულატიურად, არამედ ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენებას, რაც მოცემულ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის 15.06.16წ. დასკვნის სახით უდავოდ არსებობს (ტ.1.ს.ფ.333-336).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ ითვალისწინებს გამართლების შემთხვევაში თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურის აღდგენის შესაძლებლობას ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში

(33.2 მუხ.). საქმის მასალებით არ დასტურდება გ. გ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რაც დამატებით ადასტურებს სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობას ამ ეტაპზე.

არარელევანტურია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 23.05.2014წ. #3/1/574 გადაწყვეტილებაზე მითითება მოცემულ საქმესთან მიმართებაში, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტუტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160.1 მუხლის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები, რაზეც კასატორი უთითებს, არ ეხება ადმინისტრაციულ წარმოებას. შესაბამისად, მითითებული მსჯელობა ვერ გახდება გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.08.16წ., 15.12.16წ. და 23.01.17წ. განჩინებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათზე წარდგენილი იყო სააპელაციო პრეტენზიები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ განჩინებებზე შესაბამისი მსჯელობა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში (ტ.2.ს.ფ.68-69).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ადვოკატის დახმარებისათვის 2400 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ადვოკატის დახმარების ხარჯის ანაზღაურებას უკავშირებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის (სსკ-ის 53- ე მუხ.).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - გ. გ-ას საკასაციო პრეტენზიებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი