Facebook Twitter

010310016001289469

# ბს-1135-1129 (კ-17) 21 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

22.03.2016წ. თ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის განხორციელებისა და ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ.

კასატორი - თ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი მიუთითებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებაზე „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ", ქალაქგეგმარების დოკუმენტების მიღების წესის მომწესრიგებელ აქტებზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები", ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებაზე „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ", თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის #4-1 დადგენილებით დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე" და აღნიშნავს, რომ მიმართა მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით, რაზეც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 03.02.2016წ. ბრანებით უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის საპროექტო გზა. კასატორი თვლის, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საავტომობილო გზის მშენებლობის დაგეგმვა თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენებით არის მისი ქონების მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველი. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, გზისა და მაგისტრალის გაყვანა წარმოადგენს საკუთრების მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს. თუმცა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ ახდენს თ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ქონების მიმართ ექსპროპრიაციასა და ქონების ანაზღაურებას, რომელიც უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. ვინაიდან თ. ბ-ის მიწის ნაკვეთზე აიკრძალა სამშენებლო საქმიანობა, ხოლო მოპასუხის მხრიდან არ ხდება შესაბამისი თანხის ანაზღაურება, სახეზეა საკუთრების ისეთი შეზღუდვა, რომელმაც მის საკუთრებას დაუკარგა არსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად. საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 03.02.2016წ. ბრძანებით თ. ბ-ეს უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის საპროექტო გზა. აღნიშნული ბრძანება თ. ბ-ის მიერ არ გასაჩივრებულა. კასატორის მოთხოვნას შეადგენს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელება და შესაბამისი თანხის ანაზღაურება. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად იმისათვის, რომ განხორციელდეს საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, თავდაპირველად უნდა არსებობდეს შეუთანხმებლობა მესაკუთრესთან ქონების გასხვისების თაობაზე, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შესაბამის ორგანოს ენიჭება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლება კონკრეტულ უძრავ ნივთებთან მიმართებაში. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება (მე-3 მუხ.). თ. ბ-ის მხრიდან თანხმობის გაცხადება სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაზე იმთავითვე გამორიცხავს მისივე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ექსპროპრიაციის საფუძველზე თანხის ანაზღაურების თაობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება იმ გარემოებების არსებობა, რაც გახდებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის და თანხის ანაზღაურების საფუძველი. ამასთანავე, არ არის დადგენილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 03.02.2016წ. ბრძანების უკანონობა, რომლითაც თ. ბ-ეს უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე. აღნიშნული ბრძანება თ. ბ-ის მიერ არ გასაჩივრებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა და უსაფუძვლოა კასატორის - საკასაციო პრეტენზიები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2017წ. განჩინება;

3. ჯ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 13.11.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი