Facebook Twitter

ბს-1045-1039 (კ-17) 21 ივნისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 07.04.2016 წ. #9 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 07.07.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 07.04.2016 წ. #9 დადგენილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კასატორმა აღნიშნა, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მ. გ-ის მისამართთან დაკავშირებული საკითხების არასრულყოფილად გამოკვლევის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხული იქნენ მეზობლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მ. გ-ი ხაშურში არ ცხოვრობს და მისი მისამართის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მ. გ-ის მისამართის მოუძიებლობის გამო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მითითება გაკრული იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარზე. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება ნებართვის გარეშე განხორციელებული რეკონსტრუქციის ლეგალიზების შესაძლებლობის თაობაზე, ვინაიდან რეკონსტრუქცია განხორციელდა 2016 წელს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. #660 ბრძანებულების თანახმად ლეგალიზება შესაძლებელია განხორციელდეს იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც აშენებულია 2007 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, მ. გ-ის მიერ ნაწარმოების რეკონსტრუქციის ლეგალიზება შეუძლებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ხაშურში, ... ქ. #53-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის, კერძოდ, სახურავის შეცვლის გამო მ. გ-ის მიმართ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 01.02.2015წ. შედგა #2 მითითება, რომლითაც განესაზღვრა 15 დღის ვადა გამგეობისთვის რეკოსტრუქციის შესაბამისი პროექტისა და ნებართვის წარდგენისათვის. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 26.02.2016წ. #7 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მ. გ-მა არ შეასრულა მითითების პირობები. 05.04.16წ. მ. გ-მა განცხადებით მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სახურავის შეცვლის ნებართვის მოთხოვნით. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.04.2016წ. #9 დადგენილებით მითითების შეუსრულებლობის გამო მ. გ-ი დაჯარიმდა 2000 ლარით. დადგენილებაში აღინიშნა, რომ მ. გ-ის მიერ ჩადენილია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ. #57 დადგენილება განსაზღვრავს, რომ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად. ექსტერიერის რეკონსტრუქცია არის ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს (4.3. მუხ.). მ. გ-ის მიერ 05.04.16წ. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილ განცხადებას სახურავის შეცვლის ნებართვის შესახებ ერთვოდა სახურავის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა მის შეცვლამდე და მის შემდეგ იდენტური გაბარიტების მითითებით. აღნიშნული მასალით დასტურდება, რომ სახურავის შეცვლა მოხდა გაბარიტების შეუცვლელად. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ წარმოდგენილა. გაბარიტების ცვლილების გარეშე სახურავის შეცვლა ზემოთაღნიშნული დადგენილების დათქმის გათვალისწინებით სათუოს ხდის მ. გ-ის მიერ წარმოებული სამუშაოს რეკონსტრუქციად მიჩნევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევის დროს გარდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გარკვევისა, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა დაადგინოს რამდენად შესაძლებელია მ. გ-ის მიერ წარმოებული სამუშაოს რეკონსტრუქციად მიჩნევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მ. გ-ისთვის შეტყობინების გაგზავნამდე მისი მისამართის დადგენისათვის სათანადო ზომების მიუღებლობის შესახებ. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ქვეპუნქტით გათვალისწინებულია შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მითითებული დოკუმენტების გაცნობა მხარისათვის ჩაბარების გზით ვერ ხერხდება. კოდექსის აღნიშნული დათქმა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადრესატისათვის კორესპონდენციის ჩაბარების მიზნით ზომების მიღებისაგან. საქმეში დაცული შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ 05.02.2016წ. და 18.03.2016წ. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მ. გ-ის სახელზე გაიგზავნა წერილობითი კორესპონდენცია, რაც ადრესატს არ ჩაბარდა არასრული მისამართის მითითების გამო (ს.ფ. 59, 112). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მ. გ-ისთვის შეტყობინების გაგზავნამდე არ მიიღო სათანადო ზომები მისი მისამართის დადგენისათვის. საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოკითხა მეზობლები მ. გ-ის მისამართის დადგენის მიზნით, საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნულის გამო საკასაციო საჩივარშო მოყვანილი არგუმენაცია ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

არარელევანტურია კასატორის მითითება განხორცილებული რეკონსტრუქციის ლეგალიზების შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ დავალებია რეკონსტრუქციის ლეგალიზება. განსახილველი დავის საგანი არ არის რეკონსტრუქციის ლეგალიზება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი