კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-638-638(კს-18) 15 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ.
2017 წლის 4 მაისს ლ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 19 აპრილის #292283 განკარგულების ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ" და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 19 აპრილის #291453 განკარგულების ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ" ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 19 აპრილის #292283 განკარგულებით ლ. მ-ეს საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის" მე-80 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევისათვის შეეფარდა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 19 აპრილის #291453 განკარგულებით ლ. მ-ს საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის" მე-80 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტითა და დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევისათვის შეეფარდა დისციპლინური სახდელი - სატელეფონო საუბრის შეზღუდვა 2 თვის ვადით.
მსჯავრდებულმა - ლ. მ-ემ სადავოდ გახადა აღნიშნული დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაცვის უფლება გარანტირებულია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უზენაეს კანონს, უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. პატიმრობის კოდექსი არის საქართველოს კანონი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
დისციპლინური გადაცდომების სახეები, გადაცდომების (დარღვევების) ამომწურავი ჩამონათვალი (ანუ გადაცდომებისა, რომლებიც შესაძლებელია ჩაიდინოს საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა), აგრეთვე დისციპლინური დარღვევის თანმხლები დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილი არის სპეციალური საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კანონით „პატიმრობის კოდექსით“.
„პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული და არც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის (რომელიც გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს) მე-2 პუნქტი მსუბუქ დისციპლინურ დარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს.
საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად ანალოგიურ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არაერთი ქვეყნის კანონმდებლობაც, ხოლო რიგი სახელმწიფოების კანონმდებლობა ახდენს დისციპლინური დარღვევის მნიშვნელობისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გასაჩივრების წესის დიფერენციაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ლ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი