# 330310016001618186
საქმე ¹ბს-395-395(კ-18) 29 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. მ-ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება
კასატორის მოთხოვნა - სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. მ-მა 24.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 16.11.2016წ. N2871123 აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1981 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადსხვა თანამდებობებზე. 2014 წლის მარტიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ... პოლიციის ... სამმართველოს ... თანამდებობაზე. მისი გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 15.11.2016წ. დასკვნა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა ტენდენციური და დისკრიმინაციულია. დასკვნის თანახმად, საქართველოს ... პოლიციის ... დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - კ. ჩ-ე მოსარჩელის მოადგილეზე - ბ. ბ-ეზე მიმაგრებული ... პოლიციის კუთვნილი ავტომანქანით მეგობრებთან ერთად ნადირობის მიზნით გადაადგილდებოდა. კ. ჩ-ე თანმხლებ პირებთან ერთად შეჩერებულ იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ იმ ქმედებების აღკვეთის მიზნით, რაც გათვალისწინებულია ასკ-ის 89.1, 893.1, 86.12 და 84.3 მუხლებით. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე იმსჯელა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და ასკ-ის ოთხივე მუხლის შემთხვევაში, დასკვნაში აღნიშნული პირები ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად. ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, ხ. მ-მა და მისმა მოადგილემ - ბ. ბ-ემ ავტომანქანის გადაცემით დახმარება აღმოუჩინეს და ხელი შეუწყვეს კ. ჩ-ეს. შესაბამისად, მათი ქმედებები შეფასებული უნდა ყოფილიყო „შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ 2.2 მუხლის „ა“, „ა1“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად, რაც გულისხმობს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის მიყენებას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა კ. ჩ-ის და მისი მეგობრების განზრახვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2017წ. გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 16.11.2016წ. N2871123 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა ხ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ... პოლიციის ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ხ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ... პოლიციის ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხ. მ-ს რაიმე მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - კ. ჩ-ის მიერ სამსახურებრივი ავტომობილის და საწვავის პირადი მიზნებით გამოყენებაში. საქმეში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ავტომანქანის გამოყენების დროს მოსარჩელე სახლში იმყოფებოდა, რაც სატელეფონო საუბრის დროს მან პირადად აცნობა კ. ჩ-ეს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. მ-ისთვის უცნობი იყო ავტომანქანის გამოყენების შესახებ. ამათანავე, კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ... პოლიციის ... დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - კ. ჩ-ე სამსახურებრივად ზემდგომ თანამდებობის პირს წარმოადგენდა საქართველოს ... პოლიციის ... დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის - ხ. მ-ისთვის. რადგან ზემდგომი თანამდებობის პირის სამსახურებრივი კონტროლი არ ევალება ქვემდგომ თანამდებობის პირს, სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.2017წ. გადაწყეტიელბა სააპელაციო წესით გააჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამასთანავე, სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
01.05.2018წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 01.05.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ბ. დ-სა და ხ. მ-ს შორის გაფორმებული მორიგების აქტი. ზემოხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი: „ერთი მხრივ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) ხ. მ-ი (პ/ნ ...) და მეორე მხრივ მოპასუხე (კასატორი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ბ. დ-ის (პ/ნ ...) სახით მორიგების შესაბამისად ვთანხმდებით შემდეგზე:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათილად ცნობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 16.11.2016წ. N2871123 ბრძანებას და უზრუნველყოფს ხ. მ-ის სამსახურში აღდგენას.
2. მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) ხ. მ-ი უარს იტყვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე.“
საკასაციო სასამართლოს 28.06.2018წ. სხდომაზე ხ. მ-მა და მისმა წარმომადგენელმა დ. მ-ემ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მორიგების დამტკიცების სურვილი ზემოხსენებული პირობების შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მ. კ-ე, რომელმაც, აგრეთვე, თანხმობა განაცხადა მორიგების დამტკიცებაზე. მის მიერ წარმოდგენილი 28.06.2018წ. NMIA 41801530092 რწმუნებულებით სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად, მ. კ-ეს მინიჭებული აქვს ხ. მ-ის საქმესთან დაკავშირებით მორიგების უფლებამოსილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო ხ. მ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ბ. დ-ს შორის გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს წარმოდგენილი აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მორიგების აქტზე ხელმომწერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ბ. დ-ს 21.11.2017წ. №2807680 რწმუნებულებით, სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვს საქმის მორიგებით დასრულების უფლებამოსილება. ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის - მ. კ-ის მიერ წარმოდგენილი 28.06.2018წ. NMIA 41801530092 რწმუნებულებით სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ხ. მ-ის საქმესთან დაკავშირებით მორიგების უფლებამოსილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ხ. მ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ბ. დ-ს შორის 01.05.2018წ. გაფორმებული მორიგების აქტი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, წარმოდგენილი მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას, ამდენად, შესაძლებელია წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2017წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება;
2. დამტკიცდეს ხ. მ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მიღწეული მორიგება შემდეგი პირობებით:
2.1 მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათილად ცნობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 16.11.2016წ. N2871123 ბრძანებას და ხ. მ-ს აღადგენს სამსახურში.
1.2. მოსარჩელე - ხ. მ-ი უარს იტყვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
3. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი