Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-402-402(კ-18) 6 ივლისი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიმართ და მოითხოვა: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2014 წლის 01 ივლისის №04-645 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2014 წლის 7 აგვისტოს №04-646 განცხადებით მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრის 2014 წლის 23 სექტემბრის №OL-3232 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2014 წლის 25 სექტემბრის №04-652 განცხადებით მოთხოვილი ქმედების განხორციელების დავალება, მ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1-1/299 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაევალა ადამიანის უფლებათა ცენტრის 2014 წლის 23 სექტემბრის №OL-3232 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან ისეთი უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა, რომლებიც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის შეუძლებლობას დაადასტურებდნენ. კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით საპროცესო ვადის გაგრძელების შემდეგ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი და გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარამდე შემცირება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის და 2018 წლის 13 ივნისის განჩინებებით კასატორს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა.

საკასაციო პალატამ, მხარეს, ზემოაღნიშნული განჩინებებით განუმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საპენსიო ასაკის მიღწევა, ისევე როგორც პენსიონერის სტატუსის ქონა, არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემცირების/გათავისუფლების ან/და გადავადების საფუძველი. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გარემოება შესაძლებელია სასამართლომ მხედველობაში მიიღოს სხვა დამატებითი მტკიცებულებებისა თუ გარემოებების არსებობისას და მის საფუძველზე, ვინაიდან მხოლოდ პენსიონერის სტატუსი სასამართლოს მიერ ვერ შეფასდებოდა სახელწმიფო ბაჟის შემცირების საფუძვლად. ხსენებული განჩინებებით კასატორს ასევე განემარტა, რომ მის მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი მისი ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტები - ფინანსური ინსტიტუტებიდან, საბანკო დაწესებულებებიდან ამონაწერები და ცნობები, რის გამოც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებებით არაერთგზის დაევალა მხარეს სრულყოფილად წარმოედგინა ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ ბაჟის სრულად გადახდის შეუძლებლობას დაადასტურებდა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების მიზნით მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 მაისის ცნობა, რომლის თანახმად, მ. ა-ეს 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილამდე არ უფიქსირდება შემოსავალი, სს „ს...“ 2018 წლის 4 ივნისის ცნობა მასზედ, რომ 2017 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 11 მაისამდე პერიოდში სს „ს...“ არ ფიქსირდება მ. ა-ის მიერ განაღდებული და გაგზავნილი გზავნილები (ამავე ცნობას დაერთო 2017 წლის 1 დეკემბრიდან – 2018 წლის 29 მაისამდე პერიოდის ამონაწერი სს „ს...“, რომლის თანახმად, მ. ა-ის ანგარიშზე თანხების ბრუნვა არ ფიქსირდება), სს „ლ...“ მიერ 2018 წლის 31 მაისს გაცემული ცნობა მასზედ, რომ 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 30 მაისამდე პერიოდში მ. ა-ეს სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით განხორციელებული ტრანზაქციები არ უფიქსირდება, სს „ვ...“ მიერ 2018 წლის 5 ივნისის ცნობა მასზედ, რომ 2017 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 5 ივნისამდე პერიოდში სს „ვ...“ არ ფიქსირდება მ. ა-ის მიერ განაღდებული/გაგზავნილი გზავნილები. ამავე საბანკო დაწესებულების 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 27 მაისამდე პერიოდის ამონაწერის თანახმად, მ. ა-ის ანგარიშზე თანხების ბრუნვა არ ფიქსირდება. ასევე, წარმოდგენილია სს „თ...“ მიერ 2018 წლის 15 ივნისის ცნობა, რომლის თანახმად, მ. ა-ე 2008 წლის 5 ნოემბრიდან არ არის სს „თ...“ კლიენტი და არ ფლობს ანგარიშებს, ცნობაში ასევე მითითებულია, რომ 2017 წლის 1 ივნისიდან დღემდე მ. ა-ეს სს "თ...” სწრაფი გზავნილების სისტემით არ უსარგებლია.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე სასამართლო განხილვისას სახელმწიფო ბაჟის დაწესება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება - სასამართლოს დაცვა დაუსაბუთებელი სარჩელებით გადატვირთვისაგან. სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირება ყოველთვის არ არის დამოკიდებული სასამართლოს მიხედულებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებულია კონკრეტული საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, შეამციროს სასამართლო ხარჯების ოდენობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებების ჩამონათვალი მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=403), რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების შესახებ საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საჭირო დოკუმენტაცია კი კასატორმა სასამართლოს მხოლოდ 4 საბანკო დაწესებულებიდან წარმოუდგინა მაშინ, როდესაც მათი ოდენობა გაცილებით მეტია. ამასთან, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრულყოფილი ინფორმაცია კასატორმა მხოლოდ სამი საბანკო დაწესებულებიდან წარმოადგინა - სს „ს...“, სს „ლ...“ და სს „თ...“. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ მიიჩნევს ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის დამატებით გაგრძელების აუცილებლობას, რამდენადაც ხარვეზის ვადის გაგრძელების ძირითადი დანიშნულება არის ის, რომ მხარისათვის გაუგებარი იყო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შინაარსი ან მხარეს არ ჰქონდა დრო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოსადგენად. იმდენად, რამდენადაც კასატორის მიერ საბანკო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი დოკუმენტები ამომწურავი ხასიათისაა, სასამართლოს უჩნდება მოსაზრება, რომ მხარისათვის გასაგები იყო ხარვეზის შინაარსი. მხარის მიერ ჯეროვნად იქნა გაგებული, თუ რა ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა მას სასამართლოს მიერ, მაგრამ კასატორს სხვა საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაცია არ წარმოუდგენია, მას სრულყოფილად არ წარმოუდგენია სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ხარვეზის ვადის განსაზღვრისა და არაერთგზის (სამჯერ) გაგრძელების მიუხედავად.

სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ამომწურავად და უტყუარად არ დგინდება კასატორის იმგვარი ქონებრივი მდგომარეობა, რაც სასამართლოს მისცემდა სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესაძლებლობას. წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულია და შეუძლებელია მხარის ქონებრივი მდგომარეობის სრულად განსაზღვრა რაიმე შემოსავლის არსებობის თვალსაზრისით, რაც არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის შემცირების საფუძველს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, კასატორს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - მ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 22.05.2018წ. №12 საგადახდო დავალებით მ. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე