საქმე # 140310116001386310
საქმე Nბს-1000-996(კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. დ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი
მესამე პირები - სსიპ „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საბაზო სკოლა“; ნ. დ-ი, ნი. დ-ი, გი. დ-ი, ქ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. დ-მა 2016 წლის 6 ივნისს სარჩელი აღძრა გორის რაიონული სასამართლოში მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 27 აგვისტოს N38 მიმართვის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 14 ივლისის N1-597 ბრძანების ბათილად ცნობა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, გ. (გ.) დ-ის (პირ. № ...9) და ქ. დ-ის (ქ. მ-ი) საკუთრებაში № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2004 წლის 27 აგვისტოს № ... ჩანაწერის ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმული იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ნ., ნი., გი. დ-ები, ქ. მ-ი, ხოლო მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საბაზო სკოლა“.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის სოფელ … საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 27 აგვისტოს N38 მიმართვა. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 14 ივლისის N1-597 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, გ. (გ.) დ-ის (პირ.N...) და ქ. დ-ის (ქ. მ-ი) საკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მათ შესახებ მონაცემების ბათილად ცნობისა და სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2004 წლის 27 აგვისტოს N... ჩანაწერი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმეზე დადგენილია, რომ გ. (გ.) დ-ისა და ქ. დ-ის (მ-ის) სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციით, მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 4344 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა № ... საკადასტრო კოდით, რაზეც შედგა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (საკადასტრო რუკა); ასევე დადგენილია, რომ გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის საკრებულოს გამგეობის მიერ 2004 წლის 27 აგვისტოს გაიცა 1 მიმართვა და 3 ცნობა მასზედ, რომ გ. დ-ზე N... საკადასტრო კოდით რიცხულ მიწაზე უნდა გაუქმდეს რეგისტრაცია და გაფორმდეს ... საბაზო სკოლაზე (N38 მიმართვა), რომ ... საბაზო სკოლაზე ირიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,18 და 1,60 ჰა მიწის ნაკვეთები (N792 და N793 ცნობები), ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,43 ჰა მიწის ნაკვეთი (N794 ცნობა); გორის რაიონის განათლების განყოფილებამ 2004 წლის 23 აგვისტოს მიმართა (N146) გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ითხოვა ... საბაზო სკოლის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება. მითითებული ცნობებისა და მიმართვების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2004 წლის 27 აგვისტოს განახორციელა N... რეგისტრაცია, რომლითაც გ. და ქ. დ-ების სახელზე N... საკადასტრო კოდით რიცხული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო); შემდგომში მისი საკადასტრო კოდი გახდა ..., მიწის დაზუსტებული ფართობი კი წარმოადგენს 3 289 კვ.მ.
აღნიშნული გარემოება როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ შეაფასეს, როგორც საკუთრების უფლების გაუქმება, თუმცა ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა თავის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მოახდინოს საკუთარი გადაწყვეტილების კონტროლი და შეამოწმოს მისი კანონიერება შესაბამისი ინფორმაციის შემთხვევაში.
კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2003 წლის 26 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაცია წარმოადგენდა ე.წ. სისტემურ რეგისტრაციას, კერძოდ, ამონაწერში მითითებული იყო, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე წარმოადგენდა საგადასახადო სია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი საჯარო რეესტრში დაცული არ არის და აქედან გამომდინარე, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე აღრიცხული საკუთრების უფლება თავისი არსით ვერ იქნება კანონიერი. სწორედ ამ საფუძვლით განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, ის გარემოებები, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N ... (04.05.2016) გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან გ. დ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, ზედდება ფიქსირდება სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან საკადასტრო კოდით: .... ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით კი ასევე დგინდება, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ 1 (ერთ) პროცენტზე მეტად აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (გორის არქივის 2016 წლის 7 აპრილის № AA2016029230-04 საარქივო ცნობა) მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. გ. დ-ის კომლის საკუთრებაში ე.წ სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებულია უძრავი ნივთები ს/კ ...-2817კვ.მ, ს/კ ...-2427კვ.მ, ს/კ ...-2331კვ.მ, ს/კ ...-1083კვ.მ, ...-1504კვ.მ, ...-2353კვ.მ, ...-2108კვ.მ, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილია 3994კვ.მ, რაც ჯამში გამოდის 18617კვ.მ, აღნიშნული გარემოებები არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და შესაბამისად, არც შეუფასებია, მისი გამოკვლევის შემთხვევაში კი, მიღებული იქნებოდა არსებითად განსხვავებული გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით ის გარემოება, რომ მოსარჩელეზე სისტემური რეგისტრაციით აღრიცხულია გაცილებით მეტი ფართი ვიდრე მისი უფლების დამდგენ დოკუმენტშია მითითებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2004 წლის 27 აგვისტოს გ. დ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა. აღნიშნული გარემოება კი სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შეფასებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. (გ.) დ-ისა და ქ. დ-ის (მ-ის) სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციით, მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 4344 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა № ... საკადასტრო კოდით, რაზეც შედგა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (საკადასტრო რუკა); ასეთივე ჩანაწერებით იქნა მონაცემები გადატანილი საჯარო რეესტრის სამსახურში. დადგენილია, რომ გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის საკრებულოს გამგეობის მიერ 2004 წლის 27 აგვისტოს მიმართვების საფუძველზე მარეგისტრირებელმა ორგანომ გ. და ქ. დ-ების სახელზე № ... საკადასტრო კოდით რიცხული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხა სახელმწიფოს სახელზე (გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო); შემდგომში მისი საკადასტრო კოდი გახდა ..., მიწის დაზუსტებული ფართობი კი - 3 289 მ2.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და განმარტავს, რომ გ. (გ.) დ-ისა და ქ. დ-ის (მ-ის) საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხულია დაუზუსტებელი მონაცემებით და ეს უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ასევე პალატა მიუთითებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სახეზე არ არის საკუთრების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ გ. (გ.) დ-ისა და ქ. დ-ის (მ-ი) საკუთრების უფლების გაუქმება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, … თემის საკრებულოს გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, გადაეწყვიტა ამა თუ იმ პირის საკუთრების უფლების ან თუნდაც ამ პირების რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების კანონიერება;
რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას, გ. დ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტში და რეგისტრირებულ მონაცემებში ფართების გადაჭარბების შესახებ, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ გარემოებებზე, რაზედაც არ ყოფილა მითითებული ქვედა ინსტანციის სასამართლოებში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე უხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე