Facebook Twitter

საქმე N 330310015001013193

საქმე Nბს-1028-1023(2კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. პ-ი, გ. გ-ა (მოსარჩელეები)

მესამე პირი - შპს „...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. პ-მა, გ. გ-ამ და რ. ლ-მა 2015 წლის 19 ივნისს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისი არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 მაისის N1129 „ ქ. თბილისში, ... ქ.N14-ში არსებული მიწის ნაკვეთებისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“ განკარგულების, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 მაისი N1297739 „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ “ ბრძანების, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 ივნისის N1311968 „მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ “ ბრძანების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 14 მაისის N300 „რ. ლ-ის, ნ. პ-ისა და გ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განუხილველად დატოვების თაობაზე “ ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ნ. პ-ისა და გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 მაისი N1129 განკარგულება „ქ. თბილისში, ... ქუჩა N14-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ... ქუჩა N14-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N...) მრავალბინიანინ საცხოვრებელი სახლისათვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნ. პ-მა და შპს „...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

ნ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 მაისის N1297739 ბრძანება „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 ივნისის N1311968 ბრძანება „მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 14 მაისის N300 ბრძანება ნ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განუხილველად დატოვების ნაწილში და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობის მშენებლობა გამართლებულია დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებულ მიზეზებთან (სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით), დასაშვებია კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი პროქტის, მშენებლობის ნებართვის გამცემის შესაბამისი სამსახურის და ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალურ შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მერი, დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.

ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 მაისის N1129 განკარგულებით, ქ. თბილისში, ... ქუჩა N14-ში არსებული მიწის ნაკვეთებისათვის განაშენიანების კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა - კ1=0.6, კ2=3.4.

კასატორი არ ეთანხმება, სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 მაისის N1129 განკარგულებით არ არის დასაბუთებული ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა და განმარტავს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება თბილისის მერის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ასევე ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის გადაწყვეტილება სპეციალური შეთანხმების გაცემის შესახებ თბილისის მერიის მხრიდან შეფასების საგანი უნდა იყოს და არა გადაწყვეტილების მიღების უპირობო და სავალდებულო საფუძველი, რადგან ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალურ შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მერი, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაშიც, ქ. თბილისის მერიამ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების დაცვით მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური შეთანხმების გაცემის შესახებ ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

კასატორის მითითებით, სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. სზაკ-ის მე-60 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აქტის ბათილად ცნობა, თუ მხარეს აქვს კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა თუ ადმინისტრაციული აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებივ, ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

გარდა ამისა, დამკვეთის მიერ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ იქნა დოკუმენტები, რის შემდეგაც ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 მაისის N1297739 ბრძანების თანახმად, შეთანხმება ქ. თბილისში, შპს „...“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ასევე, დაევალა დამკვეთს მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული დასკვნის წარდგენა.

ამდენად დამკვეთის მიერ შესრულებულია კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, რაც გამორიცხავს ხსენებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს სზაკ-ის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, წარმოადგენს მატერიალური ანდა ფორმალური უკანონობა, რომელიც მისი გამოცემის მომენტში არსებობდა. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდგომ, სასამართლოს მიერ სპეციალური ზონალური შეთანხმების ბათილად ცნობა არ ადასტურებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს.

კასატორის განმარტებით არ არსებობს გარემოება, რომელიც არქიტექტურის სამსახურს სადავო აქტის მიღებისას უნდა გამოეკვლია და არ გამოუკვლევია. შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ბათილად ცნობის ინსტიტუტთან, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს ერთ-ერთი აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ბრალეულად უკანონო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისიას გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი არქიტექტურის სამსახური საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ არაკანონიერია არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 მაისის N1129 განკარგულება, რომლის მიხედვითაც საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის გაიცა სპეციალური ზონალური შეთანხმება ქალაქ მშენებლობითი პარამეტრების გაზრდის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ბათილად არის ცნობილი სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 მაისის N1129 განკარგულება, არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 მაისის N1297739 და 2014 წლის 05 ივნისის N1311968 ბრძანებებს აღარ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ აღნიშნული ბრძანებები თავისთავად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთების ნაწილში, ძირითადი მსჯელობა მიმდინარეობს ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 მაისის N1129 განკარგულებაზე, რომლითაც საპროექტო მიწის ნაკვეთს გაეზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და მსჯელობა არ არის იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი არქიტექტურის სამსახურის N1297739 და N1311968 ბრძანებები.

სააპელაციო სასამართლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებით ნაწილში N1297739 და N1311968 ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმას, რომ ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 მაისის N1129 განკარგულების ბათილად ცნობის შემდგომ არქიტექტურის სამსახური მიერ გამოცემული აქტებიც ავტომატურად ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რაც არასწორია.

კასატორის განმარტებით, მერიის განკარგულება არ წარმოედგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიას, რადგან მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამი სტადიით, ესენია: I მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, II არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და III მშენებლობის ნებართვის გაცემა. გარდა ამისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, თუ დადგინდება აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონსაწინააღმდეგობა დაუშვებელია მათი ბათილად ცნობა გარდა იმ შეთხვევისა, თუ იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და ეს ზიანი არსებითად არ აღემატება იმ ზიანს, რომელიც შეიძლება მიადგენს აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობით მის ადრესატს.

კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა ვის უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 მაისი N1297739 „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ ბრძანების და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 ივნისის N1311968 „მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ “ ბრძანების ბათილად ცნობით, აპელანტს, თუ დამკვეთს, რომელმაც აღნიშნული აქტების საფუძველზე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები მშენებლობა დაასრულა და დღეის მდგომარეობით შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაშია მიღებული, ასევე დასადგენია N1297739 და N1311968 ბრძანებების ბათილად ცნობის შემდგომ, როგორ უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქმეში როგორც დამკვეთის, ისე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები არ არის ცალსახად უარყოფითი შინაარსის, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იყო საპროექტო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, კონკრეტული დასკვნები ითვალისწინებდა კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო სამუშაოები, რომ ზიანი არ მიდგომოდა ნ. პ-ის საკუთრებას, თუმცა აღნიშნული დასკვნები დასაშვებად მიიჩნევდა მშენებლობის განხორციელებას. სააპელაციო სასამართლო დასაბუთებით ნაწილში საერთოდ არ მსჯელობს პირდაპირ და უშუალო ზიანზე, რომელიც შეიძლება მიადგეს ნ. პ-ის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს, შესაბამისად, აღნიშნული არის საფუძველი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაითალოს კანონდარღვევით მიღებულად სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 394-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი სამართლის ნორმათა სრული დარღვევით, ასევე გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ იმ პირობებში როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გაბათილებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული განკარგულება ქალაქ თბილისში ... ქ.№14-ში არსებულ მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი N ...) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ამ საკითხზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ ახალი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით უნდა იქნეს გამოცემული ქალაქ თბილისში ... ქ.№14- ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N...) თბილისის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი ბრძანება მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საჭიროებას ასაბუთებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმებას უზრუნველყოფენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები. კანონის ეს დანაწესი, გაგებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჩარჩოების ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ. თბილისში, ... ქუჩა №14 - ში, მდებარე მიწის ნაკვეთისთვის ქალაქმშენებლობის პარამეტრების გაზრდის მიზნით წარდგენილი საპროექტო წინადადების განხილვისას რამდენად იქნა დაცული აქტის გამოცემის დროს მოქმედი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, აღნიშნულის დაუცველობის შემთხვევაში კი შესაძლოა სახეზე იყოს სხვა პირთა (მოსარჩელე მხარე) კანონიერი უფლებებისა და ინტერესებს არსებითი დარღვევა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა სადავო აქტი გამოსცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 19 მაისის №1129 განკარგულებით გაზრდილი განაშენიანების კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) შესაბამისად, რაც შეუძლებელს ხდის ფაქტობრივად მოხდეს მშენებლობის განხორციელება იმ პარამეტრებით, რაც მშენებლობის ნებართვით იქნა დადგენილი, ვინაიდან სადავო მშენებლობის ნებართვაში გამოყენებულია სწორედ ის გაზრდილი კოეფიცინტები, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოება, განცხადების წარდგენის დროისათვის, არსებობდა თუ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების", 24-ე მუხლი ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას, რაც გასაჩივრებული ქ.თბილისის მერის განკარგულებაში არ არის დასაბუთებული, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 14.11.2017წ. №03478 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის, 70% 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №20012290, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე