Facebook Twitter

საქმე # 050310016001477329

საქმე N1050-1044(კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ. ყ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ყ-მა 2016 წლის 22 აგვისტოს სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 04 თებერვლის N... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე, განხორციელდა სარეგისტრაციო ჩანაწერი, საკადასტრო კოდით N ..., ასევე მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ნოემბრის N5/2748 მომართვის ბათილად ცნობა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე, განხორციელდა სარეგისტრაციო ჩანაწერი, საკადასტრო კოდით N ..., ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 04 თებერვლის N ... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ნოემბრის N5/2748 მომართვასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს ვინაიდან, სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს არ ჰქონდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, არც დაზუსტებული და არც დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, შესაბამისად, შეუძლებელია მარეგისტრირებელ ორგანოს განეხორციელებინა სარეგისტრაციო დოკუმენტების შედარება საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, აღნიშნულით კი დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

კასატორის განმარტებით კ. ყ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა მიწის მიღება-ჩაბარების აქტისა და საარქივო ცნობის საფუძველზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, რა დროსაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ნოემბრის N5/2748 მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში 2012 წლის 19 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება 36639 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას შეედარებინა სახელმწიფოს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კ. ყ-ის სახელზე რეგისტრირებულ სარეგისტრაციო მონაცემებთან, მათ შორის, ქაღალდის საკადასტრო რუკასთან, თუ სხვა სახის სარეგისტრაციო მონაცემთან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას კი არც ერთ აღნიშნულ საფუძველს ადგილი არ ჰქონია.

კასატორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. დგინდება, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების მიღებისას შესწავლილ იქნა როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტაცია სრულად. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მის ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ იქნა დარღვეული საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული ნორმები, რაც გამორიცხავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1996 წლის 20 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, ქ. ყ-ს (მოსარჩელის ბებია) საკუთრებაში გადაეცა, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი. დადგენილია, რომ 2016 წლის 29 იანვარს, კ. ყ-მა განცხადებით მიმართა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 04 თებერვლის N ... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 13 ნოემბრის N5/2748 მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებულ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონებასთან (ს/კ ...) ზედდების გამო.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან საქმეზე არ არის გამოკვლეული, სახელმწიფოს სახელზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი სადავო მიწის ნაკვეთი ხომ არ მოიცავდა მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას, რითაც შეილახა კ. ყ-ის კანონიერი ინტერესი.

მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ქ. ყ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, აგრეთვე დადასტურდა ამ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ სარგებლობა, რის გამოც პალატა მიუთითებს, რომ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოსარჩელე მხარეს წარმოეშვა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, ამიტომ სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი ქ. ყ-ისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოება, სახელმწიფო სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელების პერიოდისათვის, არსებობდა თუ კ. ყ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და განხორციელებული რეგისტრაციით შეილახა თუ არა მისი საკუთრების უფლება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 15.11.2017წ. №32201 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70%, 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ანგარიშის №200122900 სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე