Facebook Twitter

საქმე # 330310016001618736

საქმე Nბს-1092-1086 (კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - კ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. მ-ემ 2016 წლის 26 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 9 ნოემბრის N-MOD 5 16 01061529 სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 15 ნოემბრის N-MOD 0 16 01080848 საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალება - გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიები, „თანამდებობიდან განთავისუფლებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის N2628 და „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის N488 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ, კ. მ-ისთვის იძულებით მოცდენილი დროის ნამსახურობის წლებში ჩათვლის შესახებ, კ. მ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების, ... ბრიგადის შტაბის ... -ის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე კ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მის სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმის განხილვისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 9 ნოემბრის N-MOD 5 16 01061529 წერილობითი უარი კ. მ-ის მოთხოვნის შესრულებაზე სათანადო სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიიჩნია კანონიერ ადმინისტრაციულ აქტად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო კ. მ-ის 2016 წლის 4 ნოემბრის განცხადების განსახილველად დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 26 ივლისის N583 ბრძანების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საფუძველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში აღდგენის თაობაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კ. მ-ეს უარი უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის N609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტის მოთხოვნის აღსრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფუძვლოდ და უკანონოდ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი ოფიცრის აღდგენას საქართველოს შეირაღებული ძალების რიგებში, სამინისტრომ შეგნებულად დაარღვია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნო თავდაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ნაწილი, რომლის საფუძველზე კ. მ-ე 2012 წელს უსაფუძვლოდ დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან. „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე გამოცემული ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი“, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად „იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცემულ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცხადებულ ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად “.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის 1/4/614,616 გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის N583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე არ გამოიწვევს აღნიშნული ნორმის საფუძველზე, გამოცემული კ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის N2628 და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ თავდაცვის მინისტრის N488 ბრძანების უკანონოდ ცნობას და მათ საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

კასატორი ასევე შუამდგომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს წარმოადგინოს კ. მ-ის 2011 წლის 4 ნოემბრის განცხადებაზე შეიარაღებულ ძალებში აღდგენის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კ. მ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე კ. მ-ე გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ჯარების, ... ბრიგადის შტაბის ...-ის ... თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ...-ის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და 2012 წლის 1 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე კ. მ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.

დადგენილია ასევე, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 4 ნოემბერს კ. მ-ემ ითხოვა მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ჯარების, ... ბრიგადის შტაბის ...-ის ... თანამდებობაზე აღდგენა,რაზედაც 2016 წლის 9 ნოემბრის №MOD 5 16 01061529 წერილობითი მიმართვით უარი ეთქვა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონქვემდებარე აქტი ვერ დაკარგავს თავის მოქმედების ძალას და მისი არაკონსტიტუციურობა ვერ გავრცელდება 2011-2012 წლებში წარმოქმნილ ურთიერთობებზე, ამ დროის სამართლებრივი ურთიერთობები რჩება უცვლელად და ისინი ვერ დაექვემდებარებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მოქმედებას. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის მოქმედების გავრცელების სხვაგვარი განმარტება გამოიწვევდა სამართლებრივი წესრიგის დარღვევას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე 112-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მოსამსახურის სამსახურში აღდგენას და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებას, მხოლოდ მისი გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის, სასამართლოს მიერ ბათილად ცნობას უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებითაც კ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ბათილად არ ყოფილა ცნობილი სასამართლოს მიერ, შესაბამისად არ არსებობს, იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, მოსარჩელის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას უკავშირდება.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობას ადმინისტრაციული წარმოების მასალების მოწინააღმდეგისათვის დავალების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღძრული შუამდგომლობის დასაბუთება-საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული პროცესუალური კომპეტენცია დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ამ მიზნით - დანიშნოს ექსპერტიზა და ადგილზე დათვალიერებით შეამოწმოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინარჩუნებს თუ არა თავის სტატუსს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები ანუ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო კ. მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე ამოწმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინების კანონიერებას სამართლებრივი თვალსაზრისით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი მოქმედი კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, რის გამოც, არ არსებობს კ. მ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 404-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კ. მ-ის შუამდგომლობა 2016 წლის 4 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ადმინისტრაციული წარმოების მასალების წარმოდგენის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე