Facebook Twitter

საქმე # 010310015001163458

საქმე Nბს-1110-1104(2კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ფ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ფ-ემ 2015 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ქალაქ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 27 ოქტომბრის №9 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ფ. ფ-ის ნაწილში; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 20 ივნისის №ს-330 ბრძანებისა და 2014 წლის 24 თებერვლის №ს-67 ბრძანების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 10 ოქტომბრის №336 ბრძანების ბათილად ცნობა და მისი დავალდებულება, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილების შეტანის შესახებ, რითაც აღმოფხვრილი იქნება ზედდება ფ. ფ-ის მიწის ნაკვეთზე და მიეცემა საშუალება, დაარეგისტრიროს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ფ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 27 ოქტომბრის №9 საოქმო გადაწყვეტილება (ფ. ფ-ის ნაწილში); ფ. ფ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრების არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 8 თებერვალს მიღებული განჩინება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და ის უნდა გაუქმდეს, რადგან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, განმარტებულია თუ რა არის თვითნებურად დაკავებული მიწა და შესაბამისად, მიწის ნაკვეთი რომ ჩაითვალოს თვითნებურად დაკავებულად აუცილებელია 2007 წლამდე მიწის ნაკვეთზე განლაგებული იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). განსახილველ საქმეზე კი დგინდება, რომ შენობა - ნაგებობა, რომელიც ფ. ფ-ეს აქვს განლაგებული ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, არის ახლად აშენებული და შეუძლებელია ის აშენებული ყოფილიყო 2007 წლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, გასაჩივრების 21 - დღიანი ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფ. ფ-ის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2012 წლის 16 ივლისიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 12 ივლისს №1-10/3429 მიმართვის საფუძველზე და აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ფ. ფ-ის სასარჩელო განცხადების საფუძველზე, სასამართლოს მიერ მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ბათილად იქნა ცნობილი მ. ბ-ის სასარგებლოდ კომისიის მიერ აღიარებული საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2012 წლის 17 სექტემბრის №19 საოქმო გადაწყვეტილებით, როგორც თვითნებურ დამკავებელს, საკუთრების უფლება უღიარა ფ. ფ-ეს მოთხოვნილ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და ზედ განთავსებულ 44,81 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე. შესაბამისად, 2012 წლის 24 სექტემებრს კომისიამ ფ. ფ-ეზე გასცა №2162 საკუთრების უფლების მოწმობა.

დადგენილია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 27 ოქტომბრის №9 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ფ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და საკუთრების უფლების აღიარების №2162 მოწმობა, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ფ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარების მომენტისათვის მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია საკუთრების უფლებით ასაღიარებელი სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის არ უნდა იყოს განკარგული, რა გარემოებაც სახეზე არ არის, რადგან მოსარჩელე მითითებული საფუძვლით უძრავი ქონების საკუთრებაში აღიარებას ჯერ კიდევ 2008 წელს ითხოვდა. ამასთან მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ან დაურეგისტრირებლობა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის პირობებში არ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე