Facebook Twitter

საქმე # 150310015001034536

საქმე Nბს-748-744(კ-17) 1 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ტ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მესამე პირი - სს ,,..."

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 13 ივლისს სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ტ-ის მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2009 წლის 29 ოქტომბრის N114 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2005 წლის 23 აგვისტოს ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ტ-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 5 წლის ვადით, მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში. 2009 წლის 22 სექტემბერს ა. ტ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რაიონის ტერიტორიულ ორგანოს, იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ა. ტ-ზე 2009 წლის 29 ოქტომბერს გაიცა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N114, რომლის საფუძველზეც მას საკუთრებაში გადაეცა ნინოწმინდის რაიონში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართობით 150 ჰა (საძოვარი), გადასახდელმა თანხამ შეადგინა 4500 ლარი, რომლის 20% (900 ლ.) გადახდილ იქნა კანონის შესაბამისად ვადაში მოიჯარის მიერ და გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N21. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მესაკუთრემ გადაიხადა მთლიანი ღირებულება (დამატებით 30%, ჯამში 50%), რის გამოც გაუქმდა იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის არაერთი მიმართვის მიუხედავად ვერ იქნა მოძიებული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს დადგენილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემის შესახებ.

ამასთან, ხელშეკრულების დანართზე (ექსპლიკაცია), რომელიც ამავდროულად წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, არ აქვს მიწის მართვის სამმართველოს ბეჭედი, სავარაუდოდ, დასმულია ნინოწმინდის რაიონის გამგეობის ბეჭედი. იჯარის ხელშეკრულება დადებულია 2005 წლის 23 აგვისტოს, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლის 27 ოქტომბერს. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 2005 წლის 08 ივლისს) იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2012 წელს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელის - თ. ა-ის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, კერძოდ: თ. ა-მა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცა ნინოწმინდისა და ასპინძის რაიონებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის ტიპის მიწის ნაკვეთი. ერთ - ერთი ეპიზოდი ეხება ა. ტ-ისათვის საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთზე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემას. „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარი თქმის შესახებ“ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2012 წლის 7 აგვისტოს წლის დადგენილების შესაბამისად, საქმეზე შეკრებილია საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ თ. ა-ს ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, არსებობს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების საფუძველი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში არ ქმნის მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, მას ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. თ. ა-ს შეეთავაზა განრიდება, მის მიერ შესრულებულ იქნა განრიდების პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაადგინა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა თ. ა-ის მიმართ არ დაიწყოს, ვინაიდან განრიდების სუბიექტმა შეასრულა განრიდებით გათვალისწინებული პირობა და მის მიმართ დევნის დაწყება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას.

სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 2013 წლის 31 ივლისის წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეგზავნა ზემოაღნიშნული დადგენილება, გამოძიების ეტაპზე გამოთხოვილი საპრივატიზებო საქმეები და ეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 2 დეკემბრის N1-1/355 ბრძანებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა 2013 წლის 31 ივლისის წერილში მითითებული, 2007-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განხორციელებული პრივატიზების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...“.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2009 წლის 29 ოქტომბრის N114 ოქმი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N114 ოქმი, თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის კანონიერების შესაფასებლად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე მხარე, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით თავადვე უნდა იყოს ხელშეკრულების კანონიერების გარანტი. სზაკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 29 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N114 გამოცემულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, პალატამ მიუთითა სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზების დროს მოქმედი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით), რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს სახელმწიფო ქონების

პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. მითითებული კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კანონის შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონის შესაბამისად პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია

მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ნიშნავს სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა მიწის ნაკვეთის მოიჯარისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ეს კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში აღნიშნული კანონი გამოქვეყნდა 2005 წლის 29 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის ამ კანონის ამოქმედებამდე (2005 წლის 29 ივლისი) იჯარით გაცემული საძოვარი. კანონმდებლობა კრძალავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის პრივატიზებას იმ შემთხვევაში თუ ის იჯარით გაცემული იყო 2005 წლის 29 ივლისის შემდეგ ან საერთოდ იყო იჯარით გაცემული, განსახილველ საქმეზე კი დადგენილია, რომ 2005 წლის 23 აგვისტოს (კანონის ამოქმედების შემდეგ) ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე ა. ტ-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის (საძოვრის) საიჯარო ხელშეკრულება 5 წლის ვადით. 2005 წლის 28 ოქტომბერს აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. აღნიშნული უძრავი ნივთის ა-ის ტ-ის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა 2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ, კერძოდ ა. ტ-ის სახელზე გაიცა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N114 ოქმი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N114 ოქმის საფუძველია 2005 წლის 23 აგვისტოს ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე ა. ტ-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის (საძოვრის) საიჯარო ხელშეკრულება, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ძ.ა’’ ქვეპუნქტით კი დადგენილია, რომ პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება: საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე; სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ 19.10.2009 წლის N114 ოქმი არსებითად ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება) 1-ლი პუნქტის ,,ძ.ა’’ ქვეპუნქტის დებულებებს და აღნიშნა, რომ ა. ტ-მა ოქმით შეძენილი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, (ანუ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება) რაც ვერ იქნება N114 ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან N114 ოქმით არასწორად, კანონის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად განხორციელდა სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების - საძოვრის პრივატიზება, რითაც დაირღვა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ასევე, სახელმწიფოს ინტერესი მასზედ, რომ არ დაუშვას საძოვრის სხვა პირთა საკუთრებაში გადასვლა;

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 29 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N114 ოქმის ბათილად ცნობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) კანონიერი ნდობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, ვერ დააბრკოლებს სასამართლოს ფართოდ განმარტოს აღნიშნული საკითხი. პალატამ განმარტა, რომ კანონი უნდა განიმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტი, შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებებისა (რეალაქტის) და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სახით; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არა მარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებისა (რეალაქტი) თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმებისაგანაც.

სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის მე - 4 და მე - 5 ნაწილებზე მითითებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 29 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N114 ოქმი, რომლითაც განიკარგა 150 ჰა სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების, მიწის ნაკვეთი (რომელიც განკარგვას არ ექვემდებარება) არსებითად არღვევს სახელმწიფო ინტერესებს, ამდენად არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-მა, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2012 წლის 7 აგვისტოს „სისხლისსამართლებრივ დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ დადგენილების საფუძველზე არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელის - თ. ა-ის მიმართ, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში არ ქმნიდა მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, მას ჩადენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, აღიარებდა დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან, თ. ა-ს შეეთავაზა განრიდება, მის მიერ შესრულებულ იქნა განრიდების პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაადგინა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა თ. ა-ის მიმართ არ დაიწყოს, ვინაიდან განრიდების სუბიექტმა შეასრულა განრიდებით გათვალისწინებული პირობა და მის მიმართ დევნის დაწყება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას, შესაბამისად, საქმეში არ არსებობს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, სარჩელს არ ერთვის დაზარალებურად ცნობის შესახებ დადგენილება, რომლითაც დადგენილი იქნებოდა მიყენებული ზიანის სახე და ოდენობა და თუ თ. ა-ის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა არ დაიწყო, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება არ ქმნის მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, შესაბამისად კასატორისათვის გაუგებარია, ასეთ პირობებში, მისთვის გადაცემული ოქმის N114 როგორ არღვევდა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ უფლებებსა და ინტერესებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ა. ტ-ის კანონიერი ნდობის არსებობა/არარსებობის საკითხი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N114 -ის მიმართ და ასევე შეფასების მიღმა იქნა დატოვებული, რომ ა. ტ-ს უკანონო ქმედება არ ჩაუდენია და მხარეს გააჩნდა კანონიერი ნდობა გასაჩივრებული ოქმის მიმართ, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილი გამორიცხავს აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობას.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 2013 წლის 31 ივლისის N13/34-78155 წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეგზავნა ზემოაღნიშნული დადგენილება (07.08.2012 წ.), გამოძიების ეტაპზე გამოთხოვილი საპრივატიზებო საქმეები და ეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 2 დეკემბრის N1-1/355 ბრძანებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა 2013 წლის 31 ივლისის N13/34-78155 წერილში მითითებული, 2007-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განხორციელებული პრივატიზების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

კანონით ნებისმიერი მოთხოვნა შემოფარგლულია დროის გარკვეული პერიოდით, ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის კანონმდებლობით დადგენილია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რა პერიოდის განმავლობაშიც პირს ეძლევა მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, სადავო საკითხების ხანდაზმულობის ვადას ადგენს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N114 ოქმი გაცემულია 2009 წლის 29 ოქტომბერს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2015 წელს, რითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვის დროს არ დაადგინა, რა იყო ახლად გამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც მანამდე არ იყო ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის და რაც საფუძვლად დაედებოდა სასარჩელო მოთხოვნას. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2012 წლის 7 აგვისტოს „სისხლისსამართლებრივ დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ დადგენილებაში მსგავსი ახლად გამოვლენილი ან ახლად აღმოჩენილი გარემოება არ იძებნება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ საფუძვლითაც არ იყო უფლებამოსილი მიემართა სასამართლოსათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ა. ტ-ის საკასაციო მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ 2005 წლის 23 აგვისტოს ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ტ-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 5 წლის ვადით და აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2005 წლის 28 ოქტომბერს. ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 22 სექტემბერს ა. ტ-მა მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე- ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს პრივატიზების თხოვნით. 2009 წლის 29 ოქტომბრის N114 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი სადავო ოქმით ა. ტ-ს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა ნინოწმინდის რაიონში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი ფართობით 150 ჰა (საძოვარი), გადასახდელმა თანხებმა შეადგინა 4500 ლარი, რომლის 20% (900 ლ.) გადახდილი იქნა კანონის შესაბამისად ვადაში მოიჯარის მიერ და გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N21. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მესაკუთრემ გადაიხადა მთლიანი ღირებულება (დამატებით 30%, ჯამში 50%), რის გამოც გაუქმდა იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე არსებული მონაცემების შესაბამისად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოქვეყნების თარიღია 2005 წლის 29 ივლისი (ძალადაკარგულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" 21.07.2010წ. კანონით). „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობა იყო სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა. ამდენად, ხსენებული ნორმების შესაბამისად, კანონმდებლობა კრძალავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის პრივატიზებას იმ შემთხვევაში, თუ ის იჯარით გაცემულია 2005 წლის 29 ივლისის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში, ა. ტ-სა და ნინოწმინდის რაიონის გამგეობას შორის საიჯარო ხელშეკრულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" კანონის ამოქმედების შემდეგ, 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა.

საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვიმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადას ითვალისწინებდა აგრეთვე ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" 1997 წლის 30 მაისის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი. საქმეზე წარმოდგენილი სადავო მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N114 ოქმი გამოცემულია 2009 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელი ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 13 ივლისს, შესაბამისად არ დასტურდება სარჩელის წარდგენა სასამართლოში, კანონით დადგენილ მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას ხანდაზმულობის საკითთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას ა. ტ-ის მიერ იქნა დაყენებული საკითხი მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება და დაცვა, ამ ვადის გასვლა იწვევს სასამართლოს მეშვეობით უფლების იძულებით განხორციელების შეუძლებლობას. ნორმატიულად შეიძლება განისაზღვროს სასარჩელო ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში, კერძოდ, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სარჩელში აღნიშნავს, რომ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის 2013 წლის 31 ივლისის წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2012 წლის 7 აგვისტოს დადგენილება და ეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება, რის საფუძველზეც დაიწყო ა. ტ-ის საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, პროკურატურის დადგენილებით ან წერილით არ გამოკვეთილა რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოება, რაც მანამდე ორგანოსათვის არ იყო ცნობილი, პროკურატურა უთითებდა მხოლოდ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე, რისი დადგენის შესაძლებლობა და ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოსაც გააჩნდა. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საოლქო პროკურატურის დადგენილებით არ იკვეთება ისეთი გარემოებები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოსთვის იქნებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც შესაძლებელს გახდიდა ხანდაზმულობის ვადის ათვლის დენა დაწყებულიყო ზემოაღნიშნული დადგენილების გაგზავნიდან და არა სადავო ოქმის გამოცემიდან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს სადავო ოქმის გამოცემის დღიდან (2009 წლის 29 ოქტომბერი) და არა პროკურატურის წერილის სააგენტოსათვის ჩაბარების დღიდან, რადგან პროკურატურის დადგენილებით ან წერილით არ გამოკვეთილა რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოება, რაც მანამდე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო; პროკურატურა უთითებს მხოლოდ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მქონე საქმეებთან დაკავშირებით არსებობს ერთგვროვანი სასამართლო პრაქტიკა. (იხ.2016 წლის 12 ივლისის #ბს-364-359(კ-16) განჩინება ; 2017 წლის 26 იანვრის განჩინება #ბს-851-843(კ-16); 2017 წლის 11 მაისის #ბს-281-279(კ-17) განჩინება, 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება ბს-767-759(კ-16))

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;.

3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე