საქმე №210310015739984
№ბს-155-155(კ-18) 17 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 2 მარტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - რ. პ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხე - რ. პ-ისთვის მის პირად ანგარიშზე შეცდომით გადარიცხული 2013-2014 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის - 3246 ლარის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება მოითხოვა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე რ. პ-ს დაეკისრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ შეცდომით მიღებული საშვებულებო თანხის გადახდა 3246 ლარის ოდენობით.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. პ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით რ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. პ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსამართლემ დაადასტურა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ თანხის შეცდომით ჩარიცხვა, რაც ნიშნავს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო თანხების უკანონო გაცემას და თანხების დანაკლისის დადასტურებას, რაც რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანოზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის თანახმად, შეცდომით გაცემული თანხის ანაზღაურება ევალება მოლარეს (ბუღალტერს) და გასვლის ორდერის შესწორებაც ხდება იმავე ორდერში შეცდომის გადახაზვით და არა ამ ორგანიზაციის ახალი აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს საქმეში უნდა ჩაერთო სათანადო მოპასუხე.
ამასთან, კასატორის მითითებით, დამსაქმებელს გამოუყენებელი შვებულების სრულ ანაზღაურებას ავალდებულებს „ყოველწლიანი ფასიანი შვებულების შესახებ“ 52-ე კონვენცია. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსამართლის არგუმენტს იმის შესახებ, რომ რ. პ-ს არ დაუწერია „განცხადება შვებულებაზე“. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შვებულების მოთხოვნას კომპენაციის გაცემის წინაპირობად არ თვლის, ვინაიდან, დასაქმებულის მიერ შვებულებით სარგებლობის უფლება გარანტირებულია, როგორც შრომის კოდექსით, ასევე 52-ე კონვენციით და მას არ შეიძლება წაერთვას ის უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა, რომ არა დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. პ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
საქმის მასალების შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №47 განკარგულებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ... მოვალეობის შემსრულებელს რ. პ-ს შეუწყდა უფლებამოსილება 2014 წლის 14 ივლისიდან.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ... მოვალეობის შემსრულებლის რ. პ-ისათვის საბოლოო ანგარიშსწორების მიცემის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის ბრძანებით დგინდება, რომ რ. პ-ს გადატანილი ჰქონდა 2013 წლის კუთვნილი შვებულება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მას ასევე არ უსარგებლია 2014 წლის კუთვნილი შვებულებით, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსების მართვის სამსახურს დაევალა მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2014 წელს 12 აგვისტოს №421 ბრძანების შესაბამისად, რ. პ-ს დაევალა 2013–2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის 3246 ლარის უკან დაბრუნება 2014 წლის 15 სექტემბრამდე. აღნიშნულის თაობაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვის და სოციალური საკითხთა სამსახურის 2014 წლის 12 აგვისტოს №522-05 წერილით ეცნობა რ. პ-ს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წელს 12 აგვისტოს №421 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა რ. პ-მა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფულდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. პ-ის საკასაციო საჩივარი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია რ. პ-ისათვის მის პირად ანგარიშზე შეცდომით გადარიცხული 2013-2014 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის - 3246 ლარის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, რ. პ-ის სარჩელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 12 აგვისტოს №421 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა ანუ გამგეობის ის აქტი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს რ. პ-ისთვის შეცდომით ჩარიცხული თანხების დაბრუნებას არ გაუქმებულა და ძალაშია, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საკითხებზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავად რ. პ-ს არ მოუთხოვია და ნება არ გამოუხატავს შვებულებაში გასვლის და ამ თანხის მიღების.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი