Facebook Twitter

საქმე #330310016001416025

#ბს-207-207(2კ-18) 17 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 30 ივნისს ა. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის სპეციალიზირებული კომისიის 2016 წლის 19 მაისის #1 ოქმისა და მისი 1.2 და 1.1 დანართების ა. ქ-ის და მ. ხ-ის შეფასების ნაწილში, ასევე ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 30 მაისის #5 სხდომის ოქმის და მისი #1 დანართის მ. ხ-ის გლდანის რაიონის გამგეობის ... საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე წარდგენის ნაწილში (ვაკანსია (#36370)), მ. ხ-ის გლდანის რაიონის გამგეობის ... საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გლდანის რაიონის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისთვის აღნიშნულ ვაკანსიაზე გასაუბრების ხელახლა ჩატარების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად მოპასუხე მხარედ განისაზღვრა - ქალაქ თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩნებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ხ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის სპეციალიზირებული კომისიის 2016 წლის 19 მაისის ოქმი #1 და მისი დანართები #1.2 და 1.1 მოსარჩელისა და მ. ხ-ის შეფასების ნაწილში, ასევე ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2016 წლის 30 მაისის #5 სხდომის ოქმი და მისი დანართი #1 მ. ხ-ის გლდანის რაიონის გამგეობის ... საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე წარდგენის ნაწილში, ვაკანსია (#36370); საკონკურსო საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი გლდანის რაიონის გამგებლის ბრძანება მ. ხ-ის გლდანის რაიონის გამგეობის ... საუბნო გაყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ა. ქ-ის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში. ამასთან, კასატორების მოსაზრებით, მ. ხ-ის ნაწილში აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კასატორების მოსაზრებით, ვინაიდან აღნიშნული აქტი აღმჭურველი ხასიათისაა მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4 მუხლით დადგენილი მოთხოვნა.

კასატორებმა მიუთითეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.10.2014წ. #11-22 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-2 მუხლზე და აღნიშნეს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 17.03.2016წ. #1-463 ბრძანებით განისაზღვრა კონკურსის ჩატარების თარიღი, ეტაპები, ასევე შეფასების ფორმები, პირობები და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა. კასატორებმა ზემოაღნიშნული ბრძანების #1 დანართის მე-5 პუნქტზე მითითებით აღნიშნეს, რომ ვინაიდან, ერთსა და იმავე ვაკანსიაზე განსახილველი კანდიდატებიდან მ. ხ-ეს ჰქონდა უფრო მაღალი შეფასება, ვიდრე მოსარჩელეს, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად რეკომენდაცია გაეწია და წარდგენილ იქნა მ. ხ-ე. კასატორებმა აღნიშნეს, რომ დასახელებული ნორმები და ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია მოქმედებდა მოქმედი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, ა. ქ-ემ სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპი - გასაუბრება იყო არაობიექტური.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 მარტის #1-463 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში ა. ქ-ემ მონაწილეობა ... საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის (ვაკანსია 36370) დასაკავებლად მიიღო. მან წარმატებით გადალახა ტესტირების ეტაპი, რის შემდეგაც გასაუბრებაზე იქნა დაშვებული. გასაუბრების შედეგების საფუძველზე კი, ა. ქ-ის საბოლოო შეფასებამ 3.96 ქულა შეადგინა, ხოლო მ. ხ-ის საბოლოო შეფასებამ - 4.38 ქულა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 30 მაისის #5 სხდომაზე ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატად განხილული არ ყოფილა ა. ქ-ის კანდიდატურა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების დასაბუთება ვერ პასუხობს მოსარჩელის - ა. ქ-ის პრეტენზიებს სადავოდ ქცეული აქტების კანონიერების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რატომ ეთქვა უარი ა. ქ-ის კანდიდატურას და რატომ მიენიჭა უპირატესობა საქმეში მესამე პირებად მოწვეულ მ. ხ-ეს. გასაჩივრებული აქტების კანონიერად მიჩნევა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭირობს. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. როდესაც კონკურსის წესით საჯარო მოხელის შერჩევისას არჩევანი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება.

კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს სწორედ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონკურსის მიზანსა და ამოცანებს, რომლის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ხოლო კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. სწორედ აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებზე მიუთითებს წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები - ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-სატესტაციო კომისიამ დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განსაზღვრა კონკურსის ფორმა და ჩატარების გრაფიკი, მაგრამ არ დაუდგენია კონკურსის პირობები. აღნიშნული დასტურდება მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებიდანაც, რომელმაც ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავადვე აღნიშნა, რომ „კომისიას კანდიდატთა შეფასებისას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით არ უხელმძღვანელია“. ამასთან, გასაჩივრებულ ოქმში მხოლოდ აღნიშნულია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, გასაუბრების ეტაპზე, დაბარებულ იქნენ კანდიდატები, ხოლო დანართად არის წარმოდგენილი გამოცხადებული კანდიდატების საბოლოო შეფასების და ინდივიდუალური შეფასების ფორმები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დავა შეეხება გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. აღნიშნული წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. აღნიშნული ხდება ნდობის საფუძველი, რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეფასების კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში, კი ჩნდება ისეთი დასკვნის საფუძველი, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი