Facebook Twitter

საქმე #010345618900013624

#ბს-284-284(გ-18) 17 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ შპს „...“

მოპასუხე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 6 ივნისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის #18 შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის 2017 წლის 27 აპრილს მიღებული ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) და 2017 წლის 27 აპრილის #2017/9 საოქმო გადაწყვეტილების (შპს „...“ 2017 წლის 26 იანვრის #17-003-73(8552) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით შპს „...“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოა შპს „...“ თეთრიწყაროს კლინიკის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და მასთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული აქტები. იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ნებაყოფლობით ერთვებიან და ამგვარად, პროგრამის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიან, სადავო აქტებიც სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებითაა გამოტანილი, რაც მეტყველებს მასზე, რომ დავის სასამართლო განსჯადობა ამ ვალდებულებების შესრულების ადგილის - თეთრიწყაროს მიხედვით უნდა განისაზღვროს.

სასამართლოს მითითებით, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. დასახელებული გადაწყვეტილების 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ მომენტიდან, როდესაც სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებას და 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მოსარჩელე შპს „...“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლოს სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის #18 შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის 2017 წლის 27 აპრილს მიღებული ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) და 2017 წლის 27 აპრილის #2017/9 საოქმო გადაწყვეტილების (შპს „...“ 2017 წლის 26 იანვრის #17-003-73(8552) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) ბათილად ცნობა.

სასამართლოს განმარტებით, შპს „...“ მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან არშესრულება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ სად დაიდო ან სად უნდა შესრულებულიყო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება ადმინისტრაციული საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით (ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი #144) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო გამოცემული სადავო აქტების კანონიერება, კერძოდ, შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება ზემოხსენებული პროგრამით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციათა ბათილად ცნობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - განმახორციელებელი). ამავე პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

საკასაციო სასამართლო მითითებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ხსენებული პროგრამის მოსარგებლეებზე მიწოდებას ახორციელებს სამედიცინო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი სამართალსუბიექტების მეშვეობით, მათი უშუალო მონაწილეობით. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია მათ მიერ პროგრამაში მონაწილეობის სურვილის გაცხადებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „...“, ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი და განაცხადა თანხმობა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც პროგრამის მიზნებისათვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შპს „...“ წარმოადგენს პროგრამის მიმწოდებელს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს ზემოხსენებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.

ზემოხსენებული დანაწესის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილე მიმწოდებლების განსაზღვრა სსიპ სოციალური სააგენტოს მხრიდან ხდება არა ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ კონკურსის ჩატარების გზითა თუ შერჩევის სხვაგვარი ფორმებით, არამედ უშუალოდ მიმწოდებელთა ნების გამოვლენით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმწოდებელი (სამედიცინო დაწესებულება), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წერილობითი დასტურის გაცხადებით ავტომატურად უერთდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, რის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშობა შეთანხმება. ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს მიმწოდებელთა ნების გამოვლენის მნიშვნელობაზე მოცემული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხსენებული ურთიერთობის წარმოშობა ხდება არა ცალმხრივად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეხედულებით, არამედ მხოლოდ ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მითითებული შეთანხმება ორმხრივად გამოვლენილი ნების შედეგია, შესაბამისად, მიმწოდებლის (სამედიცინო დაწესებულების) მიერ სურვილის გამოხატვა და მასში მონაწილეობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცხადება წარმოადგენს მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს.

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების საკითხზე და აღნიშნავს, რომ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან გათავისუფლება მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის პირობებშია შესაძლებელი, რადგანაც ხელშეკრულების არარსებობის დროს წარმოუდგენელია მხარეთა შორის რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებას ჰქონდეს ადგილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული დადგენილებით განსაზღვრული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებისაგან მხარეთა გათავისუფლებით, ფაქტობრივად, უკვე არსებულ შეთანხმებას ხელშეკრულებად მოიხსენიებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი შეთანხმებაში იმთავითვე მოიაზრებს მიმწოდებლის წერილობითი დასტურის საფუძველზე პროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც თავად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, მისი დანართები და თითოეული დანაწესი, აგრეთვე, მის უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური ერთობლივად წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს თავად სადავო აქტის, კერძოდ, შპს „...“ 2017 წლის 26 იანვრის #17-003-72 (#8551) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლის მე-2 პუნქტში ცალსახად არის განსაზღვრული, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობს სახელშეკრულებო ვალდებულებებსა და ადგენს ამ ვალდებულებების დარღვევისათვის ამავე სახელშეკრულებო პირობებით (პროგრამით) განსაზღვრულ პასუხისმგებლობას .

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...“, როგორც მიმწოდებლის მიერ გაცხადებული დასტურით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „...“ შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, რომლის განუყოფელ ნაწილსაც თავად ზემოხსენებული პროგრამა, მისი დანართები, მის უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განისაზღვრება პროგრამაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები, აგრეთვე, პროგრამის ზედამხედველობის სახეობები და ეტაპები შემთხვევათა ტიპების შესაბამისად და ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის სახით გამოსაყენებელი სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები, კერძოდ, პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხოლო ამავე პროგრამის მე-19 მუხლი კი, კონკრეტულად განსაზღვრავს იმ საჯარიმო სანქციებს, რომელიც მიმწოდებელს პროგრამით განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიების არაეფექტური შესრულების გამო ეკისრება.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავო აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-19 მუხლი, კერძოდ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ყველა დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნა ზემოხსენებული მუხლით დადგენილი საჯარიმო სანქციები, რაც მითითებულ გარემოებებთან ერთობლიობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა შპს „...“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანაწესებს უკავშირდება და მათგან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაკავშირებულია შპს „...“ თეთრიწყაროში მდებარე ფილიალთან, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში პროგრამის მიმწოდებელი სახელშეკრულებო ვალდებულებას თეთრიწყაროში, საკუთარი ფილიალის მეშვეობით ახორციელებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ საწარმო არ არის შეზღუდული ფილიალთა დაარსებაში, ამავდროულად, გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს ფილიალი არ წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებს მათ მიერ დაარსებული ფილიალის რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშობათ. ამდენად, საქართველოში არსებული საწარმოები არ არიან შეზღუდულები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები განახორციელონ მათ მიერვე დაარსებული და დაურეგისტრირებელი ფილიალების მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში კონტრაჰენტს წარმოადგენს შპს „...“, რომლის იურიდიული მისამართია - საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ... გამზ. #..., იგი უფლებამოსილი იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები თეთრიწყაროში არსებული ფილიალის მეშვეობით განეხორციელებინა.

რაც შეეხება სადავო აქტების შემხებლობას მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავის საგანი უკავშირდება შპს „...“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა თუ არაჯეროვან შესრულებას, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო აქტები გამოცემულია სწორედ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე, შესაბამისად, აღნიშნული აქტების ბათილობის მოთხოვნით მოსარჩელე, ფაქტობრივად, სადავოდ ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების ფაქტსაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო აქტები გამოცემულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „...“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობით დადგენილი პირობების საფუძველზე, შესაბამისად, განსჯადობის წესების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მხოლოდ ტერიტორიული განსჯადობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული ზოგადი წესი და მოცემულ დავაზე განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მხოლოდ სადავო აქტების გამომცემი ორგანოს, როგორც მოპასუხის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, აგრეთვე, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტიც და ის ადგილიც, სადაც ხელშეკრულების შესრულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხორციელდებოდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადების წარდგენა განხორციელდა შპს „...“ თეთრიწყაროს ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი განსჯადობის წესების მხედველობაში მიღების საფუძველიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი წესისა და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი განსჯადობის სპეციალური წესის კონკურენციის დროს, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, უპირატესობა სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დანაწესებს უნდა მიენიჭოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ თეთრიწყაროს კლინიკის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ადგილი და ფილიალის ადგილმდებარეობა ერთმანეთს ემთხვევა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯად სასამართლოს სწორედ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „...“ სარჩელი ხელშეკრულების შესრულების ადგილისა და ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი