# 010345618900015186
ბს-649-649 (გ-18) 4 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...“ სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...“ 23.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სს „...“ მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.12.2017წ. N2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 04.06.2015წ. N04-16/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 02.05.2018წ. N04/25462 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ზემოაღნიშნული აქტების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2018წ. განჩინებით სს „...“ სარჩელი, ასევე შუამდგომლობა გასაჩივრებული სადავო აქტების შეჩერების შესახებ, განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი სსკ-ის 16.2 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სს „...“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და მასთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული აქტები. იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ნებაყოფლობით ერთვებიან და ამგვარად, პროგრამის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიან, სადავო აქტებიც სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებითაა გამოტანილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დავის სასამართლო განსჯადობა ამ ვალდებულებების შესრულების ადგილის მიხედვით უნდა განისაზღვროს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2018წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრულია არა სასკ-ის 251 მუხლის საფუძველზე, არამედ სასკ-ის 22-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-6 პუნქტის თანახმად სააგენტოს იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი N144. სსკ-ის 15.1 მუხლის თანახმად სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, შესაბამისად განსჯადი სასამართლო არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, დავის განმხილველ უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 27.06.2018წ. განცხადებით მომართა სს „...“, რომელმაც მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მკვეთრად უარესდება მიმწოდებლის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მკურნალობის ხარისხის გაზრდაზე, სამედიცინო სერვისისადმი პაციენტთა ხელმოსაწვდომობაზე, ასევე ზოგადად მედიცინისა და ეკონომიკის განვითარებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 2.1 მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ასევე კონკრეტული დავის თავისებურებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირის მიმართ სარჩელი სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას, განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. სსკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „...“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შემოწმება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" განხორციელების შესრულების მიზნით, პროგრამის თანახმად სახელმწიფო აკონტროლებს "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" განხორციელების შესრულებას. აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 4.1 მუხლის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი არის პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. სწორედ აღნიშნულ სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება განსაზღვრავს დავის განსჯადი სასაამრთლოსთვის დაქვემდებარების საკითხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ზემოაღნიშნული პროგრამის მოსარგებლეებზე მიწოდებას ახორციელებს სამედიცინო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი სამართალსუბიექტების მეშვეობით (მიმწოდებლები).საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია მათ მიერ პროგრამაში მონაწილეობის სურვილის გაცხადებაზე. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 4.2 მუხლის თანახმად პროგრამა და თანდართული დანართები, ამ პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სს „...“ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მიმწოდებელს, რომელმაც ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი და განაცხადა თანხმობა პროგრამაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილე მიმწოდებლების განსაზღვრა ხდება არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ცალმხრივად, არამედ უშუალოდ მიმწოდებელთა ნების გამოვლენით. მიმწოდებელი (სამედიცინო დაწესებულება), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წერილობითი დასტურის გაცხადებით ავტომატურად უერთდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, რის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშობა შეთანხმება. ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს მიმწოდებელთა ნების გამოვლენის მნიშვნელობაზე მოცემული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხსენებული ურთიერთობის წარმოშობა ხდება არა ცალმხრივად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედულებით, არამედ მხოლოდ ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე. შეთანხმება ორმხრივად გამოვლენილი ნების შედეგია, შესაბამისად, მიმწოდებლის (სამედიცინო დაწესებულების) მიერ სურვილის გამოხატვა და მასში მონაწილეობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცხადება წარმოადგენს მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს (იხ. სუს 17.05.2018წ. განჩინება საქმეზე Nბს-284-284(გ-18)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს „...“ როგორც მიმწოდებლის მიერ გაცხადებული დასტურით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „...“ შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, რომლის განუყოფელ ნაწილსაც თავად ზემოხსენებული პროგრამა, მისი დანართები, მის უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური წარმოადგენს.
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ სადავო აქტები სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებითაა გამოტანილი. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მიხედვით ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები, ხოლო ამავე პროგრამის მე-151 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში სწორედ სს „...“ მიერ პროგრამით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე შედგა თემატური შემოწმების აქტი, რომელსაც ასაჩივრებს მოსარჩელე, ფაქტობრივად კი იგი სადავოდ ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების ფაქტს. (იხ. სუს 17.05.2018წ. განჩინებაზე Nბს-284-284(გ-18)).
საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-15 მუხლით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი წესსა და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი განსჯადობის სპეციალურ წესს შორის კონკურენციის დროს, უპირატესობა სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დანაწესებს უნდა მიენიჭოს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. სს „...“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ადგილის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქვემდებარეა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, სასკ-ის 26.3 მუხლის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო პალატა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების თაობაზე აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს ერთი მხრივ სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო მეორე მხრივ მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანსია მხოლოდ სასამართლოთა შორის განსჯადობის დავის გადაწყვეტა. სასკ-ის 26.2 მუხლი ადგენს არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს ვალდებულებას სარჩელი გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობოს მოსარჩელეს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. განსჯადობა განსაზღვრავს უფლებამოსილებას სასამართლოებს შორის და ნიშნავს სასამართლოთა შორის საქმეების განაწილების წესს, ანუ იმ კონკრეტული სასამართლოს დადგენას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმე. განსჯადობის ეტაპზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გადაწყვეტა არ შედის საკასაციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის ეტაპზე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გასაჩივრებული აქტების მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ხარისხსა და შედეგებზე. სსკ-ის 193-ე მუხლის თანახმად განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის გამხილველი სასამართლო, შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „...“ განცხადება გასაჩივრებული სადავო აქტების შეჩერების შესახებ განხილულ უნდა იქნეს სარჩელის განმხილველი განსჯადი სასამართლოს მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სს „...“ განცხადება განსახილველად გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი