Facebook Twitter

საქმე # 150310116001234520

საქმე №ბს-772-768(2კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა 2016 წლის 2 თებერვალს სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მ. კ-ის 2015 წლის 29 სექტემბრის №20214/21 ადმინისტრაციული საჩივრის (განცხადება შეტანილია 2015 წლის 28 სექტემბერს, ხოლო სამინისტროში დარეგისტრირებულია 29 ნოემბერს 20214/21 ნომრით) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №17/49858 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის (პ/ნ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება მ. კ-ის 2015 წლის 29 სექტემბრის №20214/21 ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №17/49858 გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რომლებსაც უთითებდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოში საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ 2003 წელს ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ გამართულ აუქციონზე, მ. კ-მა შეიძინა ახალქალაქის რაიონში, სოფელ ... მდებარე 864.00 კვ.მ და 35.00 კვ.მ შენობა-ნაგებობები. ხოლო, 2013 წელს განხორციელდა ამ შენობა-ნაგებობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია (ს/კ №... და ს/კ №...). 2014 წლის 14 ივლისისა და 2015 წლის 11 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, ... და ... საკადასტრო კოდებზე მ. კ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“. ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ამონაწერი, სიიდან N6, დამოწმების თარიღი 28.05.2003წ. მომართვა N5/17516, დამოწმების თარიღი: 19.05.2014წ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს N17/49858 წერილით, მ. კ-ს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან, მის მიერ მოხდა არა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის, არამედ ამ შენობა-ნაგებობებისათვის უკვე განსაზღვრული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, აღარ არსებობდა დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის მიწის ნაკვეთის მიკუთვნების აუცილებელი პირობა და სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მხარის განცხადებაში მითითებული მოთხოვნა.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ შენობისა და უშუალოდ მის ქვემოთ განთავსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტი, მესაკუთრეს არ ართმევს უფლებას მოითხოვოს იმ მიწის ნაკვეთის მიკუთვნება, რომელიც აუცილებელია მისი საკუთრების უფლების სრულყოფილად განხორციელების მიზნით. რამდენადაც, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის N144 დადგენილება ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ აქტის მიზანია არა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის ოდენობის დადგენა, რომლის უშუალო შემადგენელ ნაწილსაც შენობა-ნაგებობა ქმნის, არამედ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის გარკვეული ოდენობის მიწის ნაკვეთის მიკუთვნება. ვინაიდან, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს: 1. მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის (შემდგომში - შენობა/ნაგებობა) მიწის ნაკვეთის საზღვრები დგინდება მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. 2. შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება: ა) განაშენიანების ფართობის გაყოფით მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტ კ-1-ზე; ბ) განაშენიანების ინტენსივობის ფართობის გაყოფით მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტ კ-2-ზე. აღნიშნული წესის 3.62 მუხლის შესაბამისად, თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებულია მიწის ნაკვეთი და ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ასევე წარმოადგენს მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრა ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შესაბამისი ნაწილის განაშენიანების ფართობის მიხედვით. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-8 ნაწილში აღნიშნულია, რომ შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრისას შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა ამ ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებულ, მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტით განსაზღვრული მცირე ზომის მიწის ნაკვეთ(ებ)ის ხარჯზე, რომლის გამოყენება ცალკე საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რამდენადაც უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოების მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს დაკარგული აქვს უფლება მოითხოვოს შენობა- ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის განსაზღვრა, რამდენადაც, აღნიშნული არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული წესის ნამდვილი შინაარსიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე