Facebook Twitter

საქმე #330310016001488582

საქმე Nბს-1214-1208 (კ-17) 27 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები: გ. ხ-ი, ო. გ-ი, დ. გ-ი, რ. ა-ა, ე. ი-ი, ი. ა-ი, თ. ლ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ხ-მა, ო. გ-მა, დ. გ-მა, რ. ა-ამ, ე. ი-მა, ი. ა-მა და თ. ლ-ემ 2016 წლის 31 აგვისტოს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2008 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტიდან გამომდინარე, გ. ხ-ის, ო. გ-ის და ე. ი-ის მიმართ არსებული, თითოეულისათვის, არაუმეტეს 40 კვ.მ ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების შესრულების დაკისრება, ხოლო 2007 წლის 3 მაისს გაფორმებული კონტრაქტიდან გამომდინარე, დ. გ-ის, რ. ა-ას, ი. ა-ის და თ. ლ-ის მიმართ არსებული, თითოეულისათვის არაუმეტეს 40 კვ.მ ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების შესრულების დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. ხ-ის, ო. გ-ის, დ. გ-ის, რ. ა-ის, ე. ი-ის, ი. ა-ის, თ. ლ-ის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება თითოეულისათვის 500-500 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის, ო. გ-ის, დ. გ-ის, რ. ა-ის, ე. ი-ის, ი. ა-ისა და თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, 2008 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად გ. ხ-ს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა არაუმეტეს 40 კვ.მ ფართით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, 2008 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად ო. გ-ს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა არაუმეტეს 40 კვ.მ ფართით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, 2007 წლის 3 მაისს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად დ. გ-ს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა არაუმეტეს 40 კვ.მ ფართით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, 2007 წლის 3 მაისს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად რ. ა-ს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა არაუმეტეს 40 კვ.მ ფართით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, 2008 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად ე. ი-ს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა არაუმეტეს 40 კვ.მ ფართით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, 2007 წლის 3 მაისს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად ი. ა-ს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა არაუმეტეს 40 კვ.მ ფართით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, 2007 წლის 3 მაისს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად თ. ლ-ეს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა არაუმეტეს 40 კვ.მ ფართით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და

სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ო. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და

სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და

სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და

სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ე. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და

სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და

სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის სხვადასხვა დროს გაფორმდა კონტრაქტები, რომელთა 3.1 პუნქტის თანახმადაც, „სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს, რომლის ათვლაც დაიწყებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან. ამავე კონტრაქტის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5.1.9 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე უნდა დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ“.

კასატორის მითითებით, შემდგომში, თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმები, რომლებიც გახდა ძირითადი კონტრაქტის შემადგენელი ნაწილი და ძირითადი კონტრაქტის დებულებებთან მიმართებაში მიენიჭა უპირატესობა. აღნიშნული შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ „კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდება და განისაზღვრება 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან“. ამდენად, მოსარჩელეების მიმართ ძირითადი კონტრაქტის 3.1 პუნქტით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა გახდა 10 წელი, რომელიც, ნაცვლად 2012-2013 წლებისა მთავრდებოდა 2017-2018 წლებში შესაბამისად, მოსარჩელეების მიმართ კონტრაქტის 5.1.9 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს ვალდებულება საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე დადგებოდა 2016-2017 წლებში ხოლო უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება კი 2017-2018 წლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც,

საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ხელშეკრულებები, რომელსაც ჰქონდა მბოჭავი ძალა და იგი უნდა შესრულებულიყო მათ მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი 2007 წლის 3 მაისისა და 2008 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულებების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული შეთანხმებების ოქმებით გაგრძელდა 10 წლამდე, არ ადასტურებს ამავე ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გადავადებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე. კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის დრო გადაიწევს ამ გაგრძელებული ვადის შესაბამისად. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ეს პირობა თითოეული მოსარჩელისათვის უცვლელი დარჩა. სადავო არ არის, რომ მოსარჩელეებმა ხელშეკრულების პირველ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, 5 წლის განმავლობაში იმსახურეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად, რაც ქმნის 5.1.9. პუნქტის საფუძველზე საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი, რომლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა. მოცემული ნორმა შეიცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების დაცულობის გარანტიას, იმ შემთხვევებისათვის, თუკი ხელშეკრულების პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მაშინ ეს პირობა ბათილია და ძალა არა აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ასევე შეცვალონ შეთანხმებული პირობები, რა დროსაც შესაძლოა ერთი-ერთი მხარისათვის გაუარესდეს მდგომარეობა, თუმცა ასეთი გაუარესება უნდა ემყარებოდეს მხარეთა თავისუფალ ნებას. ხელშეკრულების პირობების გაუარესებად, განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა არ შეიძლება მოვიაზროთ საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების გადაწევა. მოსარჩელეებსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ კონტრაქტების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე 10 წლით, თუმცა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის დრო გადაიწევს ამ გაგრძელებული ვადის შესაბამისად. ამდენად, მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების ეს პირობა უცვლელი დარჩა. სადავო არ არის, რომ მოსარჩელეებმა ხელშეკრულების პირველ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, 5 წლის განმავლობაში იმსახურეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად, რაც ქმნის 5.1.9. პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველს. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე