Facebook Twitter

საქმე №330310016001395788

№ბს-1040-1034(კ-17) 24 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი _ ი. ნ-ი; წარმომადგენელი - ფ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; წარმომადგენლები - ო. ჯ-ე, გ. ჩ-ი, დ. ტ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 14 ივნისს ი. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე - ტ. დ. ძე ჩ-ე მუშაობდა ... რაიონის ...-ლ ქვეგანყოფილებაში უფროს ოპერრწმუნებულად, იყო პოლიციის კაპიტანი. 1991-1992 წლებში იბრძოდა სამაჩაბლოში. 1992 წელს გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ი. ნ-ი არის გარდაცვლილი ტ. დ. ძე ჩ-ის მეუღლე, მისი ოჯახის წევრი და მემკვიდრე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ტ. დ. ძე ჩ-ე (დაბადებული ...) გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის №1142644 წერილით განემარტა, რომ „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის 22-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამასთან, დამატებით ეცნობა, რომ „2016 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონიც არ ითვალისწინებდა წინა წლების ფაქტობრივი დავალიანების დასაფარად შესაბამის ასიგნებას, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპენსაციას ვერ აანაზღაურებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის №1142644 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - ი. ნ-ის მეუღლის - ტ. ჩ-ის 10 წლის ხელფასის - 14 108.40 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ტ. დ. ძე ჩ-ე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 1992 წლის 28 ივლისს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 14 დეკემბრის ცნობით, ტ. დ. ძე ჩ-ე გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მოსარჩელე ი. ნ-ი არის ტ. დ. ძე ჩ-ის მეუღლე.

მოსარჩელე ი. ნ-მა 2016 წლის 2 მარტს და 13 აპრილს განცხადებებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის №1142644 წერილით, მოსარჩელე ი. ნ-ს უარი ეთქვა კომპენსაციის ანაზღაურებაზე და განემარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი ვერ გავრცელდებოდა მის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევაზე, რადგან აღნიშნული ნორმის უკუძალას კანონი არ ითვალისწინებდა. ამასთან, „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის 22-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. თუმცა, ვინაიდან „2016 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონიც არ ითვალისწინებდა წინა წლების ფაქტობრივი დავალიანების დასაფარად შესაბამის ასიგნებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპენსაციას ვერ აანაზღაურებდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. მოთხოვნის უფლებაზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა მიზნად ისახავს სამართლებრივი სტაბილურობისა და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის 22-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ი. ნ-ის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა მისი მეუღლის - ტ. ჩ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების მომენტიდან - 1992 წლის 28 ივლისიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მითითებული კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის №1142644 წერილი არ ჩაითვლებოდა ზემოთ აღნიშნული ვალდებულების აღიარებად, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საბიუჯეტო სახელმწიფო დაწესებულებას, რომლის ხარჯებიც სახელმწიფო ბიუჯეტით - კანონით წესრიგდება, შესაბამისად, წინა წლის ვალდებულებების აღიარება და განსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტით უნდა იყოს პირდაპირ გათვალისწინებული, რათა მხარჯავ დაწესებულებას, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს, უფლება ჰქონდეს კონკრეტული ვალდებულება აიღოს. შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს მხოლოდ ინფორმაციას ვალდებულების ბიუჯეტის მიერ არ აღიარების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ი. ნ-ის მოთხოვნა „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის 22-ე მუხლის საფუძველზე, მის სასარგებლოდ ათი წლის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად აძლევს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინებით ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2016 წლის 28 ნოემბრის ცნობის თანახმად, ტ. ჩ-ის ოჯახისთვის გაცემული 1996 წლის 6 ივნისის №970 სალაროს ორდერის მიხედვით ანაზღაურდა დაკრძალვის ხარჯები - 776 ლარი. აღნიშნული თარიღიდანაც (1996 წლის 6 ივნისი) რომ აითვალოს ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა, სარჩელის წარდგენის დროისათვის მაინც გასულია. ამდენად, არ არსებობს ი. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო განჩინების მიღებისას დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლს, რომლის მიხედვით დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოცემული მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი. ნ-ის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა მისი მეუღლის გარდაცვალების მომენტიდან, 1992 წლის 28 ივლისიდან და რომ დღესდღეობით, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

კასატორის მითითებით, მართალია, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

კასატორის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის წერილი. კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული წერილი მოსარჩელისადმი არ იყო ვალდებულების აღიარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობის აღიარებისათვის საჭიროა წერილობითი ფორმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ვალდებულება აღიარა წერილობით.

კასატორის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა ვალდებულება, თუმცა მისი შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელა თანხების არარსებობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადის ათვლა ვალდებულების აღიარებისას იწყება თავიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეების ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ტ. დ. ძე ჩ-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 1992 წლის .... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 14 დეკემბრის ცნობით, ტ. დ. ძე ჩ-ე გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მოსარჩელე ი. ნ-ი არის ტ. დ. ძე ჩ-ის მეუღლე.

ი. ნ-მა 2016 წლის 2 მარტს და 13 აპრილს განცხადებებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის №1142644 წერილით, ი. ნ-ს უარი ეთქვა კომპენსაციის ანაზღაურებაზე და განემარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი ვერ გავრცელდებოდა მის ამოქმედებამდე მომხდარ შემთხვევაზე, რადგან აღნიშნული ნორმის უკუძალას კანონი არ ითვალისწინებდა. ამასთან, მიეთითა, რომ „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის 22-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ი. ნ-ს დამატებით ეცნობა, რომ „2016 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონიც არ ითვალისწინებდა წინა წლების ფაქტობრივი დავალიანების დასაფარად შესაბამის ასიგნებას, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპენსაციას ვერ აანაზღაურებდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებიდა და სწორად განმარტა იგი.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. პოლიციელის სოციალური დაცვის საკითხები განსაზღვრულია აღნიშნული კანონის მე-8 თავით, რომლის შესაბამისად, პოლიციელის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. უზრუნველყოფილია პოლიციელის სავალდებულო ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სახელმწიფო დაზღვევა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მიღებული ჭრილობების შედეგად დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის სოციალური დაცვის პირობები განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლში, რომლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ხოლო ამავე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, ხოლო მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია პირები, ვისაც ამ კანონის შესაბამისად აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება ანუ განსაზღვრულია ამ კანონის სუბიექტები, ასევე მითითებულია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდგომ პერიოდზე (კანონის უკუძალა), „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 221 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პოლიციელის სოციალური უფლებები ასევე განსაზღვრული იყო მოსარჩელის - ი. ნ-ის მეუღლის - ტ. ჩ-ის გარდაცვალების დროს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტითაც, რომლის 22-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი. ნ-ის მეუღლე ტ. ჩ-ე გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და იგი წარმოადგენს აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარების სუბიექტს, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ ი. ნ-ს, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ტ. ჩ-ის ოჯახის წევრს, არ მიუღია მისი გარდაცვალების დროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება - 10 წლის ხელფასის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც მოსარჩელე ხდის სადავოდ, რომ მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრს კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენასაციის ანაზღაურების მოთხოვნით არ მიუმართავს, მან აღნიშნულის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებით მიმართა მხოლოდ 2016 წლის 2 მარტს და 13 აპრილს, რომელზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის №1142644 წერილობითი მიმართვით, კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.

საქმეში წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2016 წლის 28 ნოემბრის ცნობის შესაბამისად, დასტურდება, რომ ტ. ჩ-ის ოჯახისთვის გაცემული 1996 წლის 6 ივნისის №970 სალაროს ორდერის მიხედვით ოჯახს აუნაზღაურდა დაკრძალვის ხარჯები 776 ლარი.

როგორც აღინიშნა, განსახილველი დავის საგანს კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის №1142644 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - ი. ნ-ის მეუღლის ტ. ჩ-ის 10 წლის ხელფასის - 14 108.40 ლარის ანაზღაურების დავალება წარმოადგენს, რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით ეთქვა უარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული 100 000 ლარი წარმოადგენს ერთჯერად კომპენსაციას, რომელთან დაკავშირებითაც კანონი უკუძალას არ ადგენს, ის ძველ ურთიერთობაზე ვერ გამოიყენება. ამასთან, მოსარჩელეს - ი. ნ-ს არც 14 108.40 ლარი ეკუთვნის, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულია. რაც შეეხება ყოველთვიურ კომპენსაციას 1000 ლარის ოდენობით, რომელიც ეძლევა ოჯახის წევრს, მასთან დაკავშირებით უკუძალა დაადგინა კანონმა და მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ფაქტი, რომ მოსარჩელე ი. ნ-ი იღებს ყოველთვიურ კომპენსაციას 1000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის (ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა) შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით რეგლამენტირებული ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, სახეზეა აღნიშნული კოდექსის 144-ე მუხლის (ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ მოვალეობის შესრულებას უთანაბრდება მოვალის დაპირება - ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ თუ ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა და დაჰპირდა გადახდას, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა მხარის შესაბამისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციისათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვალის აღიარების თაობაზე და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 10 მაისის №1142644 წერილი ვერ განიხილება ვალდებული პირის აღიარებად და ამდენად, ხანდაზმულობის დენის ხელახალი დაწყების საფუძვლად. იმისათვის, რომ ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვალდებულების აღიარება, საკმარისი არ არის რომ აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული იყოს პირის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დავალიანების არსებობა. მასში გამოხატული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ნება, მოცემული უნდა იყო დაპირება, რომ სამომავლოდ ადმინისტრაციული ორგანო აანაზღაურებს დავალიანებას. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებულ ზემოაღნიშნულ წერილში მოცემულია მხოლოდ ფაქტის კონსტანტაცია, რომ „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის 22-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, თუმცა ვინაიდან „2016 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა წინა წლების ფაქტობრივი დავალიანების დასაფარად შესაბამის ასიგნებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპენსაციას ვერ აანაზღაურებდა. აღნიშნული არ შეიცავს იმ დაპირებას, რომ ი. ნ-ს მიუღებელი კომპენსაცია აუნაზღაურდებოდა, რის გამოც ეს წერილი სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ინფორმაციული ხასიათის შემცველ წერილად.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2016 წლის 14 ივნისს, „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის 22-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - ი. ნ-ის მეუღლის ტ. ჩ-ის ათი წლის ხელფასის - 14 108.40 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე ი. ნ-ის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა მისი მეუღლის - ტ. ჩ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების მომენტიდან - 1992 წლის ...-დან, რის გამოც ი. ნ-ს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი