საქმე №330310015001137150
№ბს-1034-1028(კ-17) 19 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „...“
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 29 ოქტომბერს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 ბრძანების საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო №31961 ბრძანების საფუძველზე - 6000 ლარის ოდენობით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და დადგინდა, რომ ადრესატმა დაარღვია შემოსასვლელში, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფის ვალდებულება. მოსარჩელემ აღნიშნული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა მასში არ არის ნამსჯელი და დასაბუთებული, რატომ არ მიიჩია შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული საქმე ორმაგი პასუხისმგებლობის შემთხვევად.
მოსარჩელის განმარტებით, ტექნიკური პრობლემა და ჩანაწერის წყვეტა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი ტექნიკური ხარვეზის გამო. აღნიშნული მაინც იქნა მიჩნეული სამართალდარღვევად და ერთი და იმავე ე.წ. სამართალდარღვევისათვის შპს „...“ ორჯერ დაეკისრა პასუხისმგებლობა, კერძოდ, როგორც სათამაშო აპარატების სალონს - 3000 ლარის ოდენობით და როგორც ტოტალიზატორს - 6000 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ შპს „...“ სათამაშო აპარატების მოწყობისა და ტოტალიზატორის მოწყობისთვის სხვადასხვა ნებართვა მიეცა, ორივე ბიზნესს ერთი პირი (შპს „...“) მართავს, ორივე დარბაზი ერთ შენობაშია განთავსებული და შესაბამისად, ორივესათვის ერთი საერთო გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობას ახორციელებს მესაკუთრე. აღნიშნული კამერის მომენტალური ტექნიკური გაუმართაობისათვის კი ერთი პირი ორჯერ დაჯარიმდა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და დაცულია პრინციპი, რომლის მიხედვით, დაუშვებელია ერთი და იმავე სამართალდარღვევისათვის პირის ორჯერ ან მეტჯერ პასუხისმგებლობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი აღნიშნული პრინციპი უგულებელყოფილია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შპს „...“ ჯარიმის დაკისრების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 და №31961 ბრძანებებისა და შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანება და მოპასუხეს - შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ტოტალიზატორის მოწყობა, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ასევე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ ფლობს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვას - №19-06/118 და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას - №12-05/188.
სასამართლოს მითითებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისთვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს - სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 2 მაისს შემოწმებულ იქნა შპს „...“ (ს/ნ ...). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით მიღებული ჩანაწერები ინახებოდა 2015 წლის 7 აპრილიდან. ამასთან, აღნიშნულ ჩანაწერებში წყვეტა ფიქსირდება 2015 წლის 29 აპრილს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 8 მაისის №15486 ბრძანებით, შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 14 აგვისტოს შემოწმდა სათამაშო აპარატების სალონი (ნებართვა №19-06/118) - შპს „...“ (ს/ნ ...). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეული იყო ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერის უწყვეტობა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებულ ჩანაწერებში წყვეტა ფიქსირდება 2015 წლის 3 და 11 აგვისტოს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 ბრძანებით, შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა - 3000 ლარით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს - ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 2 მაისს შემოწმდა ტოტალიზატორი შპს „...“ (ს/ნ ...). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით მიღებული ჩანაწერები ინახებოდა 2015 წლის 7 აპრილიდან. ამასთან, აღნიშნულ ჩანაწერებში წყვეტა ფიქსირდება 2015 წლის 29 აპრილს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 8 მაისის №15491 ბრძანებით შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 ლარით. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 14 აგვისტოს შემოწმდა ტოტალიზატორი (ნებართვა №12-05/188) - შპს „...“ (ს/ნ ...). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეული იყო ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერის უწყვეტობა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებულ ჩანაწერებში წყვეტა ფიქსირდება 2015 წლის 3 და 11 აგვისტოს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31961 ბრძანებით, შპს „...“ (ს/ნ ..., მდებარე ქ. ბათუმი, ... ქუჩა №..., სასტუმრო „...“ პირველი სართული, კომერციული ფართი №1, დარბაზი №2) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 6000 ლარით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცდა „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებსა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“, რომელიც განსაზღვრავს, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებსა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასა და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. აზარტული თამაშობების ადგილებია: სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი, ხოლო სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილებია: ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელებში და გარე პერიმეტრზე ახდენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას, ხოლო ამავე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს ეკისრება გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შემოწმების ობიექტს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე, მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ ერთდროულად მოიცვას დარბაზის მთელი სივრცე და შესაძლებელი იყოს დარბაზში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. მე-3 პუნქტის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სალაროსთან უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს სალაროსთან მისული პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შემოსასვლელებში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შემსვლელი და გამსვლელი პირის ვიზუალური დანახვა და იდენტიფიკაცია. მე-5 პუნქტის მიხედვით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით წარმოებული დაკვირვების ზონა სრულად უნდა მოიცავდეს ფეხით მოსიარულეთა გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობა.
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს, ხოლო 71 პუნქტის შესაბამისად, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე, მე-8 პუნქტის მიხედვით კი აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ვიდემეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა აზარტული თამაშობების ობიექტზე უნდა განათავსოს არანაკლებ ერთი მონიტორი, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი.“ აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობის დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია თუ არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონის დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს თუ არა მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად; ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე არანაკლებ 30 დღის ვადით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სათამაშო აპარატების სალონი (ნებართვა №19-06/118) და ტოტალიზატორი (ნებართვა №12-05/188) - შპს „...“ (ს/ნ ...) შემოწმებულ იქნა 2015 წლის 14 აგვისტოს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეული იყო ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერის უწყვეტობა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებულ ჩანაწერებში წყვეტა ფიქსირდება 2015 წლის 3 და 11 აგვისტოს.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ სანებართვო პირობების დარღვევის დადგენისას შეფასებული უნდა იქნეს ნებართვის მფლობელი პირის ბრალეულობა სანებართვო პირობების დარღვევაში.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითების თანახმად, შპს „...“ მიერ შეძენილი და დამონტაჟებულია ის აპარატურა, რომელიც ჩაწერის ფუნქციას ასრულებს, თუმცა ჩანაწერებში დაფიქსირებული წყვეტა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით. ტექნიკური ხარვეზი გამოიწვია ელექტროენერგიის შეწყვეტამ და ასევე იმ გარემოებამ, რომ ალტერნატიული საშუალება არ ჩაირთო, თუმცა ეს არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალეული ქმედებით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არ მომხდარა გადაწყვეტილების მიღება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა კი გულისხმობს არა მხოლოდ საქმეზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მოძიებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში თავად უნდა გამოეკვლია ვიდეოჩანაწერებში არსებული წყვეტა რამდენად იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალეული ქმედებით, მართლა ჰქონდა თუ არა 2015 წლის 3 და 11 აგვისტოს, იმ პერიოდში, როდესაც ვიდეოჩანაწერში ფიქსირდებოდა წყვეტა, ადგილი ელექტროენერგიის გათიშვას და რამდენი ხნით, აღჭურვილია თუ არა შპს „...“ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით და რამდენად გამართულად მუშაობს იგი, რა დრო არის საჭირო ალტერნატიული დენის წყაროს მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად. იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური დაადგენდა, რომ სახეზე იყო შპს „...“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, უნდა ემსჯელა და დაედგინა, იმ პირობებში, როდესაც შპს „...“ ფლობს, როგორც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვას - №19- 06/118, ისე ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას - №12-05/188, მაგრამ საქმიანობას ახორციელებს ერთ მისამართზე - ქ. ბათუმი, ... ქუჩა №..., სასტუმრო „...“ პირველი სართული, კომერციული ფართი №1, დარბაზი №2, შესაბამისად, გარე პერიმეტრს იღებს ერთი კამერა, მოსარჩელისათვის ორჯერ სახდელის დადებისას ერთი და იმავე დარღვევისათვის ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრებით, ხომ არ დაირღვეოდა მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ვინაიდან საქმის გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ეკისრება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთი მხრივ, დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 ბრძანება შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სანქციის - 3000 ლარის დაკისრების ნაწილში; შპს „...“ მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ ფლობს სათამაშო სალონის მოწყობის ნებართვას - №19-06/118 და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას - №19-05/188.
2015 წლის 14 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „...“ შემოწმდა ორივე ზემოაღნიშნული ნებართვის პირობებთან შესაბამისობის თვალსაზრისით და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეული იყო ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ჩანაწერის უწყვეტობა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებულ ჩანაწერებში წყვეტა ფიქსირდება 2015 წლის 3 და 11 აგვისტოს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 8 მაისის №15486 ბრძანებით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმებული იყო 1000 ლარით, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ 2015 წლის 14 აგვისტოს გამოვლენილი სამართალდარღვევა ჩაეთვალა განმეორებით ჩადენილად და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 ბრძანებით, შპს „...“ (ს/ნ ..., მდებარე ქ. ბათუმი, ... ქუჩა №..., სასტუმრო „...“ პირველი სართული, კომერციული ფართი №1, დარბაზი №2), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა - 3000 ლარით.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31961 ბრძანებით, შპს „...“ (ს/ნ ..., მდებარე ქ. ბათუმი, ... ქუჩა №..., სასტუმრო „...“ პირველი სართული, კომერციული ფართი №1, დარბაზი №2) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა - 6000 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განმეორება დაფიქსირდა ასევე ზემოაღნიშნულ გადაცდომასთან მიმართებაში, რამდენადაც იმავე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 8 მაისის №15491 ბრძანებით, შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმებული იყო 2000 ლარით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დავის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკითხის ხელახალი განხილვის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს, ჰქონდა თუ არა ადგილი ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტს, რა პერიოდულობით და დადებით შემთხვევაში, არსებობდა თუ არა ბრალის გამომრიცხავი გარემოებები. სააპელაციო სასამართლო საპროცესო დარღვევად აფასებს მტკიცების ტვირთის ცალსახად მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოზე გადაკისრებას და ამ ტვირთისაგან მოსარჩელის სრული მოცულობით გათავისუფლებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დენის მუდმივი წყაროთი უზრუნველყოფა წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის ვალდებულებას და ელ/ენერგიის ცენტრალური გამორთვა არ ათავისუფლებს მას სისტემის ენერგიის დამატებითი წყაროთი მომარაგების ვალდებულებისაგან, რა, წყვეტის ხანგრძლივობის გათვალისწინებით (შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მტკიცებულების საფუძველზე), სააპელაციო სასამართლოს არ აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ გამოვლენილი წყვეტა ტექნიკურად გამართლებულია და შესაძლებელია განპირობებული იყოს ელექტროენერგიის დამატებით წყაროზე გადართვით.
სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის დაცვას და აღნიშნული თვალსაზრისით მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ ეთანხმება და არ იზიარებს მის წინააღმდეგ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ღონისძიებებს, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თავადვეა ვალდებული წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის მიცემული შესაძლებლობის მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სასამართლოს წინაშე მსგავსი სახის მტკიცებულებების წარმოდგენა და თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება ერთი და იმავე დარღვევისათვის ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის შეფასების კუთხით პრინციპულია ის გარემოება, რომ შპს „...“ გვევლინება როგორც სათამაშო აპარატების სალონის, ისე ტოტალიზატორის მომწყობ პირად, მასზე გაცემულია ორი დამოუკიდებელი ნებართვა, შესაბამისად, დარღვევა დაფიქსირებულია ორი დამოუკიდებელი სანებართვო პირობის დარღვევისათვის.
„ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.4 მუხლის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. იმავე კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დაჯარიმების კანონით დადგენილ წესზე მითითება და გამოყენებული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ბუნება სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს სანქციის შეფარდების საკითხის გადაწყვეტის პროცესში იხელმძღვანელოს იმ ძირითადი პრინციპებით, რაც დადგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმის სპეციალურ კანონში განთავსება გავლენას არ ახდენს თავად გადაცდომის სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითებს ერთიანი პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საწარმოს მხრიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რომელიც გამოვლენილია ერთი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთი და იმავე დღეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე; თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის. აღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ სახდელის დადება უნდა მოხდეს „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, რასაც სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2017 წლის 19 ივლისს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული ხარვეზის გამოსწორება, იმ საფუძვლით, რომ სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ერთი და იმავე ბრძანების როგორც ბათილად ცნობის, ისე ძალაში დატოვების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების მესამე ნაწილის მესამე წინადადებაში: „შპს „...“ მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს“ ნაცვლად მიეთითა: „შპს „...“ მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31961 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი საუარესოდ შეაბრუნა, გაცდა რა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.
კასატორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ერთი მხრივ, სახეზეა შპს „...“, როგორც ტოტალიზატორის მომწყობი პირი და მეორეს მხრივ, შპს „...“, როგორც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ორგანიზატორი, რომლის სახელზედაც გაცემულია ორი დამოუკიდებელი ნებართვა, ვინაიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 38-ე და 39-ე პუნქტების მიხედვით, ორივე საქმიანობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია და შესაბამისად, დამოუკიდებელ სანებართვო მოწმობებს საჭიროებს. შემოწმებით გამოვლენილი ქმედების განხორციელებამ კი გამოიწვია სხვადასხვა ნებართვებით განხორციელებული საქმიანობით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, თუ მივიჩნევთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპი მოქმედებს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის“ არსებობის პირობებში, მოცემულ შემთხვევაზე მაინც არ იქნება მართებული 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის შეფარდება. იმ საფუძვლით, რომ სახეზეა არა ერთი, არამედ ორი ურთიერთდამოუკიდებელი ნებართვით განსაზღვრული პირობების დარღვევა, შესაბამისად, სახეზეა ორი ურთიერთდამოუკიდებელი სამართალდარღვევა.
რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, თითქოს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლოა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმტკიცებული „ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის (ne bis in idem)“ პრინციპი, აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მითითება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზეა დამყარებული. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპი სათავეს იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლიდან, აღნიშნულ მუხლთან დაკავშრებით მრავლადაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პრინციპი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლებრივი ქმედების არსებობის დროს. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კასატორს მიაჩნია, რომ „ne bis in idem“ პრინციპის გამოყენების სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები სახეზე არ არის.
კასატორის განმარტებით, ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაამახვილა ყურადღება და იმსჯელა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით განხორციელებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და მის გადაწყვეტილებაში დეტალურადაა განხილული ყველა ზემოაღნიშნული საკითხი. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ადგილი არ ჰქონია სზაკ-ის მე-5, 53-ე, 95-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას და არ არსებობდა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ შპს „...“ ჯარიმის დაკისრების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 და №31961 ბრძანებებისა და შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანება და მოპასუხეს - შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 ბრძანება შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სანქციის - 3000 ლარის დაკისრების ნაწილში; შპს „...“ მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31961 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით საქმე საუარესოდ შემოუბრუნა, გასცდა რა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის ანუ ამ საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი თუ იურიდიული დასაბუთებულობა სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებაში. საუარესოდ შემობრუნება, ე.ი. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა იმ ნაწილში, რომელიც აპელანტს არ გაუსაჩივრებია, ან ისე, როგორც მას არ მოუთხოვია - დაუშვებელია. აღნიშნული რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 384-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „...“ ჯარიმის დაკისრების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 24 აგვისტოს №31971 და №31961 ბრძანებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში შპს „...“ სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, მოსარჩელე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეემოწმებინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და თავისი გადაწყვეტილებით უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენა აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური, ვიდრე ის სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე იმყოფებოდა. სასამართლოს არ აქვს უფლება მხარე თავისი გადაწყვეტილებით ჩააყენოს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის სარჩელის, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრების წარდგენამდე იმყოფებოდა. აღნიშნული სასამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, სააპელაციო სასამართლო სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მხრიდან დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტას, მაგრამ თავად არ მსჯელობს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის №36274 ბრძანების კანონიერებაზე, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქალაქო სასამართლომ. უფრო მეტიც, მასზე არაფერია ნათქვამი არც გადაწყვეტილების სარეზოლიციო ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი