Facebook Twitter

№ბს-144-144(კ-18) 17 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 10 ივნისს რ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ „სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ..., რ. დ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - „სამსახურიდან გათავისუფლების“ გამოყენების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 მაისის №01-11/97 ბრძანების ბათილად ცნობა, რ. დ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... , რ. დ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - „სამსახურიდან გათავისუფლების“ გამოყენების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 მაისის №01-11/97 ბრძანება; რ. დ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... თანამდებობაზე; რ. დ-ეს აუნაზღაურდა მოპასუხის მიერ ნაცდური ხელფასი, ყოველთვიური 1100 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და 2016 წლის 7 სექტემბრის საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დავით ბენდელიანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აგვისტოს განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში და რ. დ-ეს დაუბრუნდა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 მაისის №01-11/97 ბრძანების კანონიერება, რომლითაც აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... - რ. დ-ე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №504319 მოხსენებით ბარათის საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

დადგენილია, რომ რ. დ-ე 2010 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, 2012 წლის 31 დეკემბრიდან სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... თანამდებობაზე. აღნიშნულ პოზიციაზე ... სამსახურებრივი უფლებამოსილებები განისაზღვრება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №239 ბრძანებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა მიმართ წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით“, რომლის თანახმად, ის უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო- ტექნოლოგიურ მომსახურებას, დამატებით ევალება windows server-ის საფუძვლების ცოდნა, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ტექნიკური გამართვის უნარი, Microsoft-ის ოპერაციული სისტემების მართვის უნარი და ქსელის საფუძვლიანი ცოდნა. მოსარჩელემ დაადასტურა მის მიერ ამ უფლებამოსილებების შესრულების ვალდებულება. სადავო აქტით რ. დ-ის კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არ დამდგარა და არც სადავო გამხდარა. მისი სამუშაოდან განთავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობას ან არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ ჩვევებს არ უკავშირდება.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის სწორად შეფარდებისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის (ბრალეული ქმედება) დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. დ-ის მიმართ ადრე, მისი სამინისტროში მუშაობის პერიოდში, არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხიმგებლობის ღონისძიება და შესაბამისად, არც სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 13 მაისის №01-11/97 ბრძანების გამოცემის დროს მოქმედებდა მის მიმართ დისციპლინური პასუხიმგებლობის რომელიმე ზომა.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გაიზიარა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა. კერძოდ: არსებობდა ინფორმაციის დაცვის უკეთესი, ალტერნატიული ტექნიკური საშუალება, რაც გამოიხატება ინფორმაციის სერვერზე განთავსებაში, თუმცა, ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელის პირდაპირ უფლებამოსილებაში მსგავსი ფუნქცია არ შედიოდა და არც დაწესებულების ხელმძღვანელს მიუღია გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცილებით მაღალი სტანდარტით დაცულობის ღონისძიებათა გასატარებლად.

დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის დამატებითი, პრევენციული ღონისძიების გატარება, თუკი აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით დაკისრებული არა აქვს შესაბამის მოხელეს, მისი წინდახედულობისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივი აქტით რ. დ-ის ფუნქციაში არ შედიოდა რა

კომპიუტერული ინფორმაციის სერვერზე განთავსება, აღნიშნულის შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გამხდარიყო. ამასთან, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფაილების სერვერზე განთავსება არ წარმოადგენს მათი წაშლის თავიდან აცილების აბსოლუტურ საშუალებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრეს ზომას და მისი გამოყენების აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს, ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რ. დ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, საჯარო სამსახურის დასახული კანონიერი მიზნის რამდენად თანაზომიერი და ქმედების პროპორციული იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი