Facebook Twitter

#ბს-1169-1163(გ-17) 8 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ შპს „...“

მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 19 სექტემბერს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს #212396 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შპს „...“ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს „...“ სარჩელი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სასამართლოს მითითებით, ხსენებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა არის: ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს #212396 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს შპს „...“ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემა. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავა ეხება დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას.

სასამართლომ მიუთითა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, განსაკუთრებით, თუ დავა ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას, განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენდა სიღნაღის რაიონული სასამართლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებას და 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „...“ სარჩელი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სიღნაღის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ მოცემულ დავასთან მიმართებით გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგისლსამყოფელის მიხედვით. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის, მოპასუხის და მესამე პირის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით სარჩელის შეტანა მოსარჩელის უფლებაა და არა ვალდებულება და მოსარჩელეს უფლება ჰქონდა სარჩელი შეეტანა საერთო განსჯადობის წესით იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დავა არ ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას. მიწის მინაკუთვნი - ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორიაა და კანონის შესაბამისად, წიაღისეული სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. საკითხი ეხება წიაღის მოპოვების უფლების მიღებას და არა მიწაზე ან სხვა უძრავ ქონებაზე დავას.

სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „...“ მიერ აღძრულ სარჩელში სამართლებრივ დავის საგანს წარმოადგენს არა დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტი და სად მდებარეობს უძრავი ქონება, არამედ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ადმინისტრაციული ორგანო და ეს სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. შესაბამისად, ერთი დონის სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად, შპს „...ს“ სარჩელი გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

განსახილველ საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს #212396 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შპს „...“ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის დავალება მოითხოვა.

ამდენად, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან და მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის მიზანს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ სად მდებარეობს უძრავი ქონება, არამედ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტზე (რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, განსაკუთრებით, თუ დავა ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას, განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით) და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან, დავა არ ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას, საკითხი ეხება წიაღის მოპოვების უფლების მიღებას. მიწის მინაკუთვნი - ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორიაა და კანონის შესაბამისად, წიაღისეული სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს უძრავ ნივთთან დაკავშირებული სარჩელი და სადავოა მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რის გამოც მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლითა და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სიღნაღის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „...“ სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი